თსუ-ს კურსდამთავრებულებმა ნინო რჩეულიშვილმა და დიმიტრი პაპუკაშვილმა ქალაქ შენჭენში (Shenzhen), ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამხრეთის უნივერსიტეტში (Southern University of Science and Technology, SUSTech) სამედიცინო ფაკულტეტის ფარმაკოლოგიის დეპარტამენტში მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით მუშაობა 2020 წლიდან დაიწყეს. პარალელურად კი აქტიურად იყვნენ ჩართულები SUSTech-ში ვაქცინაციის „რნმ“ ტექნოლოგიების განვითარების კვლევებში.

2015 წელს თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის “გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია” მესამე სემესტრის სტუდენტებმა, ნინო რჩეულიშვილმა და დიმიტრი პაპუკაშვილმა, 2015-2016 სასწავლო წლისთვის პეკინის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში  ქიმიის საინჟინრო და ტექნოლოგიის  სამაგისტრო პროგრამაზე (Chemical Engineering and Technology) სწავლის უფლება მოიპოვეს. ეს სასწავლებელი მსოფლიო რეიტინგში  300 საუკეთესო  უნივერსიტეტს შორისაა.

პეკინის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ქიმიის საინჟინრო და ტექნოლოგიის  სამაგისტრო პროგრამაზე ერთი სემესტრის გავლის შემდეგ, მათ განაცხადი ჩინეთში სადოქტორო პროგრამის “ბიოსამედიცინო ინჟინერია” (Biomedical Engineering) მიმართულებაზე გააკეთეს და აღნიშნულ პროგრამაზე სასწავლებლად სრული დაფინანსება მიიღეს, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ დოქტორის ხარისხი მოიპოვეს.

ამჟამად მათი კვლევითი ჯგუფი მუშაობს რნმ-ვაქცინების დიზაინზე, სინთეზსა და კვლევებზე სხვადასხვა ინფექციური დაავადებების პრევენციისათვის. მაგალითად, იკვლევს ვაქცინებს კოვიდ-19-ის, გრიპის ვირუსის, B ჰეპატიტის ვირუსის, ფსეუდომონას, და სხვა ვირუსისა თუ ბაქტერიის წინააღმდეგ.

„რნმ ტექნოლოგია ძალიან ეფექტიანი, უსაფრთხო და მომავლის ტექნოლოგიაა. ისეთი წამყვანი ფარმაკოლოგიური კომპანიები როგორიცაა Moderna, და Pfizer მუშაობენ უამრავ რნმ-ვაქცინაზე როგორც ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის, ისე სხვადასხვა სიმსივნის სამკურნალოდ. კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ამ ტიპის ვაქცინებით ბრძოლამ გვაჩვენა თუ როგორი ხელსაყრელია რნმ-ვაქცინები. მ-რნმ (მატრიცული რნმ) წარმოადგენს მოლეკულას, რომელსაც შეუძლია ამა თუ იმ ვირუსის ნაწილის შესახებ ინფორმაცია შეიტანოს ჩვენს ორგანიზმში, რასაც მოჰყვება იმუნური მეხსიერების ჩამოყალიბება და იმ შემთხვევაში, თუკი რეალური ვირუსი დაგვაინფიცირებს, ჩვენი იმუნიტეტი უკვე მზად იქნება მის წინააღმდეგ საბრძოლველად. ტრადიციული ვაქცინებისგან განსხვავებით, რომლებშიც შესუსტებული ან მოკლული მაგრამ მთლიანი ვირუსი ან ვირუსის შემადგენელი ნაწილი მოიაზრება, რნმ-ვაქცინა გაცილებით უსაფრთხოა, მარტივად და სწრაფად მზადდება და ასევე, ძალიან ეფექტიანია“. – განმარტავენ ახალგაზრდა მკვლევრები.

უნდა აღინიშნოს, რომ  ნინო და დიმიტრი ჩინეთში პანდემიის პერიოდშიც სწავლობდნენ და მუშაობდნენ. 2019 წლის ბოლოს, როდესაც ჩინეთში პანდემია დაიწყო ისინი პეკინში იმყოფებოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ჩინური ახალი წლის გამო მთელი უნივერსიტეტი და ქვეყანა ისვენებდა, ექსპერიმენტების კეთებას გაგრძელებას. 2020 წლის პირველ თებერვალს საქართველოში დაბრუნდნენ და დაახლოებით ერთი წელი საქართველოდან აგრძელებდნენ თეზისზე მუშაობას. 2020 წლის ზაფხულში ონლაინ-დაცვამ წარმატებით ჩაიარა.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანს ვილნიუსის პრესტიჟულ უნივერსიტეტში პოსტდოკის გაკეთების შესაძლებლობა მიეცა, SUSTech-იდან მიღებული მოწვევის შემდეგ, ნინომაც და დემეტრემაც ვილნიუსში წასვლაზე უარი თქვა და პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად (რომელიც კარანტინს, თვითიზოლაციასა და მრავალ მკაცრ რეგულაციას მოიცავდა), ჩინეთში დაბრუნება გადაწყვიტა. ჩინეთის საელჩომ გამონაკლისი დაუშვა, საკონსულომ მათ ვიზები მისცა და 2021 წლის მარტში ორივე ჩინეთში დაბრუნდა.

ჩინეთში მყოფი სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებულები საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მომავალ თაობებს ჩინეთში სწავლის გაგრძელებას ურჩევენ და ხაზს უსვამენ მომავალი უცხოელი სტუდენტებისთვის ჩინური ენის შესწავლის აუცილებლობას:

„საქართველოს სტუდენტების უმრავლესობა ცდილობს ევროპის და ამერიკის მიმართულებით წასვლას, რაც ნამდვილად გამართლებულია. თუმცა, ხშირ შემთხვევაში შეიძლება ეს არც გამოუვიდეთ, ვინაიდან კონკურენცია საკმაოდ დიდია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთში კონკურენციის გარეშე იღებენ უცხოელ სტუდენტებს. აქ აუცილებელია ძლიერი პროფილის ქონა და დიდი შრომისმოყვარეობა. ვურჩევთ მონდომებულ და შრომისმოყვარე სტუდენტებს არ დაივიწყონ დედამიწის მეორე მხარესაც რომ არის მაღალი დონის სასწავლებლები, სადაც დიდი დაფინანსებაა. მაგალითად, ჩვენს სფეროში, პრობლემას არ წარმოადგენს  სამეცნიერო კვლევების ჩატარება, რომლებიც ყოველთვის დაკავშირებულია ფინანსებთან. პეკინში კიდევ არის მსოფლიო დონის უნივერსიტეტები, როგორიცაა Tsinghua University და Peking University. ერთი მთავარი გამოწვევა ჩინეთში ცხოვრებისას ჩინური ენაა. აქ ცხოვრებამ დაგვანახა, რომ ჩინური ენის გარკვეულ დონეზე ცოდნა აუცილებელია უცხოელისთვის“.

წყარო