ჩინელი ეკონომისტები გარკვეულ რჩევებს ელიან იაპონელი ექსპერტებისგან, რომელთაც საკუთარ თავზე გამოსცადეს სავაჭრო ომი 1990-იანი წლების ეკონომიკური სტაგნაციის პერიოდში. პეკინი შიშობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავალუტო გარიგება გამოიწვევს ექსპორტის შემცირებას.

19 მარტს, ჩინელი და იაპონელი კოლეგები პეკინში შეიკრიბნენ და დისკუსია გამართეს. ჩინეთის მთავრობა ცდილობს, მოლაპარაკებებით დაასრულოს სავაჭრო ომი აშშ-სთან, თუმცა მთავარია მათ თავიდან აიცილონ იაპონიის გამოცდილება, ე.წ. „დაკარგული ათწლეული“. 1980-იან წლებში, იაპონია ჩაერთო ხანგრძლივ სავაჭრო ომში აშშ-სთან, რასაც მოჰყვა სერიოზული ეკონომიკური სტაგნაცია. გასაკვირი არ არის, რომ პეკინში შიშობენ, აშშ-სთან არამომგებიანმა სავაჭრო შეთანხმებამ შეიძლება, მოვლენები მსგავსი ტრაექტორიით განავითაროს. ფაქტია, რომ ამ შემთხევაშიც ვაშინგტონი მოლაპარაკებების დროს განსაკუთრებულ ყურადღებას სავალუტო კურსსა და ბაზრის ხელმისაწვდომობაზე ამახვილებს.

ეკონომისტები ხშირად ავლებენ პარალელს იაპონიასთან. 1985 წელს “პლაზააკორდის” (Plaza Accord) შემდეგ, იაპონური იენის საბაზრო ღირებულება მკვეთრად გაიზარდა და 1988 წლისთვის მიაღწია 120 იენს ერთ აშშ დოლართან მიმართებაში, რაც 1971 წელს დაფიქსირებულ კურსთან შედარებით სამჯერ უფრო მეტი იყო. ამ ფაქტმა გამოიწვია საზღვარგარეთის ქვეყნებში  იაპონურ ექსპორტზე ფასების მკვეთრი ზრდა და კონკურენტუნარიანობის შემცირება. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ იაპონიის კრიზისი გაფრთხილება უნდა იყოს ჩინელი ხალხისთვის. ჩინეთსა და აშშ-ს შორის უკვე მიმდინაეობს მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი, რომელმაც შეიძლება დაასრულოს კიდეც სავაჭრო ომი, პარალელები კი უფრო და უფრო ნათელი ხდება ჩინეთისთვის.

ჩინელი მკვლევართა შორის ფართოდ გავრცელებული აღქმა ისაა, რომ პლაზას აკორდმა გავლენა იქონია იაპონიაში “საპნის ბუშტის ეკონომიკის გასკდომაზე”, რამაც გამოიწვია ეკონომიკური სტაგნაციის ათწლეულები. ამ დროს იაპონიამ შანსი დაკარგა აშშ-ს ეკონომიკას დაწეოდა. სწორედ ამიტომ, გასულ თვეს, იაპონიის ფინანსთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მასაჰირო კავაიმ განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები ჩინელ მაღალჩინოსნებსა და ეკონომისტებთან. 19 მარტს გამართული სიმპოზიუმი დაფინანსებული იყო ჩინურ-იაპონური მეგობრობის ფონდის სასაკავის მიერ, ხოლო ამ შეხვედრას აქტიურად უჭერდა მხარს ჩინელი ხალხის უცხოურ ქვეყნებთან მეგობრობის ასოციაცია, პეკინთან აფილირებული კომპანია, რომლის ხელმძღვანელიც ჩინეთის ყოფილი პრეზიდენტის, ლი სიანნიანის ქალიშვილი, ლი სიაოლინია.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ჩინეთის გარიგების დეტალები არ არის გამჟღავნებული, ჩინეთში არსებობს მოსაზრება, რომ აშშ “ახალ პლაზას შეთანხმებას” ითხოვს და ეს  იდეა გარკვეულ წინააღმდეგობას აწყდება ოფიციალურ წრეებში.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩინეთ-აშშ-ს სავაჭრო ომის განხილვა შესაძლებელია არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ გეოპოლიტიკურ და იდეოლოგიურ კონტექსტში, რასაც ვერ ვიტყვით აშშ-იაპონიის დავაზე. აშკარაა, რომ აშშ ჩინეთს აღიქვამს გლობალური მმართველის „ჩელენჯერად“. ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია შეთანხმების მიღწევა მოლაპარაკებების გზით. ეს იქნება ერთგვარი მესიჯი, რომ ჩინეთი აგრძელებს ღიაობის პოლიტიკას, შესაძლებელია კომპრომისებიც და დაძაბულობის მშვიდობიანად თავიდან აცილება.

ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს ყოფილი მკვლევარი და ახალ მიწოდებაზე ორიენტირებული ეკონომიკის აკადემიის პრეზიდენტი ძია ქანგი მიიჩნევს, რომ აშშ-ს მიერ ბაზარზე მეტი ხელმისაწვდომობის მოთხოვნამ და სტრუქტურულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა შეიძლება პოზიტიური გავლენა მოახდინოს შიდა პოლიტიკაზეც.

აღსანიშნავია, რომ ასებობენ ეკონომისტები, რომლებიც ვერ ავლებენ პარალელს ჩინეთისა და იაპონიის შემთხვევებს შორის. ისინი ეწინააღმდეგებიან მოსაზრებას, რომ „პლაზა აკორდმა“ გამოიწვია იაპონიის ეკონომიკური სტაგნაცია და ფიქრობენ, რომ ტოკიოს „შენელებულმა“ პოლიტიკამ გამოიწვია „საპნის ბუშტის“ გაჩენა საფონდო ბირჟაზე. თუმცა, გასათვალისწინებელია ჩინეთის მხრიდან, რომ სტაბილური სავალუტო კურსი არ ნიშნავს სტაბილურ ეკონომიკას. ზოგჯერ გაცვლითი კურსის ცვლილებაც სასარგებლოა.

LEAVE A REPLY