უკვე წელიწადზე მეტია რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს. უკრაინის კრიზისმა არა მხოლოდ ლოკალურ დონეზე მოახდინა გავლენა, არამედ საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა გლობალურ უსაფრთხოებას და დღის წესრიგში დააყენა საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უსაფრთხოების ახალი კონცეფციის საჭიროება. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა ჩინეთის პოზიცია და მისი საერთო, ყოვლისმომცველი, თანამშრომლობითი და მდგრადი უსაფრთხოების კონცეფცია გაგვაცნო.

2022 წლის აპრილში პრეზიდენტი სი ძინფინგი „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივით“ გამოვიდა, რომლის გრძელვადიანი მიზანი უსაფრთხო თანამეგობრობის ჩამოყალიბება გახლავთ. ეს არის უსაფრთხოების ახლებური გზა, რომელიც დაპირისპირების, ალიანსის და ნულოვანი ჯამის თამაშის საპირისპიროდ – დიალოგს, პარტნიორობასა და საერთო სარგებელს გვთავაზობს. ინიცირებიდან მალევე მას საერთაშორისო საზოგადოებისგან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ამ დრომდე ოთხმოცზე მეტმა ქვეყანამ და რეგიონულმა ორგანიზაციამ გამოხატა მის მიმართ მხარდაჭერა.

ზემოაღნიშნული ინიციატივა იგი მხარს უჭერს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემას, გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ქვეყნების ლეგიტიმური წუხილის გათვალისწინებას, კონფლიქტებისა და დავების დიალოგითა და კონსულტაციებით, მშვიდობიანი გზით გადაჭრას, ტრადიციული და არატრადიციული სფეროების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის კომპლექსურ დაგეგმარებას. ამასთან, იგი ეფუძნება ჩინური კულტურის ბრწყინვალე ტრადიციებს, რომლის თანახმად მშვიდობა ყველაზე ძვირფასი რამაა.

დაინტერესებული ქვეყნებისთვის ინიციატივის შინაარსის დეტალურად გაცნობის მიზნით, რამდენიმე დღის წინ ერთგვარი „ინსტრუქცია“ გამოქვეყნდა, „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის კონცეფციის“ სახით. დოკუმენტში წარმოდგენილია თანამშრომლობის 20 ძირითადი მიმართულება, რომელიც შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება: უსაფრთხოების საკითხებში გაეროს ცენტრალური როლის მხარდაჭერა, დიდ სახელმწიფოებს შორის კოორდინაციისა და ჯანსაღი ურთიერთქმედების ხელშეწყობა, მწვავე საკითხების დიალოგისა და მშვიდობის გზით გადაწყვეტა, ტრადიციული და არატრადიციული უსაფრთხოების გამოწვევებზე ეფექტური საპასუხო ზომების მიღება, გლობალური უსაფრთხოების მართვის სისტემის და შესაძლებლობების მუდმივად გაძლიერება.

უკრაინის კრიზისის დაწყებიდან მოყოლებული, ჩინეთი თავის სამართლიან, ობიექტურ და მიუკერძოებელ პოზიციას აფიქსირებს. კონფლიქტის დაწყების მეორე დღესვე პრეზიდენტი სი ძინფინგი დავის დიალოგის გზით გადაწყვეტის წინადადებით გამოვიდა და ძირითადი აქცენტი დაპირისპირების თავიდან აცილების აუცილებლობაზე გააკეთა.

უკრაინაში კრიზისის დაწყების ერთი წლის თავზე, ჩინურმა მხარემ უკრაინაში კრიზისის მოგვარების ჩინური პროექტი გამოაქვეყნა – „ჩინეთის პოზიცია უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის თაობაზე.“ დოკუმენტი 12 პუნქტს მოიცავს. მათ შორისაა: ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა, ცივი ომის მენტალიტეტის უკუგდება, საომარი მოქმედებების შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება, ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარება, ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების დაცვა, სტრატეგიული რისკების შემცირება, ბირთვული იარაღის გამოყენებისა და ბირთვული ომის წარმოების დაუშვებლობა და სხვა.

ჩინეთი ყოველთვის მშვიდობისა და დიალოგის მხარესაა და როგორც „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის“ უერთგულესი აღმსრულებელი აქტიურად უწყობს ხელს უკრაინაში კრიზისის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოგვარებას. 

ჭოუ ციენის განცხადებით, მსოფლიოს განვითარებისთვის მშვიდობა სჭირდება. იგი იმედოვნებს, რომ ჩინეთი საქართველოსთან და სხვა მშვიდობისმოყვარე განვითარებად სახელმწიფოებთან ერთად „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივით“ განსაზღვრულ კურსს გაუყვება. ჩინელ და ქართველ ხალხს მარადიულ მშვიდობას, განვითარებასა და კეთილდღეობას უსურვებს.

წყარო