ამჟამად ხალხი გაზაფხულის ფესტივალს ახალ წელსაც უწოდებს. რეალურად კი, ახალი წლისა და გაზაფხულის ფესტივალის წარმოშობა საერთოდაც არაა ერთნაირი. ჩინეთში ახალი წლის ტრადიციები, მართალია, უძველესი დროიდან არსებობს, მაგრამ მას გაზაფხულის ფესტივალად არ მოიხსენიებდნენ. რასაც გაზაფხულის ფესტივალს ეძახდნენ, იყო ლიჩუნი, ოცდამეოთხე მზის პერიოდი.[1]

მაშინ საიდან გაჩნდა ახალი წელი? ამასთან დაკავშირებით არსებობს უძველესი თქმულება. უძველეს დროში არსებობდა სასტიკი ურჩხული, რომელსაც ნიენი [2] ერქვა. ლეგენდის თანახმად, იგი ქარზე სწრაფი იყო და ელვაზე დიდი ხმის გამოცემა შეეძლო. ძალიან დიდი ხანი ეს ურჩხული ზღვის ქვეშ ცხოვრობდა და მთელი წელი ეძინა. მხოლოდ წლის ბოლოს იღვიძებდა.

ყოველ ჯერზე, როცა ლას თვის ოცდაათი რიცხვი მოაწევდა, იგი მიწის ზედაპირზე ამოდიოდა, სოფლებს აწიოკებდა და ხალხს ხოცავდა. შეშინებული სოფლის მცხოვრებლები გარბოდნენ და თავს მთებს აფარებდნენ. ერთხელაც ლას თვის ოცდაათში საღამოს ნიენი ერთ სოფელს მიადგა და გადააწყდა ორ ბავშვს, რომლებიც მათრახების ტყორცნაში ეჯიბრებოდნენ ერთამენთს. ნიენმა უეცრად მათრახების ტყლაშუნის ხმა გაიგონა და შიშისაგან უკან მოკურცხლა. ახლა სხვა სოფელს დააცხრა თავს, სადაც ერთ-ერთი სახლის ზღურბლზე თვალი მოკრა გამოკიდულ წითელ სამოსს და შეშინებულმა გაქცევით უშველა თავს. ამის შემდეგ კიდევ მიადგა ერთ-ერთ სოფელს. ერთი სახლის კარს იქით შეიხედა და თვალი მოჰკრა კაშკაშა სინათლეს, რომელმაც თვალი მოჭრა და გააბრუა. ისღა

დარჩენოდა კუდამოძუებული უკან გაბრუნებულიყო. როცა ხალხმა დაინახა, რომ ნიენს ხმაურის, წითელი ფერისა და სინათლის შიში ჰქონდა, წინააღმდეგობის გაწევის უამრავ ხერხს მიმართა. შედეგად, ფოირვერკების გაშვება, გაზაფხულის ფესტივალის კუპლეტებისა და ახალი წლის წითელ მისაკრავების მიმაგრება თუ სხვანი, თანდათან, დღევანდელ საახალწლო ჩვეულებებად გარდაიქმნა.

არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვით ხალხს ურჩხულის დაფრთხობა სოფელში მოსულმა თეთრწვეროსანმა მწირმა ასწავლა. მოხუცი სწორედ მაშინ გამოჩნდა, როცა ისინი მთებისკენ მირბოდნენ. ერთმა მოხუცმა ქალმა დააპურა და ურჩია, თავადაც გასცლოდა იქაურობას. მან კი ქალს სახლში ღამის გათევა სთხოვა და სამაგიეროდ ნიენთან გამკლავებას დაჰპირდა. გაქცეულებმა რომ შეამჩნიეს, რამდენიმე დღის შემდეგაც სოფელს არაფერი მოსვლია, უკან დაბრუნდნენ. მოხუცი ქალის სახლს მიადგნენ და დაინახეს, რომმწირს სახლზე წითელი მისაკრავები მიემაგრებინა, ეზოში ბამბუკი იწვოდა და სახლში დანთებული წითელი სანთლები ჯერაც არ ჩამქრალიყო. იფიქრეს, ბედნიერი დღე მოგვადგა კარსო, მაშინვე შეიმოსნენ ახალი ტანსაცმლითა და ქუდებით და ახლობლებისკენ გასწიეს, რათა მათთვისაც ესწავლებინათ ურჩხულის დაფრთხობა(თუ როგორ დაეფრთხოთ ურჩხული) და ეზეიმათ. თქმულების თანახმად, მოხუცი მწირი ციდან დედამიწაზე ჩამოსული ღმერთი აღმოჩნდა.

  ისტორიულად, ახალი წლის თავდაპირველი დასახელება მიწათმოქმედებიდან მომდინარეობს. ხალხი მოსავლის აღების ციკლს ნიენად, იგივე წლად, მოიხსენიებდა. ყველაზე ძველი დინასტიების, სიასა და შანგის დროს შეიქმნა სიას ანუ მთვარის კალენდარი. ნიენის სახელი ჭოუს დინასტიიდან ჩნდება და მისი შემდგომი ხანის დინასტიისას მკვიდრდება. როგორც ამბობენ, მთვარის კალენდრის ახალ წელს გაზაფხულის ფესტივალი ოფიციალურად 1911 წლის ჩინეთის რევოლუციის შემდეგ დაერქვა.

[1] აზიური მთვარის კალენდრული წელი იყოფა 24 მზის პერიოდად. 立春 ლიჩუნი ითვლება გაზაფხულის დასაწყისად.

[2] 年 ნიენ ჩინურიდან ითარგმნება როგორც წელი, ახალი წელი.