ახალ წელს, როდესაც აცილებენ ძველ წელიწადს და მთვარის კალენდრის მიხედვით ახალ წელს ეგებებიან, ჩინელი ხალხი დღსასწაულის აღსანიშნავად მიირთმევს ხოლმე ძიაოწის[1]. როგორც კი მოახლოვდება წიში[2], ჩინელები საგანგებოდ შეექცევიან ამ კერძს, ანუ საღამოს 11 საათიდან ღამის პირველ საათამდე პერიოდში – ძველ წელთან დამშვიდობებისა და ახალის საზეიმო დახვედრის მომენტში. ძიაოწის სახელწოდება, თავად ამ ტრადიციის შინაარსიდან მომდინარეობს. ცნობილია ჩინური ანდაზა „კიდევ ერთი წელი ახლად გარდაიქმნება“[3], რომელსაც დღესასწაულის დროს ხშირად წარმოთქვამენ. ამ ანდაზაში „გარდაქმნის“ აღმნიშვნელი იეროგლიფი[4] სიტყვა ძიოაწის „ძიაოს“ ომონიმია[5], ხოლო ახალი წლის მოსვლა, შუა ღამის დადგომით, ანუ იეროგლიფი “წი”-თაა აღნიშნული. ზემოთხსენებული ანდაზის სხვაგვარი ინტერპრეტაციით, კერძის სახელს აგრეთვე აქვს საზეიმო და მხიარული თავშეყრის , იღბალის და წარმატების მნიშვნელობა, რაც მიუთითებს, რომ მომავალ წელს სწორედ ფორტუნა და ბედნიერებაა მოსალოდნელი. გარდა სასიამოვნო, დამაიმედებელი დატვირთვისა, ძიაოწი, თავისი ფორმით ჰგავს ანტიკური ჩინეთის დროინდელ ოქრო-ვერცხლის ზოდებს, ამიტომ გაზაფხულის ფესტივალზე, როდესაც ძიაოწის მიირთმევენ, მოიგონებენ ხოლმე ანდაზას „შინ შემოედინოს სიმდიდრე და განძი“[6].

ძაიოწის წარმოშობა დაკავშირებულია ცნობილი ჩინელი მკურნალის, ჭანგ ჭუნგძინგის[7] სახელთან. ეს პიროვნება ხანის დინასტიაში[8], მეორე საუკუნეში ცხოვრობდა. იმ პერიოდში ჩინეთის მოსახლეობაში ძალიან ხშირი იყო გამყინვარებისა და შიმშილობისგან გამოწვეული დაავადებები, განსაკუთრებით ხშირი კი ყურის გარშემო გაყინულ კანზე გაჩენილი წყლულები. ჭანგ ჭუნგძინგმა მაშინ ცხვრის ხორცი, შავი პილპილი და სამკურნალო ბალახები ერთმანეთში აურია და თხელ ცომში გაახვია, შემდეგ ყურის ფორმა მისცა და შეწვა. მან ძიაოწით ბევრი ადამიანი დააპურა და მათ წყლულები მოურჩინა.

ძიაოწი უფრო ხშირად ჩრდილოეთ ჩინეთში შეგხვდებათ, რადგან ნახევარმთვარის ფორმის კერძი ამ რეგიონში უფრო გავრცელებულია. მისი მომზადების წესი საკმაოდ მარტივია: ხორცის ან ბოსტნეულის შიგთავსს თხლად გაბრტყელებული ცომის ნაჭერში ახვევენ და შემდეგ ცომის კიდეებს ერთმანეთზე აწებებენ. შიგთავსი შეიძლება ძალიან მრავალფეროვანი იყოს: ღორის, ცხვრის, საქონლის, ქათმის, თევზის ან კრევეტის. ხორცს წვრილად დაჭრილ ბოსტნეულთან ურევენ. ბოსტნეულის შიგთავსიდან კი, ყველაზე პოპულარულია კომბოსტო, მწვანე და ჩინური ხახვი. ძიაოწის ხშირად სოიოზე დამზადებულ საწებელთან ერთად მიირთმევენ. საახალწლო სადილისთვის სამზადისში, სოფლად მცხოვრები ჩინელები მხოლოდ მაღალი ხარისხის საქონელს ამზადებენ, შემდეგ ცომში გახვეულ ხორცს გარეთ ცივ ამინდში ინახავენ, ისინი ძიაოწის სწორედ სადილის წინ ხარშავენ და ისე გააქვთ სუფრაზე.

[1] 饺子

[2] 子时 – პერიოდი  23:00 სთ-დან 1:00  საათამდე

[3] 更岁交子

[4]

[5] იდენტური ჟღერადობის , მაგრამ განსხვავებული მნიშვნელობის მქონე სიტყვა/იეროგლიფი

[6] 招财进宝

[7] 张仲景

[8] ჩინეთის ისტორიული პერიოდი ძვ.წ 202-დან ახ.წ 220 წლამდე