[:ka]

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული სესიის – The Silk Road Effect მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სესიაზე განიხილეს, როგორ ზეგავლენას ახდენს თანამედროვე აბრეშუმის გზის ფარგლებში განხორციელებული პოლიტიკური და ინფრასტრუქტურული ინვესტიცია ეკონომიკურ ზრდასა და ევროპისა და აზიის ჰარმონიზაციის პროცესებზე.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ჩინეთის პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პროექტში – „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას, რაც, მისი თქმით, პროექტში ჩართული ქვეყნების განვითარების უდიდესი შესაძლებლობაა.
“ესაა ალტერნატივების ქსელი – თითოეული მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია ევრაზიაში ეკონომიკის ზრდისა და ჯანსაღი ეკონომიკის შესაქმნელად. ეს პროექტი ერთდროულად კონკურენციასაც გულისხმობს და თანამშრომლობასაც.”– განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ტრადიციულად, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, მსოფლიო ბიზნესის ლიდერებს, მეცნიერებს, ეკონომისტებს, პოლიტოლოგებს მასპინძლობს. წლევანდელ ფორუმში, რომლის დევიზია “პასუხისმგებლიანი ლიდერობა,” მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები, 50 ქვეყნის 1000-მდე მსხვილი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. საქართველოს დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში არიან – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი -პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.

[:]