საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩომ მიღება გამართა

0

გუშინ, 29 სექტემბერს თბილისში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 68 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. ღონისძიება საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მიერ ჩატარდა. მიღებას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

პრემიერთან ერთად, მიღება საზეიმოდ გახსნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ძი იენჩიმ. სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა საქართველო – ჩინეთს შორის მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრა და ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო, ეკონომიკურ, ტურისტულსა და კულტურულ პოტენციალს გაუსვა ხაზი. საუბრისას, პრემიერმა ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინფინგის ინიციატივაზეც “სარტყელი და გზა” გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ წინ კიდევ  მრავალი საინტერესო პროექტია. “განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ქმნის ხელშეკრულება, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ მოეწერა ხელი, ეს არის ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის და მნიშვნელოვნად გააღრმავებს ჩვენს შორის თანამშრომლობას,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც საქართველოსთვის უმსხვილეს ეკონომიკურ ინვესტორს წარმოადგენს. მისივე თქმით, საქართველოს კარი მუდმივად ღიაა ჩინური ინვესტიციების, ახალი ბიზნეს იდეებისა და ინოვაციებისათვის.

,,საქართველოს ხელისუფლების მაღალ პრიორიტეტებს შორისაა ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება და პროექტ ,,სარტყელი და გზა“ ფარგლებში ჩვენი ერთიანი ხედვის ხორცშესხმა. 2015 წელს, ჩვენმა მთავრობამ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს” წარმატებით უმასპინძლა და დიდი სიამოვნებით უნდა აღვნიშნო, რომ წელს, 28-29 ნოემბერს, თბილისი უმასპინძლებს “სარტყელი და გზის” მეორე ფორუმს,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

29 სექტემბერს გამართული მიღებისას სინომედიის ჯგუფთან საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ისაუბრა. ჩვენთან ინტერვიუში, საგანელიძემ იმ მიმდინარე წარმატებულ პროექტებს გაუსვა ხაზი, რომელიც ამჟამად არსებობს ჩინეთ – საქართველოს შორის. მოგახსენებთ, რომ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი 2 კვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთში.

“მქონდა ბედნიერება, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ერთბაშად სამი დელეგაციის ხელმძღვანელი ვყოფილიყავი. ერთი იყო საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის, ქართული ოცნების პარტიის პოლიტსაბჭოს დელეგაცია. მეორე დელეგაცია იყო საპარტნიორო ფონდის დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ მოგვეცა საშუალება სიანის ფორუმზე წარგვედგინა პრეზენტაცია, ხოლო ამის შემდეგ, ქალაქ კუანგჭოუში გაგვეხსნა საპარტნიორო ფონდის პირველი ოფისი. ასევე, ჩინეთში ვიზიტისას გახლდით „პაპსეკის“ – საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც არის შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ასამბლეა. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ვიმყოფებოდით სიანში, კუანგჭოუში, შანხაისა და პეკინში,” – განაცხადა დავით საგანელიძემ.

მისივე თქმით, სამივე დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა ჩინეთის წამყვან მსხვილ კომპანიებთან და საწარმოებთან, აგრეთვე პოლიტიკურ წრეებთან.”პეკინში გვქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა პარტიის ლიდერებთან, რეფორმებისა და განვითარების კომიტეტთან, საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტთან. საინტერესო შეხვედრა გვქონდა ჩვენს პარტნიორ კომპანიასთან ხუასინგთან იგივე CEFC, რომელიც ითვლება შანხაის ნომერ პირველ კომპანიად”.ინტერვიუში მან ასევე ხაზი გაუსვა პეკინში, საპარტნიორო ფონდსა და კომპანია “სინოშუას” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას. მოგეხსენებათ, “სინოშუა” მსოფლიოს ნომერ პირველი სახელმწიფო სადაზღვეო კომპანიაა. მან საუბრისას, კიდევ ერთხელ გაიხსენა კუანგჭოუში გახსნილი საპარტნიორო ფონდის პირველი ოფისი და აღნიშნა, რომ ჩინური მხარის მხრიდან უკვე საკმაოდ დიდი დაინტერესება და შემოთავაზება მოდის.

საპარტნიორო ფონდმა, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ძიანგსუს პროვინციაში, ქალაქ ნანჩანში. “ჩვენ შევხვდით ქალაქის მერს, მმართველი პარტიის ხელმძღვანელობასა და ვიცე გუბერნატორს.  მოგეხსენებათ ჩვენ და ძიანგსუს პროვიცია უკვე 2 წელია ვმართავთ ბიზნეს ფორუმებს თბილისში. შარშან 50-ზე მეტი, წელს კი 100 – მდე კომპანია იყო ჩამოსული. ბევრი საუბარი და კონკრეტული გათვლები გვქონდა თუ როგორ შეიძლება გარდა პეკინისა, უკვე სამხრეთის მიმართულებითაც განვახორციელოთ პირდაპირი რეისები”.
ინტერვიუს ბოლოს, საგანელიძემ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა:

“საქართველო არა მარტო ჩინეთისთვის, არამედ ძალიან ბევრი ქვეყნისთვის გახდა საინტერესო. არ ვსაუბრობ ჩვენს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე, იმ საგადახადო რეჟიმზე, იმ საინვესტიციო გარემოსა და საერთაშორისო ინდექსებზე, რომლითაც საქართველო ყოველთვის 5 – ლში ხვდება, ასევე მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, რომელიც არსებობს ევროკავშირთან და დსთ – ს ქვეყნებთან. წლის ბოლოს ჩინეთში ძალაში შევა მაისში გაფორმებული ხელშეკრულება. ასევე, როგორც ევროპისთვის საქართველო გახდა საინტერესო ჩვენი ქვეყანა, ასევე ჩინეთისთვის გახდა საინტერესო, რათა ევროპასა, დსთ – ს ქვეყნებში  ჩინეთი იმ ტარიფებით შევიდეს რომელიც საქართველოს გააჩნია”.

სინომედიასთან საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით  ჯალაღანიამ კი განაცხადა:

“სარტყელი და გზა” ჩინეთის პრეზიდენტის მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, იგულისხმება, რომ მისი როლი, როგორც სატრანზიტო, სატრანსპორტო, თუ ენერგეტიკული პროექტების მონაწილე ქვეყნისა, აქამდეც არაერთხელ გამოჩენილა, იმ სარკინიგზო გადაზიდვებში, რომელიც ხორციელდება ჩინეთიდან ევროპისკენ და ამას საქართველოს რკინიგზა ახორციელებს. გარდა ამისა, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ქმნის კარგ საფუძველს, რომ ეს ინიციატივა განხორციელდეს საქართველოს აქტიური ჩართულობით, რადგანაც ყველაზე მოკლე და ეფექტური გზა არის ე.წ ცენტრალური მაგისტრალი. მე ვთვლი, რომ ძალზედ პერსპექტიული, საქართველოსთვის ძალზე მომგებიანი, საინტერესო ინიციატივაა, ძალიან მიხარია, რომ ჩინური მხარე ასე აღგვიქვამს, ასეთი მონდომებით და ასეთი მოლოდინით უყურებს ჩვენს მონაწილეობას.”

წელს, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე აღინიშნება.  ამასთან დაკავშირებით, როგორც საქართველოში, ასევე ჩინეთში რიგი ღონისძიებები იმართება ბიზნესის, ტექნოლოგიების, მრეწველობისა და სხვა დარგებში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

 

LEAVE A REPLY