ჩინეთში ცეკვა მრავალი საჯარო დღესასწაულის, რიტუალის, ცერემონიის და, ზოგადად, მთელი ჩინური კულტურის განუყოფელი ნაწილია. იგი ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან ხელოვნების ფორმად ითვლება და როგორც თანამედროვე, ისე ტრადიციული ჟანრებისგან შედგება. მოიცავს ფართო სპექტრს, ხალხური ცეკვებიდან დაწყებული ოპერითა და ბალეტით დამთავრებული.
პირობითად ჩინური ცეკვა სამ ძირითად ნაწილად იყოფა: ტრადიციული ჩინური ცეკვა, ეთნიკური ხალხური ცეკვა და თანამედროვე ცეკვა.
ტრადიციული ჩინური ცეკვა
დრაკონის ცეკვა
ტრადიციულ ჩინურ ცეკვებს შორის ყველაზე ცნობილი დრაკონის ცეკვაა 舞龙, რომელიც გაზაფხულის ფესტივალზე სრულდება. ხანის დინასტიის დროს შეიქმნა და ერთ-ერთი უძველეს ჩინური ცეკვად მიიჩნევა. დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინეთში დრაკონს დადებითი მნიშვნელობა აქვს და სიბრძნის, ძალაუფლების, სიმდიდრისა და იღბლის მომტანი სიმბოლოა. რაც უფრო გრძელია დრაკონი, მით უფრო იღბლიანია. ამის გამო, დრაკონების ცეკვებში გამოყენებული დრაკონები შეიძლება 100 მეტრამდეც კი იყოს გადაჭიმული.
მარაოებით ცეკვა
მარაოებით ცეკვა 扇子舞 ასევე ხანის დინასტიის დროს შეიქმნა. გრაციოზულობისა და სილამაზის სიმბოლოა. იგი ორ ნაწილად იყოფა: სამოქალაქო ანუ გასართობი მნიშვნელობის მარაოებით ცეკვად და სამხედროდ, რომელსაც ტრადიციულად საწვრთნელ ვარჯიშებში იყენებდნენ.
ხმლით ცეკვა
ხმლით ცეკვა 剑舞 თავდაპირველად ჯარისკაცებისთვის სავარჯიშო ცეკვის ფორმად განვითარდა, შემდეგ კი აკრობატულ ცეკვად იქცა. ეს არის ოთხი კლასიკური ცეკვიდან ერთ-ერთი, რომელიც გამოიყენება ტრადიციულ ჩინურ ოპერაში, ისევე როგორც თაიძიში.
ეთნიკური ხალხური ჩინური ცეკვა
ჩინეთში 56 ოფიციალურად აღიარებული ეთნიკური ჯგუფია და თითოეულ მათგანს საკუთარი ხალხური ცეკვები აქვს. მათ შორის ყველაზე პოპულარულად ფარშევანგის ცეკვა 孔雀舞 ითვლება, რომელიც ტაის ეთნიკური ჯგუფისგან მომდინარეობს. ზოგადად, ფარშევანგი სამოთხის, მშვიდობის, ელეგანტურობისა და კეთილდღეობის სიმბოლოა. ფარშევანგის ცეკვის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული შემსრულებელი იანგ ლიფინგი (杨丽萍) გახლავთ.
თანამედროვე ჩინური ცეკვა
კულტურული რევოლუციის პერიოდში ჩინურმა ცეკვამ მრავალი ტრანსფორმაცია განიცადა. დღეს, თანამედროვე ჩინური ცეკვა პრაქტიკულად ყველა ელემენტს მოიცავს, ეფუძნება როგორც წარსული ტრადიციული ცეკვების ტრანსფორმაციას, ისე ახალი იდეების დანერგვას.
ამასთან, დღესდღეობით დიდი პოპულარობით სარგებლობს ე.წ. „მოედნის ცეკვა“ 广场舞, რომელიც 1990-იან წლებში სოციალური და სავარჯიშო ასპექტების ფონზე განვითარდა. იგი ადამიანთა ჯგუფების მიერ სრულდება, ძირითადად ხანდაზმულების მიერ.