ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის აღმოსავლეთის სარდლობამ დაასრულა თავისი პატრულირება და „ერთობლივი მახვილის“ წვრთნები თაივანის კუნძულის ირგვლივ, განაცხადა სარდლობის სპიკერმა, უფროსმა პოლკოვნიკმა ში იმ. პატრულირება და წვრთნები ჩატარდა თაივანის სრუტის საზღვაო რაიონებსა და საჰაერო სივრცეში, კუნძულის ჩრდილოეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებზე.

შაბათს დაწყებული სამდღიანი ოპერაციის დროს, ძალებმა გამოიკვლიეს ერთობლივად მოქმედების შესაძლებლობა ბრძოლის ველზე რეალისტური სცენარით.

„სარდლობის ძალები მზად არიან და შეძლებენ დაუპირისპირდნენ მტერს საჭიროების შემთხვევაში და გაანადგურონ როგორც „თაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტული აქტები, ასევე საგარეო ჩარევა“, – თქვა სპიკერმა.

სამხედრო ოპერაციები „სერიოზული გაფრთხილებაა „თაივანის დამოუკიდებლობის“ მომხრე სეპარატისტებისა და გარე ძალების შეთქმულებისა და პროვოკაციების მიმართ და აუცილებელი ნაბიჯია ჩინეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, – თქვა შიმ შაბათს, წვრთნების დაწყებისთანავე.

წვრთნების დროს, შის სარდლობამ გამოიყენა საარტილერიო, საჰაერო, საზღვაო და სარაკეტო დანაყოფები ტერიტორიის ბლოკადისა და თაივანში სტრატეგიულ სამიზნეებზე თავდასხმის სიმულაციისთვის.

სარდლობის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო კლიპებში ნაჩვენებია სახალხო განმათავისუფლებელი არმიის უახლესი აპარატურა, როგორიცაა Y-20 სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი და PCL-191 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა.

ჩინური წარმოების სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი Y-20
PCL-191 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა

სახალხო განმათავისუფლებელი არმიის წვრთნები მოჰყვა თაივანის ლიდერის, ცაი ინგ-ვენისა და ამერიკის შეერთებული შტატების პალატის სპიკერის, კევინ მაკკარტის შეხვედრას.

ცაის ვიზიტი ცენტრალურ ამერიკაში 29 მარტიდან 7 აპრილამდე გაგრძელდა. იგი ამ პერიოდში ნიუ-იორკსა და ლოს ანჯელესს ესტუმრა.

ხუთშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ ჩინეთი ეწინააღმდეგება აშშ-სა და თაივანს შორის ოფიციალური ურთიერთქმედების ყველა ფორმას და თაივანის ხელისუფლების ლიდერის ვიზიტებს აშშ-ში. ჩინეთი ასევე მტკიცედ ეწინააღმდეგება ამერიკული მხარის კონტაქტს თაივანის მმართველ დემოკრატიულ პროგრესულ პარტიასთან ნებისმიერი ფორმით, რადგან ეს არღვევს „ერთი ჩინეთის პრინციპს“ და აშშ-ჩინეთის სამი ერთობლივი კომუნიკეს დებულებებს.

„სახალხო განმათავისუფლებელი არმია ინარჩუნებს თავის პასუხისმგებლობასა და მზადყოფნას. არმია მტკიცედ დაიცავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მშვიდობასა და სტაბილურობას თაივანის სრუტეზე”, – ნათქვამია სპიკერის განცხადებაში.