14 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს სინოლოგთა ასოციაციამ ჩინეთის ისტორიის პირველი ყოვლისმომცველი ქართულენოვანი წიგნი “ჩინეთის ისტორია” წარადგინა.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სინოლოგთა ასოციაციის წევრები, წიგნის ავტორები, როგორც ჩინური, ისე ქართული მხარის ოფიციალური წარმომადგენლები და ჩინური ენის, კულტურისა და ისტორიის შესწავლით დაინტერესებული სტუდენტები.
წარდგენის ღონისძიება მომხსენებლების სიტყვით გამოსვლასთან ერთად, მრავალ კულტურულ წარმოდგენასა და სხვადასხვა შემოქმედებით აქტივობას მოიცავდა. პრეზენტაციის ფარგლებში შესრულდა რამდენიმე ტრადიციული ჩინური ცეკვა და კლასიკური მუსიკის ნაწარმოებები, ახალგაზრდა ბალერინებმა კი შესანიშნავი საბალეტო წარმოდგენა შემოგვთავაზეს.
ღონისძიება საზეიმო ტორტის გაჭრით, სამახსოვრო კალიგრაფიული ნიმუშების შექმნითა და ფურშეტით დაგვირგვინდა.
“ჩინეთის ისტორია” პირველი ქართული გამოცემა გახლავთ, რომელიც მოიცავს ჩინეთის მდიდარ ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის ანალიზით. გთავაზობთ საინტერესო და ყოვლისმომცველ ინფორმაციას ჩინეთის მდიდარი და მრავალფეროვანი წარსულის შესახებ.
წიგნის ქართველ ავტორ-სინოლოგთა მიზანი თავიანთი ცოდნისა და შეხედულებების ქართველი მკითხველებისთვის გაზიარება გახლდათ. წიგნზე მუშაობდნენ ქართველ სინოლოგთა გუნდი, საქართველოს სინოლოგთა ასოციაციის წევრები:
ოთარ ჭიღლაძე, დავით ანდღულაძე, ნანა გელაშვილი, შალვა ჩიხლაძე, არჩილ კალანდია და მთავარი რედაქტორი და შემდგენელი მარინე ჯიბლაძე.
წიგნი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, ლექტორებისა და ჩინეთით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის. მისი შეძენა წიგნების მაღაზია “ლიგამუსში” შეგიძლიათ. მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჭავჭავაძის 32