ქართველებს ჭამის მიმართ რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს, ეს დასამალი არ არის. ხინკალი ჩვენი სამზარეულოს სიამაყედ და ღირსებად რომ მიგვაჩნია, ამაზეც ერთხმად ვთანხმდებით. მეც, როგორც ხინკლისმოყვარულმა ქართველმა, პირველად მისი ჩინური ანალოგი 2009 წელს კაიროში სწავლისას (რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს) დავაგემოვნე, როდესაც ჩემმა ჩინელმა კურსელებმა ერთ-ერთ ჩინურ დღესასწაულზე დამპატიჟეს. მაშინ ორთქლზე მოხარშულმა ხინკლის ორეულმა ძალიან მომხიბლა. მანამდე ჩვენი ეს უნიკალური კერძი, არც თუ ისე უნიკალურად მომეჩვენა და მეტიც, მის წარმომავლობაშიც დავეჭვდი.

ჩინეთში ჩემი პირველი კვირაც ე.წ ხინკლის ბიძაშვილ პაოწ’სთან ასოცირდება. ვაგემოვნებდი უამრავ საჭმელს და ბოლოს მაინც პაოწ’მდე მივდიოდი. შემდეგ დაიწყო ქართული საჭმლის მონატრება. პაოწ’ს უკვე ხინკლის გემოთი მივირთმევდი. აი, პური და ყველი კი ვერაფრით ჩავანაცვლე (მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ ბაზარზე არაერთი ევროპული ქვეყნის იმპორტული ყველია წარმოდგენილი). ქართული საჭმელებიდან ერთბაშად ჩინურზე გადასვლა არ გამძნელებია. ტკბილ-ცხარე სოუსები და კერძების ნაირსახეობა ძალიან მხიბლავდა. ქუჩის მრავალფეროვანი საჭმელიც კი ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა. ამ ყველაფერმა მშობლიური კერძების გემო მალე ჩაანაცვლა.

პეკინში დღეს ათამდე ე.წ. snack street-ია, სადაც უამრავი ტრადიციული კერძის დაგემოვნებაა შესაძლებელი. მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ ქუჩაზე მხოლოდ ბაყაყის ხორცისგან დამზადებული კერძები შეიძლება დააგემოვნოთ.

აღნიშნული ქუჩებიდან, მე პირადად ვანგფვუძინგს (Wangfujing) გამოვყოფდი. აქ პეკინის ყველა ქუჩის საჭმელია თავმოყრილი. ამასთანავე, აქაურობა განსაკუთრებით ეგზოტიკურად მცირე ზომის შამფურებზე აცმული მორიელებითა და უამრავი მწერით გამოიყურება. ე.წ. Snack street-ზე ცენტრალური ქუჩიდან, საფეხმავლო ბილიკით მოხვდებით. ვანგფვუძინგი ძველი სავაჭრო უბანია, ამიტომ აქ ყველაფერი განათებული და გადაჭრელებულია. ხალხმრავლობით ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს სად მდებარეობს ეს უძველესი ე.წ. snack street. ქუჩაზე ფეხის შედგმისთანავე, გამყიდველების შეძახილები და ქვაბებიდან თუ ტაფებიდან წამოსული ოხშივარი გხვდება. როგორც წესი, ამ ქუჩის დათვალიერება შემწვარი კალიების, სენტიპიდებისა და გველების განყოფილებიდან იწყება.

[Photo/FPB]

ძიენპინგ (Jianbing; 煎饼) ანუ პეკინური კრეპი,  როგორც ბოსტნეულით, ასევე სტაფილოსა და ძროხის ხორცის შიგთავსით შეგხვდებათ. ეს ჩინურ საუზმედაც ითვლება და დილით პეკინში გამოსული, ძიენპინგის დახლებთან გრძელ რიგებს აუცილებლად გადააწყდებით.

ესეც პეკინში ფართოდ გავრცელებული ჩუანარ (Chuan’r; 串儿), რომელიც პეკინელებისთვის დღის ნებისმიერ მონაკვეთზე სასურველ საჭმელს წარმოადგენს. მის პუნქტებს თითქმის ყველა უბანში შეხვდებით. ხის მომცრო ზომის შამფურებზე, ხორცის გარდა ბოსტნეულსაც გთავაზობენ.   ჩუანარის მთავარი ინგრედიენტი რამდენიმე სახის სუნელია, რასაც ცხარე სოუსთან ერთად ბოლოს ამატებენ.


პეკინური შემწვარი დამფლინგი პეკინის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათადაც შეიძლება ჩაითვალოს. ქალაქის რესტორნებში ათეულობით სახის დამფლინგს შეხვდებით და ამ მხრივ ვანგფვუძინგიც არ ჩამორჩება. აქ პირდაპირ დახლებზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ხორცის, ბოსტნეულისა თუ კრევეტის დამფლინგები. პირადად ჩემი ფავოტირი სოკოს დამფლინგია, რომელსაც სოიოს სოუსთან ერთად გეახლებით ხოლმე.

ბევრ ადამიანს აფრთხობს ე.წ. stinky tofu-ს სუნი. ეს არის შემწვარი ტოფვუ, რომელის ცხარე სოუსითა და ქინძით არის შეკმაზული.  ეს კერძი პოპულარულობით არ სარგებლობს, თუმცა დაგემოვნების შემთხვევაში გულგრილს არავის ტოვებს (ასეა უმეტესობა ჩინური საჭმლის შემთხვევაში).

გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადგილი ადგილობრივების გარდა მოგზაურებშიც ძალიან პოპულარულია, აქ უამრავ ტურისტს შეხვდებით. ისინი სწორედ მწერების  დასაგემოვნებლად მოდიან. მეც გადავწყვიტე რომელიმე მათგანი გამესინჯა.

არჩევანი ძალიან დიდი იყო: კალია, სენტიპიდი, მორიელი, გველი, ხვლიკი, ზღვის ზღარბი, ზღვის ცხენი და ხოჭო. ამჯერად მორიელზე შევჩერდი. მირჩიეს ჭამა კუდით დამეწყო, თუმცა შეხებისთანავე მივხვდი, ეს არც ისე ადვილი საქმე იქნებოდა… შემდეგ თავზე გადავედი… ვერც ამ შემთხვევაში შევძელი, მეჭამა. საბოლოოდ, მორიელების შამფური მთელ ე.წ. snack street-ზე მოვატარე, ბოლოს კი სახლში წამოვიღე იმ იმედით, რომ გავბედავდი და გავსინჯავდი… თუმცა ეს დროც არ დადგა და მეორე დილით ჩემმა მორიელებმა ნაგვის ურნაში ამოჰყვეს თავი.


ვანგფვუძინგზე, მწერებთან ერთად, დესერტის უამრავ დახლსაც შეხვდებით. ყველაზე ფართოდ გავრცელებულია თანგხულუ (Tanghulu; 糖葫芦). ჩვენებურად,  ბამბუკის ჯოხზე ჩამოცმული ხილისშიგთავსიანი მამალო.  პეკინური საჭმელებისა და მწერების დაგემოვნებას ამ გემრიელი დესერტით ნამდვილად დააგვირგვინებთ.