[:ka]ჩინეთის მთები [:]

0
5066

[:ka]

ჩინეთი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გადაჭიმული, სადაც უამრავი, მართლაც რომ გასაოცარი მთაა. ყოველ წელს უამრავი ადამიანი სტუმრობს ჩინეთს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ამ მთების მოსანახულებლად. მათ შორის აღსანიშნავია ხუანგშანი, ევერესტი, ლუშანი, ემეიშანი და უთაიშანი.

ხუანგშანი (ყვითელი მთა) მთათა სისტემაა აღმოსავლეთ ჩინეთში, ანხუის პროვინციის სამხრეთ ნაწილში. გამოირჩევა მშვენიერი პეიზაჟებითა და გამოკვეთილი გრანიტის მწვერვალებით. მთათა სისტემა მრავალ მწვერვალს მოიცავს, ზოგიერთი მათგანის სიმაღლე 1000 მეტრია ზღვის დონიდან. ხუანგშანი მრავალჯერ ყოფილა ტრადიციული ჩინური მხატვრობისა და ლიტერატურის შთაგონების წყარო, ისევე როგორც თანამედროვე ფოტოგრაფიის. დღეს იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლსა და ჩინეთის ერთ-ერთ უმთავრეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ცინის დინასტიის ზეობისას მთების სახელწოდება იშანი იყო, თანამედროვე სახელი მას 747 წელს პოეტმა ლი პაიმ უწოდა. ხუანგშანის მწვერვალები ხშირად ღრუბლებს ზემოთ ექცევიან და შესანიშნავ სანახაობას, ე.წ ღრუბლების ზღვას ქმნიან, რომელიც უზომოდ შთამბეჭდავია და უამრავ ტურისტს იზიდავს.

ევერესტი ჰიმალაის მთებში, ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მდებარეობს. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 8 848 მეტრს შეადგენს და უმაღლესია მსოფლიოში. ევერესტს პირამიდის ფორმა აქვს, სამხრეთი კალთა უფრო ციცაბოა, თოვლი არ ჩერდება და გაშიშვლებულია. ევერესტი პირველად დაიპყრეს 1953 წლის 29 მაისს ინგლისელი ჯ. ჰანტის ექსპედიციის წევრებმა: ტენცინგ ნორგეიმ და ედმუნდ ჰილარიმ. სახელის დარქმევა ერთგვარი პრობლემა გახდა. კანდიდატებს შორის ბევრი ადგილობრივი სახელი იყო, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მრავალსაუკუნოვანი სახელი ტიბეტში, ჯომოლუნგმა. ნეპალში კი მთას დღემდე საგარმატხას ეძახიან. ბოლოს ენდრიუ ვომ განაცხადა, რომ ადგილობრივი სახელების სიმრავლე გაართულებდა მათ შორის ერთ–ერთის არჩევას, ამიტომ ჯორჯ ევერესტის პატივსაცემად წარადგინა ევერესტის სახელწოდება. საგულისხმოა, რომ მთის ზუსტი სიმაღლე სწორედ ევერესტმა განსაზღვრა.

ლუშანი მთის მასივი და ეროვნული პარკია ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ამ ოვალური ფორმის მასივის სიგრძე 25 კმ-ია, სიგანე 10 კმ, უმაღლესი მწვერვალი ზღვის დონიდან 1 474 მეტრზე მდებარეობს. მასივი ასზე მეტ მწვერვალსა და უამრავ ჩანჩქერს მოიცავს. მწვერვალი  წელიწადში 200 დღე ღრუბლებშია გახვეული. პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე ბუდისტური სკოლა და ტაძარი მდებარეობს. 1996 წელს იუნესკომ ლუშანის ეროვნული პარკი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ემეიშანი ჩინეთის დასავლეთ ნაწილში, ს’ჩუანის პროვინციაში, მდებარეობს. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 3 099 მეტრია და უმაღლესია ჩინეთის ოთხ ბუდისტურ წმინდა მთას შორის. მთის მიმდებარე ტერიტორია დაფარულია ვულკანური კლდეებით. XVI-XVII საუკუნეების წყაროები ემეიშანის მონასტრებში სამხედრო ხელოვნების გავრცელებას ადასტურებენ, მათ შორისაა შაოლინის მონასტერიც, როგორც ჩინური კრივის ჩასახვის ადგილი. ძვ. წ. I საუკუნეში აქ პირველი ბუდისტური ტაძარი აშენდა მთელი ჩინეთის მასშტაბით. 1996 წელს იუნესკომ ემეიშანი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

უთაიშანი ერთ-ერთია ჩინური ბუდიზმის ოთხი წმინდა მთიდან და მდებარეობს ჩინეთის შანსის პროვინციაში. მთაზე განლაგებულია 53 უმნიშვნელოვანესი მონასტერი. უთაიშანი სიბრძნის ბოდჰისატვა მანჯუშრის საცხოვრებლად მიიჩნევა. მთაზე წარმოდგენილი არქიტექტურა ძირითადად ხისგანაა ნაგები. უმთავრესი ორი მონასტერი ახ. წ. 782 – 857 წლებში აშენდა და მხოლოდ 1937-1938 წლებში იქნა აღმოჩენილი. 2000 წელს იუნესკომ უთაიშანის მთაც მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

[:]