Home კულტურა დღესასწაულები ფარნების ფესტივალი – დღესასწაული, რომელიც ჩინური ახალი წლის დასასრულზე მიგვანიშნებს

ფარნების ფესტივალი – დღესასწაული, რომელიც ჩინური ახალი წლის დასასრულზე მიგვანიშნებს

0
65

მთვარის კალენდრით პირველი თვის მე-15 დღეს, ჩინური ახალი წლიდან ორი კვირის შემდეგ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრადიციული ჩინური დღესასწაული, ჩინური ფარნების ფესტივალი (იუენ სიაო ძიე – 元宵节) აღინიშნება. იგი აღნიშნავს ახალი წლის პირველ სავსემთვარეობას და ჩინური ახალი წლის (გაზაფხულის ფესტივალის) პერიოდის დასასრულს. 2023 წლის ჩინური ფარნების ფესტივალი 5 თებერვალს აღინიშნება.

ფარნების ფესტივალის მნიშვნელობა

ჩინური ახალი წელი, რომელსაც ჩინეთში გაზაფხულის ფესტივალსაც უწოდებენ, გაზაფხულის სეზონის დასაწყისს აღნიშნავს. ფარნების ფესტივალი კი ამ დღესასწაულების ბოლო დღეს წარმოადგენს. ამ უკანასკნელის დასრულების შემდეგ ჩინური საახალწლო ტაბუ აღარ მოქმედებს და ყველა საახალწლო დეკორაცია იშლება. არდადეგები სრულდება, ხალხი სამსახურში ბრუნდება ან სწავლას აგრძელებს.

ფარნების ფესტივალის წარმოშობა და ისტორიები

ჩინური ფარნების ფესტივალის ისტორია 2000 წელზე მეტს ითვლის. ფესტივალის წარმოშობის შესახებ მრავალი ისტორია არსებობს, თუმცა ორი მათგანი განსაკუთრებით პოპულარულია:

წარმოშობის ისტორია 1: ბუდისტური ზეიმი

აღმოსავლეთ ხანის დინასტიის (25–220) მმართველობის დასაწყისში, იმპერატორი ხანმინგი ბუდიზმის დამცველი იყო. მან გაიგო, რომ ზოგიერთი ბერი თავიანთ ტაძრებში ბუდასადმი პატივისცემის გამოსახატავად მთვარის კალენდრით პირველი თვის მეთხუთმეტე დღეს ფარნებს ანთებდა. ამიტომ მან ბრძანა, რომ იმ საღამოს ყველა ტაძარში, სახლსა და სამეფო სასახლეში ფარნები აენთოთ. მას შემდეგ, ეს ბუდისტური ჩვეულება თანდათანობით ჩინელ ხალხში დიდებულ ფესტივალად იქცა.

წარმოშობის ისტორია 2: ხრიკი უ ტის რისხვის ასაცილებლად

ლეგენდის თანახმად, ღვთაება უ ტი განარისხა რამდენიმე სოფლის მცხოვრების მიერ მისი საყვარელი ფრინველის მკვლელობამ, რის გამოც მან მთვარის კალენდრით წლის მეთხუთმეტე დღეს მთელი სოფლის ცეცხლით განადგურება გადაწყვიტა. მამის განზრახვამ ქალიშვილი შეაშფოთა. კეთილმა ქალიშვილმა კი სოფლის მცხოვრებლები მოსალოდნელი უბედურების შესახებ წინასწარ გააფრთხილა.

მაშინ ერთმა ბრძენმა სოფლის მოსახლეობას ურჩია წითელი ფარნები ჩამოეკიდათ, რათა უ ტისთვის შეექმნათ შთაბეჭდილება თითქოს სოფელი უკვე ცეცხლის ალში იყო გახვეული, რამაც საბოლოოდ სოფელი გადაარჩინა. მას შემდეგ, ყოველი წლის მეთხუთმეტე დღეს წითელი ფარნების ჩამოკიდება ტრადიციად იქცა.

როგორ აღნიშნავენ ჩინელები ფარნების ფესტივალს?

იუენ სიაო ძიეს დროს ყველაზე პოპულარული აქტივობებია: ფარნებით ტკბობა, ფარნების გამოცანების გამოცნობა, თანგიუენის (იუენსიაოს) ჭამა და ლომისა და დრაკონის ცეკვის ყურება.

  1.  ფარნებით ტკბობა

ცხადია, ფარნები ფესტივალის განუყოფელი ნაწილია. ჩინეთში ფესტივალის დროს მათ ყველგან შეხვდებით სახლებში, სავაჭრო ცენტრებში, პარკებსა და ქუჩებში. ტრადიციულად, ისინი წითელი ფერისაა.

განათებული ფარნები „ნათელი მომავლის“ სიმბოლოა.  მანდარინის დიალექტზე ჩინური სიტყვა ფარანი  (灯 dēng) იმავენაირად გამოითქმის, როგორც 丁 dīng, რაც “ახალშობილი ბავშვის გაჩენას” ნიშნავს, ასე რომ, ცალკეულ შემთხვევებში თაივანში ფარნების დაკიდება შესაძლებელია წყვილებისთვის შვილის ყოლის სურვების გამოხატულებაც კი იყოს.

  1.  ფარნების გამოცანების გამოცნობა

სონგის დინასტიის დროს (960–1279) დაწყებული ფარნებზე ჩამოკიდებული გამოცანების გამოცნობა ფარნების ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული აქტივობა გახლავთ. ფარნების მფლობელები გამოცანებს წერენ ქაღალდის ნოტებზე და ფერად ფარნებზე აკრავენ. ხალხი კი მათ გარშემო იკრიბება გამოცანების გამოსაცნობად. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სწორი პასუხი იცის, შეუძლია ამოიღოს გამოცანა და ფარნის მფლობელთან მივიდეს, რათა შეამოწმოს პასუხი. თუ პასუხი სწორი აღმოჩნდება, როგორც წესი, პრიზად პატარა საჩუქარს მიიღებს.

  1.  თანგიუენის (იუენსიაოს) ჭამა

თანგიუენის (იუენსიაოს) ჭამა ფარნების ფესტივალის მნიშვნელოვანი ჩვეულებაა. თანგიუენი (汤圆 tāngyuán / ‘წვნიანი მრგვალი’), რომელსაც ჩრდილოეთში იუენსიაოს უწოდებენ, ტკბილ წვნიანში მოხარშული წებოვანი ბრინჯის ბურთულებია. სიმბოლურად ‘გაერთიანებისა’ და ‘სისრულის’ მნიშვნელობა აქვს.

  1.  ლომისა და დრაკონის ცეკვების ყურება

როგორც ორი ყველაზე გამორჩეული ტრადიციული ხალხური ცეკვა ჩინეთში, დრაკონისა და ლომის ცეკვა ფარნების ფესტივალზე ყველაზე ხშირად სრულდება. ჩინელები (ტრადიციულად) ლომს სიმამაცისა და სიძლიერის სიმბოლოდ თვლიან და მიიჩნევენ, რომ მის გარეგნობას შეუძლია განდევნოს ბოროტება და დაიცვას ხალხი. მეორეს მხრივ, ჩინელები თაყვანს სცემენ დრაკონს და მას წარმატების სიმბოლოდ აღიარებენ.

წყარო