[:ka]

16 დეკემბერს ძიუდოს აკადემიაში კიოკუშინ კარატეში საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონატი  და საბრძოლო ხელოვნებათა ფესტივალი გაიმართა.

საბრძოლო ხელოვნებათა ფესტივალში მონაწილეობას სხვადასხვა საბრძოლო სახეობათა ფედერაციები იღებდნენ. საბრძოლო ნომრები წარმოადგინეს შემდეგმა ფედერაციებმა: საქართველოს აიკიდოს ეროვნული ფედერაცია, საქართველოს კენდოს ეროვნული ფედერეცია, საქართველოს იოსინკან აიკიდოს ფედერაცია, საქართველოს ტაეკვანდოს ი.ტ.ფ. ფედერაცია, საქართველოს კუდოს ეროვნული ფედერაცია, საქართველოს სპორტული აიკიდოს ასოციაცია, საქართველოს ჯიუ-ჯიცუს ეროვნული ფედერაცია, უშუს სკოლა “ოქროს დრაკონი”, საქართველოს გოჯუ-რიუ გოჯუ-კაი კარატედოს ფედერაცია, საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია და ქართული საბრძოლო ხელოვნება “შავფაროსნები.”

“საქართველოში უკვე მეოთხე წელია რეგულარულად ტარდება საბრძოლო ხელოვნებათა ფესტივალი, ყოველი წლის დეკემბრის თვეში აღმოსავლური ორთაბრძოლების ფესტივალი იმართება, ჩვენ ყოველ წელს ვიღებთ მონაწილეობას და სამეულში ვხვდებით, მოლოდინი გვაქვს რომ წელსაც სამეულში მოვხვდებით, ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს.” განაცხადა საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი ვერულიძემ ფესტივალის მიმდინარეობისას.

ღონისძიება წელს მეოთხედ გაიმართა, მისი მიზანია ახალგაზრდების სპორტით დაინტერესება. აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების ჩვენებასთან ერთად ნომრები ქართული ეროვნული ელემენტებით იყო გაფორმებული. აღმოსავლური საბრძოლო ნომრების ჩვენების დასასრულს,  “შავფაროსნებმა” დამსწრე საზოგდაოებას ქართული საბრძოლო ხელოვნების ნომერი წარუდგინა.

შავფაროსნები უკვე მესამე წელია ვიღებთ მონაწილეობას ამ ფესტივალში, პირველ წელს პირველი ადგილი ავიღეთ, შარშან მეორე ადგილს დავჯერდით, დღეს ველოდებით შედეგებს. საინტერესო არის ის, რომ აქ ხდება ქართული, იაპონური და ჩინური საბრძოლო ხელოვნებათა შეჯიბრი. ფესტივალის იდეა იყო, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოშორებოდა ქუჩას და ჩართულიყო სპორტში, მემგონი თავის იდეას თავიდან ბოლომდე ამართლებს.” განაცხადა ქართული საბრძოლო ხელოვნების “შავფაროსნების” პრეზიდენტმა, ირაკლი ქოქოსაძემ.

ფესტივალზე ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა, მესამე ადგილი ერგო საქართველოს უშუს ეროვნულ ფედერაციას, გიორგი ვერულიძის ხელმძღვანელობით, მეორე ადგილი იაპონურ საბრძოლო ხელოვნებას შეხვდა, ხოლო პირველ ადგილი ირაკლი ქოქოსაძის ხელმძღვანელობით ქართულმა საბრძოლო ხელოვნებამ “შავფაროსნები”დაიკავა.

გამარჯვებულებს პრიზები სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილმა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცა და მათ წარმატებები უსურვა.

“საბრძოლო ხელოვნების ფესტივალი უკვე ტრადიციად იქცა. ფედერაციებს ეძლევათ საშუალება, რომ თავიანთი ძლიერი მხარეები წარმოაჩინონ, ახალგაზრდებს, მომავალ თაობას აქვს საუკეთესო საშუალება, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს და მათთვის მოსაწონი, შესაბამისი სპორტით დაკავდნენ. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კონტაქტური კარატის ფედერაციას, ბატონ ანზორს და მის გუნდს რადგან ეწევიან თავიანთი სპორტის პოპულარიზაციასთან ერთად ასეთი ფესტივალის ორგანიზებასაც უდგანან სათავეში.
აბსოლუტური ჩემპიონატის ჩატარება დიდი სტიმულია სპორტსმენებისთვის, რომ მათ შემდგომ უკვე საქართველო წარმოაჩინონ მსოფლიო და ევროპის ასპარეზზე, რასაც ეს ტურნირი განსაკუთრებულად უწყობს ხელს.
დღეს აქ წარმოდგენილი ფედერაციების სპორტსმენები უკვე საქართველოს სახელით გამოდიან ევოპულ და მსოფლიო ჩემპიონატებზე და თანაც საკმაოდ წარმატებულად. ბოლო წლების მანძილზე ჩვენ გვყავს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები და პრიოზიორები, ეს გვახარებს და გვჯერა, რომ ასეთი შემართება კიდევ უფრო კარგ შედეგს მოგვცემს.” განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ფესტივალი მიმდინარეობდა საქართველოს აბსოლუტურ ჩემპიონატზე კიოკუშინ კარატეში.

[:]