კარის მფარველი ღმერთი

Keti Mtchedlishvili

0
59

ჩინური ახალი წლის პერიოდში სახლის კარზე შეხვდებით ნახატს, რომელზეც კარის მცველი ღმერთია გამოსახული, მას კარის ღმერთსაც უწოდებენ. ხალხის რწმენით, კარის ღმერთი განდევნის ავ სულებს, იცავს სახლს, მის უსაფრთხოებას, ხელს უწყობს სარგებლიანობის გაზრდას, კეთილდღეობის შემოტანას და სხვა.

ჩინელ ხალხში კარის მფარველი ღმერთი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ტრადიციულ ჩინურ სახლს წინ დიდი ჭიშკარი აქვს, ორი ფრთით, რომელიც შუა ნაწილში იღება, ამიტომ კარის მცველ ღმერთს, ძირითადად, წყვილში გამოსახავდნენ ხოლმე, კარის მარჯვენა და მარცხენა ფრთაზე. ორი კარის მფარველიდან, ერთი გამოსახული იყო სწავლულის, ხოლო მეორე მებრძოლის ფორმაში. ტრადიციის მიხედვით, გაზაფხულის ფესტივალის წინა ღამით, ოჯახი გართულია სამშვენისების გაფორმებასა და კარზე მფარველი ღმერთების ნახატების გაკვრით, რომელთაც ისინი ახალ წელს წარმატების მოტანას სთხოვენ.

კარზე მფარველი ღმერთის გამოსახვის ტრადიცია სათავეს თანგის დინასტიიდან[1] იღებს. გადმოცემის მიხედვით, იმპერატორი თაიწუნგი[2] ერთხელ ავად გახდა, დაესიზმრა, რომ სასახლეში მოჩვენებები დაძრწოდნენ, რომელთაც მისი წაყვანა უნდოდათ. ეს სიზმარი ქვეშევრდომებს გაანდო, ისტორია სწრაფად გავრცელდა საიმპერატორო სასახლეში. იმისთვის, რომ იმპერატორს მშვიდად დაეძინა, ამ დღიდან საძინებლის კართან ყოველ ღამე მისი ორი გამორჩეული გენერალი დგებოდა, რომლებიც თაიწუნგს და მის მამას თანგის დინასტიის დაარსებაში დაეხმარნენ. ამ დღის შემდეგ, იმპერატორი ცუდ სიზმრებს აღარ შეუწუხებია და ყოველთვის უშფოთველად ეძინა, რადგან იცოდა, მისი საუკეთესო მებრძოლები საძინებლის კარს დარაჯობდნენ.

ეს ლეგენდა მალევე გავრცელდა სასახლის გარეთ, ხალხმა აქტიურად დაიწყო კარისმცველების დახატვა და მათი კარზე დამაგრება. ტრადიცია მას შემდეგ გრძელდება და თანამედროვე ჩინეთშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

[1] თანგის დინასტია(唐朝-თანგ ჩაო)- მმართველი დინასტია 618-907 წლებში, ეს პერიოდი ჩინური კულტურის ოქროს ხანად მიიჩნევა.

[2] იმპერატორი თაიწუნგი(太宗)-თანგის დინასტიის მეორე იმპერატორი, ჩინეთს მართავდა 626-649 წლებში. იგი მიიჩნევა დინასტიის თანადამაარსებლად, მამასთან-ლი იუენთან(李渊) ერთად.