დასავლეთ სჩუანის პროვინციაში მოქცეული ხაილუოკოუ ცნობილია თავისი დაბალი განედების მყინვარებით, უძველესი უღრანი ტყეებითა და ცხელი წყაროებით, რომლებიც სჩუანის უმაღლესი მთის ძირიდან მოედინება.

ხაილუოკოუს მყინვარის ტყის პარკი ცნობილი კონგკას მთის (“სჩუანის მთების მეფე”) აღმოსავლეთ ფერდობზე მდებარეობს. ხაილუოკოუ მოიცავს 906,13 კვადრატულ კილომეტრ ფართობს და შედგება ექვსი თვალწარმტაცი ადგილისგან. ისეთი განსაცვიფრებელი ბუნებრივი პეიზაჟებით, როგორიცაა ბუნებრივი მყინვარები, ალპური მწვერვალები, ცხელი წყაროები, ფართო ტყეები და ველური ფლორა და ფაუნა, მან მოიპოვა ეროვნული 5A ტურისტული ატრაქციონის, ეროვნული ნაკრძალის, ეროვნული გეოლოგიური პარკისა და ეროვნული ტყის პარკის ტიტულები. ამასთან, იგი წარმოადგენს ერთადერთ მყინვარის ტყის პარკს ჩინეთში.

დიდებული მყინვარები

კონგკას მთის მიმდებარე ტერიტორია ჩინეთში საზღვაო მყინვარების ყველაზე დიდი კონცენტრაციით ხასიათდება, ასობით მყინვარი 300 კვადრატულ კილომეტრზე მეტს მოიცავს. მათ შორის ხაილუოკოუს No.1 მყინვარი 14,7 კილომეტრია და 16 კვადრატული კილომეტრის ფართობზეა გადაჭიმული. იგი ყველაზე დაბალ განედზე მდებარე მსოფლიოში უდიდეს თანამედროვე მყინვარადაა აღიარებული.

ხაილუოკოუ 6000 მეტრზე მეტი სიმაღლის 45 მწვერვალს აერთიანებს. ასევე, აქ შეგიძლიათ ნახოთ მყინვართა თვალწარმტაცი პეიზაჟები, როგორიცაა ყინულის ტბა, ყინულის კოშკი, ყინულის ხიდი და ყინულის გამოქვაბული. დიდი ყინულის ჩანჩქერის სიგანე და სიმაღლე 1000 მეტრს აღემატება და გიგანტურ დამსხვრეულ ალმასს ჰგავს, რომელიც თითქოს კონგკას მთის წვერიდან მოსრიალებს. ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ ბუნების ეს ღირსშესანიშნაობა ალპურ საბაგიროს მეშვეობით ახლოდან ნახონ, მზიანი ამინდის შემთხვევაში კი ზღვის დონიდან დაახლოებით 7000 მეტრზე მყოფი კონგკას მწვერვალის ხილვის საშუალებაც ეძლევათ.

ხელთუქმნელი ტყეები

გამოცდილ, ფიზიკურად მომზადებულ, ლაშქრობის მოყვარულ ტურისტებს შეუძლიათ ხაილუოკოუს ტყეებში გაისეირნონ, უღრან ტყეში სუფთა ნიავითა და შორეული თოვლით დაფარული მთებით დატკბნენ. შეიძლება ითქვას, რომ ხაილუოკოუს ტყე სამოთხეა ლაშქრობის მოყვარულთათვის, რადგან მათ შეუძლიათ არა მხოლოდ დაათვალიერონ უმშვენიერესი პეიზაჟები, როგორიცაა მყინვარები და მთები, არამედ ნახონ უძველესი და იშვიათი ფლორა და ფაუნა.

ხაილუოკოუს პირველ ტყეში 400-ზე მეტი სახეობის გარეული ცხოველი ბინადრობს, მათგან 28 იშვიათ სახეობად ითვლება და სახელმწიფო დონის დაცვის ქვეშ იმყოფება.

ხაილუოკოუს ტყის საკულტო მცენარეულობაა როდოდენდრონი. ხაილუოკოუ აღიარებულია, როგორც ზონა, სადაც როდოდენდრონი წარმოიშვა. აქ ბინადრობს ველური როდოდენდრონების დაახლოებით 68 სახეობა, რომელთაგან 24 ენდემურია.

წითელი კლდეები

ხაილუოკოუს ერთ ნაწილში შეხვდებით კლდეების დიდ მონაკვეთს, რომელიც სპეციფიკური წყალმცენარე  trentepohlia jolithus-ითაა დაფარული. იმის გამო, რომ ამ წყალმცენარეს ნათელი წითელი ელფერი აქვს, მას “Red Rock Bank” ეწოდა. ცისფერი ცის, თეთრი ღრუბლებისა და დათოვლილი მთების ფონზე, კლდეები ისე გამოიყურება, თითქოს ცეცხლი უკიდიათ, რაც ამ ტერიტორიას პოპულარულ ღირსშესანიშნაობად აქცევს.

ცხელი წყლები

ვიზიტორებს, რომლებსაც ხაილუოკოუს გრილი ჰაერისგან განტვირთვა სურთ, შეუძლიათ ცხელ წყაროებს ესტუმრონ. ცხელი წყაროები ხშირად გვხვდება მთებისა და მყინვარების გასწვრივ.

მაგალითად, აქ შეხვდებით ე,წ. “მდუღარე წყაროს”, რომლის ტემპერატურა 92 გრადუს ცელსიუსს აღწევს და ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო ათეულობით მიკროელემენტს შეიცავს.

წყარო