აპრილი28 , 2024
Home Blog Page 2

თბილისში ჩინური კინოფესტივალი მიმდინარეობს

0

17 სექტემბერს, ეროვნული არქივის კინოდარბაზში თბილისის ჩინური კინოფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოში ჩინეთის საელჩო, ჩინეთის კინოადმინისტრაცია და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მასპინძლობს. ცერემონიას 140-მდე ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ჩინეთის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი. ჩვენებას ასევე ესწრებოდნენ ჩინეთის დელეგაციის წევრები, სინოლოგები, ჟურნალისტები, ჩინური საწარმოების წარმომადგენლები საქართველოში და საერთაშორისო სტუდენტები.

ჭოუ ციენმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პანდემიის შემდეგ კინოფესტივალი პირველი დასწრებითი ხასიათის ჩინური კულტურული ღონისძიებაა, რომელიც თბილისში ტარდება. მიმდინარე წლის მარტში ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა წამოაყენა გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა, რომელიც მხარს უჭერს ხალხთა შორის გაცვლისა და თანამშრომლობის გაძლიერებას. ივლისში პრეზიდენტი სი ძინფინგი შეხვდა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს ჩენგტუში, სადაც მხარეებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან კონსენსუსს ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. ეს კინოფესტივალი ორი ქვეყნის კულტურული თანამშრომლობის სიმბოლოა.

მინისტრის მოადგილემ, ირაკლი გივიაშვილმა, ჩინეთში პრემიერ-მინისტრის წარმატებულ ვიზიტზე ისაუბრა. მისი თქმით, სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთ-საქართველოს შორის კულტურულ თანამშრომლობას.

გახსნითი ცერემონიის შემდეგ დამსწრეებმა უყურეს ფილმს „სახლში დაბრუნება“. მთავარი როლის შემსრულებელმა, ჭანგ იმ, მოწვეულ სტუმრებთან დისკუსია გამართა.

საქართველოს ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოაქვს

0

საქართველოს ტურიზმის სექტორის გასაძლიერებლად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. განცხადება გამოქვეყნდა მთავრობის სხდომაზე და მიზნად ისახავს ჩინელი ვიზიტორების მოზიდვასა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებას.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. ამის თაობაზე გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა. ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა. ჩვენ შარშან 3.5 მილიარდი დოლარის ოდენობით შემოსავალი მივიღეთ, პირდაპირი შემოსავალი ტურიზმიდან. წელს ველოდებით, რომ კიდევ უფრო მეტი იქნება, 4 და 4.5, ალბათ, სავარაუდოდ, ასეთი პროგნოზი გვაქვს.“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა და ხაზი გაუსვა ტურიზმის სექტორის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ჩინეთთან, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე ეკონომიკურ ძალასთან ურთიერთობის მნიშვნელობაზეც. „ჩინეთი დღეს არის მსოფლიოში მეორე ეკონომიკა, უძლიერესი ეკონომიკა და ჩვენთვის, ერთ-ერთი მთავარი ინტერესი არის ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, მეტი ინვესტიციების მოზიდვა ჩინეთიდან, მეტი ტურისტების მოზიდვა, ჩამოყვანა საქართველოში.“

პრემიერის თქმით, უვიზო რეჟიმის შემოღება გაზრდის ჩინელი ტურისტების ნაკადს, რომლებიც გლობალურად აღიარებულნი არიან სასურველ ვიზიტორებად. ეს ნაბიჯი უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია და ემსახურება არა მხოლოდ ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, არამედ საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების უკეთ წარმოჩენას.

„მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ კეთდება“, – აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

0

მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადა, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება.

„ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შარშან სამ მილიარდ 500 მილიონი დოლარის რაოდენობით პირდაპირი შემოსავალი მივიღეთ ტურიზმიდან. წელს ველოდებით, რომ კიდევ უფრო მეტი იქნება. ჩვენ ვმუშაობთ სხვა ბაზრებზე. გვინდა, რომ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ქვეყანაში.

ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში და ჩინეთი დღეს არის მსოფლიოში მეორე ეკონომიკა, უძლიერესი ეკონომიკა. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ინტერესია ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, მეტი ინვესტიციების მოზიდვა ჩინეთიდან, მეტი ტურისტის ჩამოყვანა საქართველოში. ამ მიზანს ემსახურებოდა ჩემი ვიზიტი.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს. შესაბამის განკარგულებას დღეს გამოვცემ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, წამახალისებელი კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად საქართველოში. მინდა, ვთქვა, რომ ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ტურისტებად ითვლებიან. ჩვენ გვაქვს პირდაპირი ფრენებიც. მე მქონდა ჩინეთის პრემიერთან საუბარი ტურიზმზეც და ფრენების საკითხზეც. მინდა, აღვნიშნო ჩინეთის მთავრობის და მათი სისტემის ეფექტურობა. სულ რამდენიმე დღეში ეკონომიკის მინისტრთან ჩამოვიდა დელეგაცია კონკრეტულად პირდაპირი ფრენების საკითხზე. პრემიერთან ჩემი შეხვედრიდან დაახლოებით ორ-სამ დღეში უკვე დელეგაცია იყო გამოგზავნილი ჩინეთიდან. გვინდა, რომ დავამატოთ მეტი რეისი, პირდაპირი ფრენები ჩინეთთან. მეტი ტურისტი გვინდა, რომ ჩამოვიდეს არა მხოლოდ ჩინეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც, მეტმა ტურისტმა ნახოს ჩვენი საოცარი, უნიკალური ქვეყანა, კულტურა, ჩვენი ხალხი და მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ კეთდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

თბილისში „სარტყელი და გზის“ კონფერენცია გაიმართა

0

6 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, ჯეოქეისისა და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „სარტყელი და გზის ინიციატივის მეათე წლისთავი, ჩინური სტილის მოდერნიზაცია და ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები“.

კონფერენციას დაახლოებით 120 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის აკადემიის წარმომადგენლები ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტიდან, ასევე პარლამენტის წევრები, სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა და ორგანიზაცია “ჯეოქეისის” წარმომადგენლები, მედიისა და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებთან ერთად.

კონფერენციის შესავალი სიტყვა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ წარმოთქვა. კონფერენცია გახსნეს საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

თავის მიმართვაში ელჩმა ჭოუ ციენმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ სი ძინფინგის „სარტყელი და გზის“ ინიციატივის მნიშვნელოვან მიღწევებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში. მან გამოთქვა ჩინეთის მხარის მზადყოფნა ინიციატივის თანამშრომლობის ფარგლებში გამოიყენოს მოდერნიზაციის გამოცდილება და ხელი შეუწყოს საქართველოს შემდგომ განვითარებას. გარდა ამისა, მან ისაუბრა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებასა და საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. გიორგი ვოლსკიმ ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს „სარტყელი და გზის“ ინიციატივაში.

კონფერენცია მოიცავდა ორ პანელს. პირველი პანელის მომხსენებლები იყვნენ: ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტი სუნ ძიშენგი; ჭა ვენი, ჩინეთის საგარეო ურთიერთობათა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი; და ვალერი ჩეჩელაშვილი, GSAC-ის ბორდის წევრი, ყოფილი ელჩი უკრაინასა და რუსეთში და საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი. დისკუსიები ეხებოდა ეკონომიკური გლობალიზაციის ხელშეწყობას, ურთიერთგანვითარებას, „სარტყელი და გზის“ ინიციატივის შუა დერეფნის მნიშვნელობასა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს.

მეორე პანელი განიხილავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა თანამედროვე ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობა, ინიციატივის მიღწევები და „ჩინური მოდერნიზაციის გზის“ შედეგები. ამ პანელის სპიკერები იყვნენ: დავით აფციაური, „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი, საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში და საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი; ცი სინი, სარტყელი და გზის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის ინსტიტუტის დირექტორი; და კუო იენძიუნი, ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტის აზიის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი. აუდიტორიის შეკითხვებს ორივე პანელის მომხსენებლებმა უპასუხეს.

კონფერენციის მსვლელობისას ელჩმა ჭოუ ციენმა მონაწილეობა მიიღო ერთობლივ ინტერვიუში საქართველოს ათზე მეტ მედიასაშუალებასთან. მან ისაუბრა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებასა და ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური მხარის ინტერესები შუა დერეფნის კონტექსტში განიხილა.

ელჩმა აღნიშნა: „ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთი თვის წინ ჩინეთმა და საქართველომ მიაღწიეს შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზეა. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩინეთისთვის, არამედ საქართველოსთვისაც“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მსგავსი თემატიკის კონფერენცია პანდემიის შემდეგ პირველად გაიმართა.

