ჩინური ენა და დიალექტების მრავალფეროვნება

[:ka]

მოკლე ცნობები ჩინური ენის შესახებ. ჩინური ენა მიეკუთვნება სინო-ტიბეტურ ენათა ოჯახს და გვევლინება ხანის ეროვნების (ხანწუს) ნაციონალურ ენად, ანუ იმ ხალხის ენად, რომლებიც ჩინეთის მოსახლეობის 92%-ს შეადგენენ. თავად ჩინური ენის ერთ-ერთი სახელწოდება – ხანიუ (ხანების ენა) ეთნოსის სახელწოდებიდან მოდის. ჩინური ენა არის სახელმწიფო და სალაპარაკო ენა ჩინეთის მრავალეროვანი მოსახლეობისთვის.
წერილობითი ძეგლები მოწმობენ იმას, რომ ჩინური ენა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. წერილობითი ენა იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფდა კულტურული ტრადიციის უწყვეტობასა და უპირატესობას ჩინური ცივილიზაციის განვითარებისთვის მისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე. ენა დროთა განმავლობაში ვითარდებოდა, მაგრამ მის ძირითად მახასიათებლებს – გრამატიკულ ნორმებს, ბაზისურ ლექსიკას და სტრუქტურას ძირეული ცვლილება არ განუცდია.
თანამედროვე ჩინური სალიტერატურო ენა ფუთუნგხუა („საყოველთაო ენა“) არის აქტიურად განვითარებადი ნორმირებული ჩინური ენა. ფუთუნგხუას წარმოთქმის ბაზა შეესაბამება პეკინურ დიალექტს, რომელიც დაფუძნებულია ჩრდილოურ დიალექტზე, ხოლო გრამატიკული ნორმები დაფუძნებულია თანამედროვე სალაპარაკო ჩინურსა და თანამედროვე მხატვრულ ლიტერატურაზე.
ფუთუნგხუა არის საერთო და სავალდებულო ჩინეთის ყველა მოქალაქისათვის და არის ოფიციალური ურთიერთობის საშუალება. ფუთუნგხუა ფართოდაა გავრცელებული ჩინეთის ცხოვრების ყველა სფეროში, პირველ რიგში კი განათლების ყველა საფეხურზე, ასევე, მასობრივი ინფორმაციის გავრცელების საშუალებებში – ტელევიზიაში, რადიოში, ინტერნეტში და ა.შ. ჩინური ენის დიალექტები. ჩინურ ენაში უამრავი დიალექტია, მაგრამ გამოირჩევა 7 ძირითადი დიალექტი, ესენია: კუანხუა (ჩრდილოეთის დიალექტი), დიალექტი უ, დიალექტი სიანგ, დიალექტი კან, დიალექტი ქეძია (ხაკკა), დიალექტი მინ, დიალექტი იუე. მიუხედავად დიალექტების დიდი რაოდენობისა, ყოველთვის გამოყოფენ სამ, ყველაზე მნიშვნელოვან და გავრცელებულ დიალექტს: კუანხუა (ჩრდილოეთის დიალექტთა ჯგუფი), კუანგტუნგური დიალექტი „იუე“ და შანხაის დიალექტი „უ“. ყველაზე მსხვილი ჩამოთვლილთა შორის არის ჩრდილოეთის დიალექტთა ჯგუფი, რომელიც მოიცავს ჩინური ენის 70%-ზე მეტს.
მთელ ჩინეთში გავრცელებულია იეროგლიფური დამწერლობა. წერის დროს დიალექტებს აქვთ მსგავსი ლექსიკა და გრამატიკა. თუმცა, დიალექტთა ფონეტიკა იმდენად განსხვავდება, რომ თავად ჩინელები აწყდებიან სირთულეებს არამონათესავე დიალექტზე მოლაპარაკე ადამიანებთან. მიუხედავად სირთულეებისა დიალექტების განსხვავების გამო, დიალექტებში აისახება ჩინური ენის სიმდიდრე და ჩინური კულტურის ისტორიული თავისებურებები.

წყარო: ცნობარი “რა ვიცით ჩინეთის შესახებ?”

[:]

Comments

კომენტარის დატოვება