[:ka]ცოტა რამ ჩინური ჩაის შესახებ[:]

[:ka]

ჩაი ჩინეთის კულტურის ძალიან ვრცელი და მნიშვნელოვანი თემაა.  ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებული სახეობის ჩაი არის გავრცელებული და ყოველ მათგანს სხვადასხვაგვარი სარგებლობა მოაქვს ჯანმრთელობისათვის. ჩაი არის ერთ-ერთი ძვირფასი ჩინური საჩუქარი, რომლის მიღებაც ნამდვილად სასიხარულოა.

განსხვავებით დასავლური სამყაროსგან, ჩინური ჩაის ფერი მრავალფეროვანია. არსებობს მწვანე, თეთრი, წითელი, შავი, ყვითელი ჩაი. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე ცნობილ ჩინურ ჩაის.
ფუარის ჩაი არის ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე იუნანის პროვინციის  ცნობილი ჩაი. იგი არამხოლოდ გემოთი და არომატით გამოირჩევა, არამედ სამკურნალო დანიშნულებაც აქვს. ამ ჩაის ათასზე მეტი წლის ისტორია აქვს. იუნანში მიიჩნევენ, რომ ზოგიერთი ჩაის ხე ათას წელზე მეტსაც კი  ითვლის. იუნანის პროვინციაში მოგზაურობისას ყველანაირი ფორმის ფუარის ჩაის შეხვდებით, არის როგორც კუბის ფორმის, ასევე პატარა და დიდი ზომის ბურთებისა და რგოლების სახით. არის როგორც ხელმისაწვდომი ფასის, ასევე  ძვირადღირებული ფუარის ჩაის სახეობები.

ქალაქ ხანგჭოუში სეირნობისას აუცილებლად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც დიდ ვერცხლისფერ თასებთან სხედან და მწვანე ჩაის ფოთლებს ამუშავებენ. ეს მწვანე ფოთლები ცნობილი ლუნგძინგის ჩაია, რომლის 100 გრამის ფასიც ზოგ სეზონზე რამდენიმე ათასი იუანიც კი არის. ლუნგძინგი არის ჭეძიანგის პროვინციის ძალიან ცნობილი მწვანე ჩაი. ხანგჭოუს დასავლეთის ტბის (ხანგჭოუს და მთლიანად ჩინეთის ყველაზე ცნობილი ადგილი) ლუნგძინგის სოფლის ჩაის აქვს 1200 წლის ისტორია. ხანგჭოუს ქალაქის გარეთ სხვა რეგიონებში მოყვანილი ჩაი იწოდება ჭეძიანგის ლუნგძინის ჩაიდ. ლუნგძინგის ჩაი რეგიონის მიხედვით იყოფა რამდენიმე სახეობად:დასავლეთის ტბის ლუნძინგის ჩაი, მდინარე ციენთანგის ლუნგძინგი და იუეჭოუს ლუნგძინგის ჩაი. ლუნგძინგი სიტყვა სიტყვით დრაკონის ჭას ნიშნავს. ადრე არსებობდა ჭა, რომელიც გვალვების დროსაც არ შრებოდა. ხალხი მიიჩნევდა, რომ ეს ჭა ზღვას უკავშირდებოდა, დამაკავშირებელ გზაზე კი დრაკონი ცხოვრობდა, ამიტომ უწოდეს დრაკონის ჭა. დღეს ხანგჭოუში არის ლუნგძინგის ულამაზესი ჩაის სოფელი, სადაც ჭეძიანგის პროვინციის ჩაის ნაწილი მზადდება.

ულუნგის ჩაიც არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩინური ჩაის სახეობა. ულუნგის ჩაი ძირითადად მოჰყავთ ფუძიენის, კუანგტუნგისა და თაივანის პროვინციებში. ბოლო წლების განმავლობაში სიჩუანისა და ხუნანის პროვინციებშიც გამოჩნდა ჩაის ეს სახეობა. ულუნგის ჩაი თავისი თვისებებით მწვანე და წითელ ჩაებს შორის დგას. მას აქვს როგორც მწვანე ჩაის თვისებები, ასევე წითელი ჩაის თვისებები. ჩაის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, ულუნგის ჩაის დაყენებისას უფრო მეტი დეტალისათვის  ყურადღება მიქცევა სჭირდება. სასიამოვნო გემოვნების გარდა, იგი ჯანმრთელობისთვისაც ძალიან სასარგებლოა.

[:]

კომენტარის დატოვება