ჩინეთის საელჩომ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დღის აღსანიშნავი მიღება გამართა

0

2023 წლის 1 აგვისტოს, ჩინეთის საელჩომ საქართველოში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 96 წლის იუბილეს აღსანიშნავად მიღება გამართა. შეხვედრას 260-მდე ადამიანი დაესწრო, მათ შორის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, თავდაცვის სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და სხვა მაღალი რანგის სამხედრო და პოლიტიკური პირები, ასევე ელჩები, დიპლომატები და სამხედრო ატაშეები მრავალი ქვეყნიდან, ჩინეთის მიერ დაფინანსებული ინსტიტუტების წარმომადგენლები, სინოლოგები და ჩინური ენის ლექტორები.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ჩინეთის საელჩოს სამხედრო ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი სუ ჟუ. ატაშემ თავის გამოსვლაში თქვა, რომ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 96 წლის განმავლობაში, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით, დიდი ნაბიჯები გადაიდგა განვითარებისთვის და ეროვნული თავდაცვისთვის, ასევე სუვერენიტეტის უზრუნველყოფისა და უსაფრთხოებისთვის. ჩინეთის არმია არის ძალა მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ის ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა გაეროს სამშვიდობო მისიებში, საზღვაო ესკორტირებაში, სამაშველო და სხვა ოპერაციებში და აქტიურად უწყობს ხელს კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების შექმნას. პოლკოვნიკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობას და მზად არის გააგრძელოს ძალისხმევა მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად.

მიღება თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა. სტუმრებმა მიულოცეს ჩინეთს ბოლო წლების მიღწევები ეროვნული თავდაცვისა და სამხედრო განვითარების საკითხებში. დამსწრეებმა უყურეს მხატვრულ ფილმს „მე ვარ“, რომელშიც ნაჩვენებია ჩინეთის სამხედროების მიერ გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის განხორციელება. სტუმრებს ასევე დაურიგდათ სასაჩუქრე წიგნები.

ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია

0

ოთხშაბათს, 26 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის სჩუანის პროვინციის დედაქალაქ ჩენგტუში ჩავიდა.

ჩენგტუს საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

პრემიერ-მინისტრს აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრი ხუაი ძინპენგი, სიჩუანის პროვინციის გუბერნატორი ხუანგ ციანგი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია დახვდნენ.

დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ სპორტსმენი სტუდენტებიც.

მთავრობის მეთაური, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. წელს მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებში სპორტის 18 სახეობაში გაიმართება და მონაწილეობას 150-ზე მეტი ქვეყნის 10000-ზე მეტი სტუდენტი მიიღებს, რომელთა შორისაც 50 ქართველი მონაწილე გახლავთ. აღნიშნული ღონისძიება 28 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაგრძელდება.

FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად პეკინში გაემგზავრება.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით. ვიზიტის ფარგლებში, პეკინსა და ჩენგტუში დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა.

საინფორმაციო წყაროები: Xinhua, Government of Georgia & Prime Minister of Georgia

ვიდეომასალა: CCTV+

ჩინეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი თამარ ქვლივიძე გახდა

0

„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამაა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია არსებობს. პროგრამა შესაძლებლობას აძლევს საზღვარგარეთ მცხოვრებ 30 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს, რომ გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ ერთწლიანი მანდატით და საქართველოს პოპულარიზაციას შეუწყონ ხელი.

2023 წელს, დიასპორის ფორუმზე, ახალგაზრდა ელჩი 17 ქვეყანაში შეირჩა. ჩინეთში ეს მანდატი თამარ ქვლივიძეს გადაეცა. თამარის თქმით, მისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის სტატუსის მიღება ძალიან დიდი პატივია.

„ეს ამბავი რომ მაცნობეს, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. სიხარულთან ერთად, უზომო მადლიერებას ვგრძნობ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც კი ოდესმე დამხმარებია, რამე უსწავლებია ან, თუნდაც, რჩევა მოუცია. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჩინეთში, ბატონ არჩილ კალანდიას, რომელიც ჩემთვის მაგალითია,“ – გვიყვება თამარი.

