ჩინელი ხალხი ერთი წლის პერიოდს მთვარის სისავსით განსაზღვრავდა, რის შედეგადაც წელიწადი თორმეტ ნაწილად დაიყო. მთვარის კალენდრის მეთორმეტე თვე, რომელსაც ჩვეულებრივ უწოდებენ ლას თვეს[1], ჩინური მთვარის კალენდრის უკანასკნელი თვეა. ხორცის გამოშრობის აღმნიშვნელი იეროგლიფი, ლა, და ნადირობის აღმნიშვნელ იეროგლიფი, ლიე, ფრინველებსა და ცხოველებს გულისხმობს.[2] ორი ათასზე მეტი წლის წინ, ჩინელები სწორედ წლის ბოლოს ლოცულობდნენ და წირავდნენ მსხვერპლს წინაპრებსა და ას ღვთაებას. ვინაიდან მსხვერპლის გაღება მთვარის კალენდრის მეთორმეტე თვეს ხდებოდა, მას ლას თვე დაარქვეს.[3] ძველად თვეს მრავალი სხვა სახელითაც მოიხსენიებდნენ და თითოეულ მათგანს განსხვავებული მნიშვნელობა გააჩნდა. სხვა სახელწოდებებია: ზამთრის დასასრული, შუა ზამთარი, ყინვის სეზონი, მკაცრი ყინვა და სხვა.

სანამ ჩინური ახალი წელი დადგება, რომელიც მთვარის კალენდრის მეთორმეტე თვის მერვე დღეს იმართება, მრავალი ხალხური ტრადიციაა, რომლებიც ღმერთების თაყვანისცემასა და მსვერპლშეწირვას უკავშირდება. სწორედ ამიტომ მას “მოსამზადებელ თვესაც” უწოდებენ.

ერთ-ერთი პირველი, რასაც მთვარის კალენდრის უკანასკნელ თვეში ჩინელები მიმართავდნენ, სამზარეულოს ღვთაებისადმი მსხვერპლის შეწირვა იყო. ეს ღვთაება ოჯახთა იღბალზე პასუხისმგებლად იყო წარმოდგენილი. მიიჩნეოდა, რომ ბოლო თვის ოცდასამ რიცხვში ის ზეცაში ბრუნდებოდა და სხვა ღვთაებებს ოჯახის ქცევაზე მოახსენებდა, რის შემდეგაც ოჯახებს განაჩენს გამოუტანდნენ,- დააჯილდოებდნენ ან დასჯიდნენ.[4] ამიტომაც ოჯახები პატივს მიაგებდნენ, რაც მის ქანდაკებასთან ტკბილეულობის, წყლის, სოიოს მარცვლებისა და ფურაჟის დადებით გამოიხატებოდა. ამათგან ბოლო სამი განეკუთვნებოდა მის ცხენს, რომელსაც უნდა წაეყვანა ზეცაში. ხოლო პირველი, ტკბილეულობა, ღვთაებისთვის იყო განკუთვნილი და აუცილებლად წებოვანი უნდა ყოფილიყო, რათა პირი შეკვროდა და ოჯახებზე ავის თქმა არ შეძლებოდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსხვერპლის შეწირვის ცერემონია კაცებს უნდა ჩაეტარებინათ.

ახალ წელს სამზარეულოს ღვთაება დედამიწას სტუმრობს, რათა გაზაფხულის ფესტივალი იდღესასწაულოს. ამიტომაც ხალხი გულმოდგინედ ალაგებდა სახლს, რაც ცუდი იღბლისგან გათავისუფლებასა და განახლებას გამოხატავდა. გარდა ამისა, მომზადება მოიცავდა სახლის გაფორმებას, ახალი ტანსაცმლის ყიდვასა და კერძების მომზადებას.

მთვარის კალენდრის მეთორმეტე თვის მერვე დღეს ლაპას ფესტივალს ან ლას დღეს უწოდებენ.[5] ითვლება რომ ეს დღე ხანის უძველეს მიწათმოქმედების კულტურასთანაა კავშირში: როცა უხვი მოსავალი მოვიდოდა, ეს ღმერთების წყალობად მიაჩნდათ და გრანდიოზულ ცერემონიალს მართავდნენ მადლობის გამოსახატავად. მას ჩინეთის სხვადასხვა მხარეში განსხვავებულ დროს აღნიშნავდნენ. ერთ დღეზე შეთანხმება მოხერხდა ბუდჰიზმის გავლენით. ამიტომაც მისი ბევრი ელემენტი ბუდჰიზმს უკავშირდება. თანდათან ეს ტრადიცია წინაპრებისა და ღვთაებების მოსაგონარ დღესასწაულად გადაიქცა. ლაპას ფესტივალი გაზაფხულის ფესტივალის დასაწყისად მიიჩნევა.

მთვარის მეთორმეტე თვის სიმღერა

ოცდასამში, ღმერთს მივუძღვნით თანგკუას [6]

ოცდაოთხში, დავალაგებთ სახლს

ოცდახუთში, ამოვიყვანთ ტოუფუს

ოცდაექვსში, ვშუშავთ ღორის ხორცს

ოცდაშვიდში, დავკლავთ მსუქან ვარიას

ოცდარვაში, გავამზადებთ ატრიას

ოცდაცხრაში, ორთქლიანი მანთოუ [7]

ოცდაათის საღამოს გავათენებთ ერთად,

ახალი წლის მოსვლისას არ დავაკლებთ ლხენას [8].

[1]腊 – ლა იეროგლიფის თავდაპირველი მნიშვნელობა იყო გამომშრალი ხორცი. მთვარის კალენდრის მეთორმეტე თვეს ამგვარად მოიხსენიებენ, რადგან ამ პერიოდის ამინდები ყველაზე ხელსაყრელი იყო საკვების ჰაერზე გამოშრობით სასურველი გემოს მისაღებად.

[2] 腊 (ლა) და 猎 (ლიე) ფონეტიკურად ნასესხებ იეროგლიფებად ითვლება.

[3] ვინაიდან ახალსა და ძველს შორის გარდამავლი თვეა, ამ დროს ყველაზე მეტად ხდებოდა მსხვერპლის შეწირვა.

[4] ტაოისტური თეოლოგიით, ეს ღმერთი, რომელსაც სამზარეულოს ღვთაება ანგარიშს აბარებდა, იყო ნეფრიტის იმპერატორი. მან მედიტაციით მოხვეჭილი ძალით შეძლო ბოროტების ამოცნობა და ადრევე დამარცხება, სანამ ის ადამიანებსა და უკვდავებს დაეუფლებოდა.

[5] 八 პა ნიშნავს რვას.

[6] 糖瓜  თანგკუა ნიშნავს შაქრის ნესვს, წებოვანი ტკბილეულობა. ხალხი სამზარეულოს ღმერთს უძღვნიდა ამ ტკბილეულობას.

[7] 馒头 მანთოუ არის თეთრი შეფერილობის ჩინური ფუნთუშა, რომელიც ორთქლზე მზადდება.

[8] ორიგინალში ნახსენებია გრეხა, ტრიალ-ტრიალი, რაც ფესტივალზე კარგი მოსავლისთვის გამართულ ტრადიციულ ცეკვებზე მიუთითებს.