„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამაა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია არსებობს. პროგრამა შესაძლებლობას აძლევს საზღვარგარეთ მცხოვრებ 30 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს, რომ გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ ერთწლიანი მანდატით და საქართველოს პოპულარიზაციას შეუწყონ ხელი.

2023 წელს, დიასპორის ფორუმზე, ახალგაზრდა ელჩი 17 ქვეყანაში შეირჩა. ჩინეთში ეს მანდატი თამარ ქვლივიძეს გადაეცა. თამარის თქმით, მისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის სტატუსის მიღება ძალიან დიდი პატივია.

„ეს ამბავი რომ მაცნობეს, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. სიხარულთან ერთად, უზომო მადლიერებას ვგრძნობ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც კი ოდესმე დამხმარებია, რამე უსწავლებია ან, თუნდაც, რჩევა მოუცია. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჩინეთში, ბატონ არჩილ კალანდიას, რომელიც ჩემთვის მაგალითია,“ – გვიყვება თამარი.

თამარს უკვე გაწერილი აქვს პროექტების გეგმა, რომელსაც 2023 წელს განახორციელებს. იგი წლებია ჩინეთში ცხოვრობს და ფლობს ჩინურ ენას. ის დარწმუნებულია, რომ მიღებული გამოცდილება თავისი გეგმის წარმატებით შესრულებაში დაეხმარება.

მან მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ პროექტისთვის, რადგან ეს პროგრამა ძალიან ბევრ ახალგაზრდას აძლევს განვითარების, შრომისა და საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვის სტიმულს. აქვე, თამარმა ყველა ახლადარჩეულ ახალგაზრდა ელჩს უსურვა წარმატებული მანდატი.

იხილეთ თამარის ბლოგი ჩინეთზე