[:ka]
ჩინეთის ტერიტორიის 1/8 უდაბნოებს უკავია. მათ შორის თავისი ზომითა და მშვენიერებით გამოირჩევიან გობის, ტაკლა-მაკანისა და ბადაინ ჯარანის უდაბნოები.
გობის უდაბნო მონღოლეთისა და ჩინეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და ხასიათდება ნახევარუდაბნოსა და უდაბნოს ლანდშაფტით. იგი გადაჭიმულია აღმოსავლეთით ალთაისა და ტიან-შანის მთებიდან დასავლეთით ჩრდილოეთ ჩინეთის ვაკემდე. ჩრდილოეთით უდაბნო გადადის მონღოლეთის სტეპში, ხოლო სამხრეთით შემოსაზღვრულია ნანშანის და ალტინტაგის მთებით, აგრეთვე მდინარე ხუანხეთი. სიტყვა „გობი“ მონღოლური წარმომავლობისაა და ნიშნავს „უწყლო ადგილს“. ცენტრალურ აზიაში ამ სიტყვით აღნიშნავენ ნახევარუდაბნოს და უდაბნოს ლანდშაფტებს. გობი თავისი ფართობით (1,295,000 კმ²) აზიის უდიდესი უდაბნოა.
ტაკლა-მაკანი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქვიშიანი უდაბნოა სინძიანის პროვინციაში, ფართობი დაახლოებით 270 000 კმ²-ს შეადგენს. მისი სიგრძე 1 000 კმ-ია, ხოლო სიგანე 400 კმ. უდაბნოს სამხრეთით ესაზღვრება კუნლუნის მთები, დასავლეთით – პამირის უდაბური მთები, ხოლო ჩრდილოეთით – ტიან-შანი. ბოლო წლებში ჩინეთის ხელისუფლებამ უდაბნოში საავტომობილო მაგისტრალი გაიყვანა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქებს ხოტანსა და ლუნთაის. ტაკლა-მაკანი ცივი უდაბნოა, რაც უპირველეს ყოვლისა ციმბირის სიახლოვის და შესაბამისად, იქიდან შემოჭრილი ცივი ჰაერის მასების დამსახურებაა. 2008 წლის ზამთარში, უდაბნო 4 სმ სისქის თოვლით დაიფარა, ხოლო ტემპერატურა -26 °C -ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს უდაბნო ფართოვდება.
ბადაინ-ჯარანის უდაბნო კანსუს, ნინგსია-ხუისა და შიდა მონღოლეთის პროვინციების ტერიტორიაზე მდებარეობს და მისი ფართობი 49 000 კმ²-ს შეადგენს. უდაბნოში მდებარეობს უძრავი, უმაღლესი დიუნები მთელს დედამიწაზე. ზოგიერთი მათგანის სიმაღლე 500 მეტრია. უდაბნო გამოირჩევა მიწისქვეშა წყლების სიმრავლით. კვლევებმა როგორც აჩვენა, ეს წყალი თოვლის ნადნობია და ასობით კილომეტრით დაშორებული მთებიდანაა მოსული. უდაბნო ასევე მოიცავს დიუნებს შორის მდებარე 100-მდე ტბას, რომელთაგან ზოგი მტკნარია, ზოგი კი მლაშე. სწორედ ამ ტბების გამო ეწოდა უდაბნოს ეს სახელი, რომელიც მონღოლურ ენაზე „უცნაურ ტბებს“ ნიშნავს.
[:]