ჩინური კალენდრის მიხედვით, ჩინური ახალი წელი ანუ გაზაფხულის ფესტივალი“ 春节” წელს 25 იანვარს აღინიშნება.
ჩინური ლეგენდა მოგვითხრობს, რომ წელიწადში ერთხელ ჩინეთის ერთ-ერთ სოფელს ურჩხული სტუმრობდა, რომელიც ბავშვებითა და ცხოველებით იკვებებოდა. სოფლის მცხოვრებლებმა საკვები მას გარეთ დაუტოვეს იმის ნიშნად, რომ ურჩხულს აღარ შეეჭამა ბავშვები და პირუტყვი, მაგრამ ერთადერთი რამ რის გამოც ურჩხულმა უკან დაიხია, წითლებში შემოსილი ბავშვი იყო. აღნიშული ლეგენდის მიხედვით, ხალხმა აქედან დაიწყო ფესტივალის აღნიშვნა, რომელიც უხვი წითელი ფერით გამოირჩეოდა, გამოირჩევა დღესაც და მტერზე გამარჯვების, გადარჩენის, მშვიდობისა და სიხარულის მომტანი ფერია.
გაზაფხულის ფესტივალი მოძრავი დღესასწაული გახლავთ და მისი აღნიშვნის თარიღი მთვარის კალენდრის მიხედვით გამოითვლება. გაზაფხულის ფესტივალი ზამთრის ბოლო თვის ან გაზაფხულის თვის დასაწყის რიცხვებში აღინიშნება.
ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, 2020 წელი ვირთხის წელია, რომელიც 24 იანვარს შემოაბიჯებს. ჩინელების კულტურასა და აღქმაში, ვირთხა გონიერების, გამჭრიახობისა და მოხერხებულობის სიმბოლოა, იგი ინ-იანგის კონცეფციის მიხედვით, იანგს განეკუთვნება და ახალი დღის დასაწყისს წარმოადგენს. ჩინურ კულტურაში ვირთხას სიმდიდრისა და სიუხვის ნიშნად აღიქვამდნენ და მისი რეპროდუქციის მაჩვენებლის გამო, დაქორწინებული წყვილები მასზე ლოცულობდნენ და შვილიანობას ევედრებოდნენ.
ჩინელებისათვის გაზაფხულის ფესტივალი ოჯახური ერთიანობის აღნიშვნის დღესასწაულია, რომლის დროსაც მსოფლიოს რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იმყოფებოდეს ჩინელი, ის აუცილებლად დაბრუნდება საკუთარ სამშობლოში და შეუერთდება გაზაფხულის ფესტივალის აღსანიშნავად გაშლილ სადღესასწაულო სუფრას, რომელსაც ჩინელები “团聚”-ს (tuánjù) ეძახიან ანუ მთელი ოჯახის შეკრებას.
ახალი წლის დადგომამდე ერთი კვირით ადრე ჩინელებს “小年夜” (xiǎoniányè) აქვთ ანუ წინა საახალწლო მოსამზადებელი ღამე, რომელიც ასევე ტრადიციულად აღინიშნება ჩინეთში.
გაზაფხულის ფესტივალის დროს ერთ-ერთი საინტერესო ტრადიცია ჩინელებისთვის CCTV-ის სადღესასწაულო გალა კონცერტის ყურებაა. ამ დროს ოჯახის ყველა წევრი მოკალათებულია ტელევიზორთან და აღფრთოვანებით უყურებს საახალწლო ღონისძიებას.
ჩინური ახალი წელი, სადღესასწაულო სუფრის გარდა, გამოირჩევა მრავალფეროვანი ღონისძიებებით. ახალი წლის ღამით, ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით ფოიერვერკს, რომელიც ჩვენგან განსხვავებით უჩვეულო ფერებით ხასიათდება, ლომებისა და დრაკონების ცეკვას, რომელიც უდაოდ შთამბეჭდავია.
ძალიან საინტერესოა გაზაფხულის ფესტივალის წითელი კუპლეტები, რომლებიც სადღესასწაულო პერიოდში ყველა ოჯახის კარზე იკვრება და რომელზედაც ტრადიციულად წერია: ბედნიერება, მშვიდობა, კარგი ბედ-იღბალი ყოველ წელს ანუ ეს ის ჯადოსნური სიტყვებია, რომლებსაც ჩვენ ახალი წლის დადგომისას ვუსურვებთ ერთმანეთს, ჩინელები კი ამ ყველაფერს ტრადიციულად კარზე აკრავენ.
ჩინური ახალი წლის განუყოფელი ატრიბუტია “红包”(hóngbāo) ანუ ,,წითელი კონვერტი“, რომელსაც უფროსი თაობის წარმომადგენლები, დაოჯახებული წყვილები უმცროსი თაობის წარმომადგენლებსა და დასაოჯახებელ ადამიანებს ჩუქნიან. წითელ კონვერტში მოთავსებულია სიმბოლური თანხა, რომელიც ტრადიციის მიხედვით კეთილ საქმეში უნდა დაიხარჯოს.
წითელ ფერს ჩინურ კულტურაში ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. მაგალითად, გაზაფხულის ფესტივალის დროს, ჩინელები შინ და გარეთ წითელი ნაჭრის ლამპრებს კიდებენ, ასევე ცდილობენ ახალ წლის ღამით ახალი, წითელი ფერის ტანისამოსით შეიმოსონ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წითელი ფერი ლეგენდის მიხედვით, ბოროტი სულის ჩახშობისა და ბედნიერების მომტანი სიმბოლოა.
ჩინური ახალი წლის სუფრაზე აუცილებლად შეხვდებით “包子”(bāozi) ,”饺子”(jiǎozi), ე.წ. ცომის გუფთებს, ან პელმენებს რომლებიც საახალწლო სუფრის ატრიბუტებია. გაზაფხულის ფესტივალის მეორე დღეს, დილით, ოჯახის წევრები ერთმანეთს კვლავ ულოცავენ ახალ წელს და საჩუქრებს ჩუქნიან, მათ შორის არის წითელი კონვერტიც.