ბრიტანელი დეკონსტრუქტივისტი არქიტექტორი ზაჰა ჰადიდი ჩინეთისთვის ნაცნობ და საყვარელ არქიტექტორთა რიცხვს მიეკუთვნება. ზაჰას დიზაინის ფირმა „Zaha Hadid Architects (ZHA)“ მისი გარდაცვალების შემდეგაც არ კარგავს აქტუალურობას, სწორედ ამ უკანასკნელის მიერაა აშენებული 2019 წელს ცნობილი პეკინის ტასინგის საერთაშორისო აეროპორტი.

2021 წელს ფირმამ ითანამშრომლა შანხაის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმთან ფართომასშტაბიანი გამოფენის მოსაწყობად. შედეგად მუზეუმში წარმოდგენილი გახლდათ ჰადიდის საკულტო დიზაინის ასობით მოდელი, ფოტო და აუდიო-ვიზუალური ნამუშევრები.

რევოლუციური, კრეატიული, ინოვაციური – ამ და კიდევ სხვა მრავალი ეპითეტით მოიხსენიებენ ჰადიდის შემოქმედებას. ჩინეთში თავის პირველ რეტროსპექტივაში, Zaha Hadid Architects-მა ნათელი მოჰფინა მისი გამომგონებლობის ბრწყინვალებასა და სიღრმეს, უნიკალურ არქიტექტურულ ენასა და შეუპოვარ სამუშაო ეთიკას.

გამოფენის მეორე სართული ჰადიდის არქიტექტურული დიზაინის მიმოხილვას მიეძღვნა, რაც მოიცავდა შენობების მოდელებსა და ფოტოებს, რომელიც ფირმამ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში შექმნა. გარდა სავაჭრო კომპლექსებისა, ძვირადღირებული აპარტამენტებისა და ცათამბჯენებისა, ZHA-მ შექმნა მაღალი დონის საჯარო პროექტების სერია, როგორიცაა ხიდები, მეტროს სადგურები და ფეხბურთის სტადიონები.

მესამე სართული იმ ფილოსოფიასა და ტექნოლოგიებში მოგზაურობას დაეთმო, რომლებიც ჰადიდს მისი ხედვის რეალიზებაში დაეხმარა, რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის ყოველ ნაბიჯზე.  ასევე წარმოდგენილი იყო სპეციალური განყოფილება, რომელიც ზაჰა ჰადიდის დიზაინს (ZHD) მიეძღვნა, როგორიცაა ავეჯი, განათება, სამკაულები და მოდა.

საერთო ჯამში, გამოფენა ცოტათი ZHA-ს დიდ სარეკლამო კამპანიას ჰგავდა, რომელიც ჰადიდის მთელი ცხოვრების მანძილზე მუშაობისა და კვლევის შესახებ სიღრმისეული ინფორმაციის მიწოდებას ისახავდა მიზნად.