ოთხშაბათს, 26 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის სჩუანის პროვინციის დედაქალაქ ჩენგტუში ჩავიდა.

ჩენგტუს საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

პრემიერ-მინისტრს აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრი ხუაი ძინპენგი, სიჩუანის პროვინციის გუბერნატორი ხუანგ ციანგი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია დახვდნენ.

დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ სპორტსმენი სტუდენტებიც.

მთავრობის მეთაური, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. წელს მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებში სპორტის 18 სახეობაში გაიმართება და მონაწილეობას 150-ზე მეტი ქვეყნის 10000-ზე მეტი სტუდენტი მიიღებს, რომელთა შორისაც 50 ქართველი მონაწილე გახლავთ. აღნიშნული ღონისძიება 28 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაგრძელდება.

FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად პეკინში გაემგზავრება.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით. ვიზიტის ფარგლებში, პეკინსა და ჩენგტუში დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა.

საინფორმაციო წყაროები: Xinhua, Government of Georgia & Prime Minister of Georgia

ვიდეომასალა: CCTV+