დღეს 8 თებერვალს, მთვარის კალენდრის მიხედვით, სრულიად ჩინეთი ფარნების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელსაც სავსე მთვარის დღესასწაულსაც უწოდებენ. ჩინური ტრადიციის თანახმად, ახალი წლის დასაწყისში, სავსე მთვარობისას, აუცილებლად უნდა დაიკიდოს ფერადი წითელი ფარნები ოჯახში ბედნიერების, მშვიდობის შემოსასვლელად და მთვარის სათანყვანებლად.

აღნიშნული ფესტივალის აღსანიშნავად, ოჯახებში მზადდება წებოვანი ბრინჯის ბურთები, რომელსაც სავსვე მთვარის ფორმა აქვს და 元宵 (Yuánxiāo)-ს ეძახიან. ამ ბურთებს ოჯახის წევრები ტრადიციულად ერთად ამზადებენ და მიირთმევენ.

ფესტივალის წარმომავლობას ძალიან ბევრი ლეგენდა ახლავს. ერთ-ერთი გავრცელებული ლეგენდის თანახმად, ბუდიზმი ჩინეთში პირველ საუკუნეში იმპერატორი მინგდის მმართველობის პერიოდში შემოვიდა, მაგრამ დიდად ვერ მოახდინა გავლენა ჩინელ ხალხზე. ერთ დღეს, იმპერატორმა მინგდიმ ნახა უცნაური სიზმარი, რომელიც მის სასახლეში მყოფ ოქროს კაცს შეეხეობდა. როდესაც მან დააპირა, ეკითხა კაცისთვის თუ ვინ იყო ის ოქროს არსება ცაში აიჭრა და დასავლეთისკენ გაუჩინარდა. ამის შემდეგ იმპერატორმა თავისი წარმომადგენელი მიავლინა ინდოეთს, სადაც წმიდა წერილები ინახებოდა. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ იმპერატორის წარმომადგენელი დაბრუნდა ინდოეთიდან წმიდა წერილებით. იმპერატორმა მინგდიმ გასცა ბრძანება, რომ ბუდას ტაძარი აეშენებინათ, სადაც ამ წმიდა წერილებს დააბრძანებდნენ. ბუდას მიმდევრებს ღრმად სწამდათ რომ ბუდას ძალა გაანათებდა წყვდიადს, ამის ნათელსაყოფად იმპერატორის ბრძანებით, იქაურობა ლამპრებით გაანათეს ანუ ერთ-ერთი თქმულების თანახმად, აქედან ჩაეყარა საფუძველი ფარნების დღესასწაულს.

დღესასწაულის მთავარი ატრიბუტი, როგორც უკვე მოგახსენეთ, წებოვანი ბრინჯისგან დამზადებული ცომის ბურთები გახლავთ, რასაც “Yuanxiao”-ს ან “Tangyuan”-ს უწოდებენ. მათი მირთმევის დროს გრჩება გრძნობა რომ ტკბილსა და ოდნავ მარილიან გემოს ერთდროულად აგემოვნებ. ბრინჯის ბურთების დამზადების ტექნოლოგიაც განსხვავებულია ჩრდილოეთისა და სამხრეთ ჩინეთის მხარეების მიხედვით. იგი მზადდება ქუნჯუთის, ვარდის ფურცლების, მანდარინის ქერქის არომატებისგან და რაოდენ კონტრასტულიც არ უნდა იყოს, ოდნავ მლაშე გემო წარმოადგენს დაკეპილი ხორცისა და ბოსტნეულის ნაზავს. დღესდღეობით, ფარნების ფესტივალის აღნიშვნის დროს კვლავ იცავენ ტრადიციას და მიირთმევენ არომატული წებოვანი ბრინჯის ბურთებს, რაც კიდევ უფრო იზიდავს უცხოელ ტურისტებს და კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ჩინურ დღესასწაულს.

ფარნების დღესასწაული ჩინური ტრადიციაა, რომელიც ჩინური ახალი წლის ე.წ. გაზაფხულის ფესტივალის დასრულებას ნიშნავს. ფარნების დღესასწაულს ჩინელები ახალი წლის დადგომიდან პირველი სავსემთვარეობის ღამეს ზეიმობენ და ახალი წლის დღესასწაულს ამით აცილებენ.