თამარს უკვე გაწერილი აქვს პროექტების გეგმა, რომელსაც 2023 წელს განახორციელებს. იგი წლებია ჩინეთში ცხოვრობს და ფლობს ჩინურ ენას. ის დარწმუნებულია, რომ მიღებული გამოცდილება თავისი გეგმის წარმატებით შესრულებაში დაეხმარება.

მან მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ პროექტისთვის, რადგან ეს პროგრამა ძალიან ბევრ ახალგაზრდას აძლევს განვითარების, შრომისა და საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვის სტიმულს. აქვე, თამარმა ყველა ახლადარჩეულ ახალგაზრდა ელჩს უსურვა წარმატებული მანდატი.

იხილეთ თამარის ბლოგი ჩინეთზე

თავისუფალ უნივერსიტეტში “ჩინური ენის ხიდის” მე-14 შესარჩევი ტური გაიმართა

0

9 ივნისს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით, კახა ბედუქიძის კამპუსში ჩატარდა „ჩინური ენის ხიდის“ სტუდენტური კონკურსის მე-14 შესარჩევი ტური.

კონკურსში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 11 სტუდენტი მონაწილეობდა, მათ პირველ ტურში ჩინური ენაზე სიტყვით მიმარეს დამსწრე საზოგადოებას.

მეორე ტურში ჩატარდა ვიქტორინა, კონკურსანტებმა ჩინურ ენაზე პასუხი გასცეს ეკითხვებს ჩინეთის კულტურისა და ენის შესახებ, ხოლო დასკვნით ნაწილში მსაჯების წინაშე სხვადასხვა პერფორმანსით წარსდგნენ.

რიგით მე-14 “ჩინური ენის ხიდის” კონკურსის გამარჯვებული თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის მე-3 კურსის სტუდენტი, სანდრო წერეთელი გახდა.
მეორე ადგილზე გავიდნენ მარიამ ხუჭუა და ქეთევან ჭიჭიბოშვილი.
ხოლო მესამე ადგილი დაიკავეს მარიამ რეხვიაშვილმა, მარიტა ბასილაძემ და თამარ ლომიძემ.
კონკურსის გამარჯვებული ჩინეთში გაემგზავრება და „ჩინური ენის ხიდის“ ფინალურ ეტაპზე საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას. (რიგით 22-ე საერთაშორისო კონკურსის “ჩინური ენის ხიდის” დასკვნითი ტური გაიმართება ჩინეთში, სადაც პირველი ადგილისთვის იბრძოლებენ სხვადასხვა ქვეყნის ფინალისტი კონკურსანტები.)

ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს პოლიტიკური მრჩეველი, ქალბატონი სიუ ხაიჭენგი და სხვა დიპლომატები. ღონისძებას ესწრებოდა 250-მდე მაყურებელი.

დამსწრე საზოგადოებასა და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ჩინეთის საელჩოს მრჩეველმა სიუ ხაიჭენგმა და თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის დირექტორებმა, მარინე ჯიბლაძემ და სუ კუოინგმა.

ქალბატონმა სიუ ხაიჭენგმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ თავისუფალი უნივერსიტეტი კონფუცის ინსტიტუტი მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით  ასწავლის ჩინური ენასა და კულტურას.

კონკურსის ბოლოს გაიმართა თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ქართულენოვანი ესეების კონკურსებისა და ოლიმპიადის „რა ვიცით ჩინეთის შესახებ?“ დაჯილდოების ცერემონია.

წიგნის “ჩინეთის ისტორია” პრეზენტაცია გაიმართა

0

14 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს სინოლოგთა ასოციაციამ ჩინეთის ისტორიის პირველი ყოვლისმომცველი ქართულენოვანი წიგნი “ჩინეთის ისტორია” წარადგინა.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სინოლოგთა ასოციაციის წევრები, წიგნის ავტორები, როგორც ჩინური, ისე ქართული მხარის ოფიციალური წარმომადგენლები და ჩინური ენის, კულტურისა და ისტორიის შესწავლით დაინტერესებული სტუდენტები.

წარდგენის ღონისძიება მომხსენებლების სიტყვით გამოსვლასთან ერთად, მრავალ კულტურულ წარმოდგენასა  და სხვადასხვა შემოქმედებით აქტივობას მოიცავდა. პრეზენტაციის ფარგლებში შესრულდა რამდენიმე ტრადიციული ჩინური ცეკვა და კლასიკური მუსიკის ნაწარმოებები, ახალგაზრდა ბალერინებმა კი შესანიშნავი საბალეტო წარმოდგენა შემოგვთავაზეს.

ღონისძიება საზეიმო ტორტის გაჭრით, სამახსოვრო კალიგრაფიული ნიმუშების შექმნითა და ფურშეტით დაგვირგვინდა.

“ჩინეთის ისტორია” პირველი ქართული გამოცემა გახლავთ, რომელიც მოიცავს ჩინეთის მდიდარ ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის ანალიზით. გთავაზობთ საინტერესო და ყოვლისმომცველ ინფორმაციას ჩინეთის მდიდარი და მრავალფეროვანი წარსულის შესახებ.

წიგნის ქართველ ავტორ-სინოლოგთა მიზანი თავიანთი ცოდნისა და შეხედულებების ქართველი მკითხველებისთვის გაზიარება გახლდათ. წიგნზე მუშაობდნენ ქართველ სინოლოგთა გუნდი, საქართველოს სინოლოგთა ასოციაციის წევრები:

ოთარ ჭიღლაძე, დავით ანდღულაძე, ნანა გელაშვილი, შალვა ჩიხლაძე, არჩილ კალანდია და მთავარი რედაქტორი და შემდგენელი მარინე ჯიბლაძე.

წიგნი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, ლექტორებისა და ჩინეთით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის. მისი შეძენა წიგნების მაღაზია “ლიგამუსში” შეგიძლიათ. მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჭავჭავაძის 32

History of China_ჩინეთის ისტორია_中国历史

ალტეს უნივერსიტეტში ჩინური ენის ხიდის კონკურსი გაიმართა

0

„ჩინური ენის ხიდი“ არის საერთაშორისო კონკურსი, რომლის ფინალური ნაწილი ყოველწლიურად ჩინეთში იმართება. კონკურსის გამარჯვებული სტუდენტი მიემგზავრება ჩინეთში და ქვეყნის სახელით 100-ზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენელთან ერთად მონაწილეობს კონკურსში.

2023 წლის 10 ივნისს, ალტეს უნივერსიტეტში წარმატებით ჩატარდა მე-16 „ჩინური ენის ხიდის“ კონკურსი სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის და მე-3 „ჩინური ენის ხიდის“ კონკურსი დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის. კონკურსში ჯამში მონაწილეობდა 23 დაწყებითი კლასების მოსწავლე და 13 საშუალო საფეხურის მოსწავლე. შეჯიბრი ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. დაძაბულ კონკურსში გაიმარჯვეს დემეტრე ოქრიაშვილმა (დაწყებითი საფეხური) თბილისის თავისუფალი სკოლიდან და ანდრია კვირიკაშვილმა (საშუალო საფეხური) თბილისის 171-ე საჯარო სკოლიდან. შეჯიბრის წესების მიხედვით, ისინი საქართველოს წარმოადგენენ „ჩინური ენის ხიდის“ კონკურსის ფინალურ ეტაპზე, ჩინეთში.

კონკურსს ესწრებოდნენ საქართველოში ჩინეთის საელჩოს პოლიტიკური მრჩეველი ქალბატონი სიუ ხაიჭენგი, ასევე საელჩოს წარმომადგენელი სიუ ჭონგსინი, საქართველოს განათლების სამინისტროს „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ პროექტის წარმომადგენელი ქალბატონი თეა, ჩინეთის კვლევების ცენტრის პროფესორი ავთანდილ კიკნაძე, პროფესორი ლიუ კუანგვენი, საქართველოს აბრეშუმის გზის კულტურის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საპატიო თავმჯდომარე, ალტეს უნივერსიტეტის მენეჯერი თამთა ნიკოლაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დეკანი ანი გვეტაძე, კონფუცის ინსტიტუტის დირექტორი ჭანგ ვენგანგი და ქუთაისის კონფუცის კლასის დირექტორები გიორგი დათუაშვილი და ჭუ ძიენპინგი.

მრჩეველი, სიუ ხაიჭენგითავის გამოსვლაში მრჩეველმა სიუ ხაიჭენგმა მიმოიხილა ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობების ისტორია და წინა „ჩინური ენის ხიდის“ შეჯიბრებების მონაპოვარი. მან აღნიშნა, რომ ჩინეთიც და საქართველოც უძველესი ცივილიზაციების მქონე ქვეყნებია, ორ ხალხს მეგობრობის დიდი ისტორია აქვს და „სარტყელი და გზის“ ერთობლივმა ინიციატივამ საოცარ შედეგებს მიაღწია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა მდგომარეობს ხალხთა მეგობრობაში, ხოლო ხალხებს შორის მეგობრობა სულიერ კავშირში იმალება. ჩინეთ-საქართველოს მეგობრული და თანამშრომლური ურთიერთობების სიღრმისეული განვითარების ფონზე, ჩინური ენის სწავლა უფრო მეტ პოტენციალს წარმოქმნის მომავალი განვითარებისთვის. მან მოუწოდა კონკურსანტებს გამოიყენონ ენა, როგორც ხიდი ჩინური კულტურისა და ჩინეთის განვითარების უკეთ გასაგებად და გახდნენ ელჩები ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის. მან ახსენა, რომ საქართველოში ჩინეთის საელჩო მუდამ მზადაა იმუშაოს ქართველებთნ, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან და დაეხმაროს მათ ჩინური ენის შესწავლაში, რაც თავისმხრივ, ხელს შეუწყობს ჩინეთსა და საქართველოს შორის კულტურულ გაცვლასა და კულტურულ ინტეგრაციას.

დაწყებითი სკოლის კონკურსი ორ ნაწილად იყოფოდა: ჩინურ ენაზე სიტყვით გამოსვლა და ტალანტ შოუ. სიტყვით გამოსვლის თემა იყო „ჩინური, სიხარული და გართობა!“. კონკურსანტებმა ისაუბრეს თავიანთ ისტორიაზე, გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას ენის შესწავლის გამოცდილება და გამოხატეს თავიანთი დიდი ინტერესი ჩინეთის მიმართ. ტალანტ შოუს სეგმენტში კონკურსანტებმა წარმოაჩინეს მათი ჩინური კალიგრაფიის, ფერწერის, სიმღერისა და ცეკვის უნარები.

საშუალო საფეხურის კონკურსი სამ ნაწილად დაიყო: სიტყვით გამოსვლა, ვიქტორინა და ტალანტ შოუ. წლევანდელი კონკურსის თემაა „იფრინე მაღლა ჩინეთთან ერთად“. მოსწავლეებმა ისაუბრეს მათ სიყვარულზე ჩინეთის მიმართ და სურვილზე გააგრძელონ ჩინური ენის შესწავლა.

სიუ ჭუნგსინიკონკურსი საქართველოში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელმა სიუ ჭუნგსინმა შეაჯამა. მისი თქმით, ძალიან შთამაგონებელია ამდენი ახალგაზრდა კონკურსანტის ხილვა, რომლებმაც უკვე ბევრი რამ ისწავლეს. „ჩინური ენის ხიდი“ აშენებს მეგობრობის ხიდს ჩინელ და ქართველ ხალხებს შორის, რომლის მიზანია ჩინური ენის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ჩინური კულტურის წინსვლა. მან გამოთქვა ჩინეთის საელჩოს მზადყოფნა. ხელი შეუწყოს ქართული და ჩინური კულტურის მოყვარულებს, ისწავლონ ჩინური ენა და დავეხმაროთ ჩინეთსა და საქართველოს შემდგომ განვითარებაში.

თავის დასკვნით სიტყვაში, ალტეს უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ჩინელმა დირექტორმა ბატონმა ჭანგ ვენგანგმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის საელჩოს საქართველოში და ალტეს უნივერსიტეტს მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, კონფუცის ინსტიტუტი გააგრძელებს შრომას, განვითარებას და მუდმივად ხელს შეუწყობს ჩინური ენის სწავლებას და ჩინური კულტურის გავრცელებას, შექმნის კარგ პლატფორმას კულტურის მოყვარულთათვის და დადებით წვლილს შეიტანს ჩინეთ-საქართველოს კულტურულ გაცვლაში.

მუსიკის ფონზე კონკურსი წარმატებით დასრულდა. პროფესორმა ლიუ კუანგვენმა, ბატონმა სიუ ჭონგსინმა და სხვა სტუმრებმა სათითაოდ გადასცეს ჯილდოები გამარჯვებულებს და გადაიღეს ჯგუფური ფოტო ამ მომენტის აღსანიშნავად.