ტაძრის შეკრებების მონახულება, იგივე კუანგ მიაოხუეი[1], ჩინეთში ტრადიციული, და სახალხო ჭამის, სმისა  და გართობის უნიკალური კულტურული ღონისძიებაა. ვინაიდან მას ტაძრების გარშემო ჩაეყარა საფუძველი, ჩინურად მიაოს[2] უწოდებენ. მცირე მოვაჭრეები ხედავდნენ, რომ მრავალი ადამიანი საკმეველს წვავდა და თაყვანს სცემდა ბუდას, ამიტომ ისინი ფულის გამოსამუშავებლად ტაძრის გარეთ უამრავ ჯიხურს დგამდნენ. ეს თანდათანობით მათ რეგულარულ საქმიანობადაც იქცა.

   ტაძრის შეკრებებზე, მცირე ბაზრობებისა და მოვაჭრეების გარდა, იმართება სხვადასხვა ხალხური წარმოდგენა, როგორებიცაა დრაკონისა და ლომის ცეკვები. წინაპრებისა და ღმერთების თაყვანისცემა კი გამოხატავს როგორც ბუნების, წინაპრებისა და ღმერთების მიმართ პატივისცემას, ასევე მათ მიმართ მადლიერებასაც.

კუანგფუსა[3] და პეკინის „დედამიწის ტაძრის“[4] შეკრებებს ასევე უწოდებენ ჩინეთის ორი უმთავრესი ტაძრის შეკრებას. ფართომასშტაბიანი მიაოხუეი ჩვეულებრივ იმართება ჩინური ახალი წლის პერიოდში, ან კონკრეტულ ტაძრებში იმ ღმერთის დაბადების დღეს, რომლის სალოცავიცაა მოწყობილი ამა თუ იმ ტაძარში.

მიაოხუეის აქტივობები მოიცავს ტაძარში ჩატარებულ რიტუალებს, ღმერთების გამოსახულებებით ხელში ეტლებით მსვლელობას სოფლებსა და ქალაქებში, ოჯახების მიერ ტაძარში მოტანილი შესაწირის კურთხევას, მუსიკალური და რიტუალების დასების (ტაოისტებისა და კონფუციანელი რიტუალისტების) გამოსვლებს,  ოპერის წარმოდგენის ჩვენებას ტაძრის მოპირდაპირედ მდებარე სცენაზე და ა.შ.

 თითოეულ ტაძარში ერთი ან მეტი ღმერთის, წმინდანის (ჩინურად შენ (神)) სალოცავია. მათი დაბადების დღეების აღსანიშნავად, ყველაზე ტრადიციული და მნიშვნელოვანი საქმიანობა მიაოხუეის დროს ღმერთების ქანდაკებებით ტაძრის გარშემო აღლუმია. შესაწირის ცერემონიის კიდევ ერთი გავრცელებული საქმიანობაა შთამომავლობისთვის ლოცვა. ქალებს შესაწირად მიჰქონდათ თიხისგან დამზადებული ადამიანის ან მაიმუნის მსგავსი სათამაშოები, რაც წარმოადგენდა ლოცვას შთამომავლობის ყოლისთვის, ჩინეთის ძველ ფეოდალურ საზოგადოებაში უმთავრესი რამ სწორედ ვაჟის გაჩენა იყო გვარის გასაგრძელებლად.

გეოგრაფიისა და ადგილობრივი ადათ-წესების გამო, ღმერთებისადმი მიძღვნილი ფესტივალები ერთმანეთისგან განსხვავდება. ჩრდილოეთ ჩინეთში, მიაოხუეი, როგორც წესი, ერთკვირიანია, ცერემონიები იმართება დიდ ტაძრებში და მათ ათობით ათასი ადამიანი ესწრება. სამხრეთ ჩინეთში მას გაცილებით ლოკალურ დონეზე აღნიშნავენ და სოფლის ტაძრების მიერაა ორგანიზებული. მსოფლიოში მიაოხუეის არა მხოლოდ ჩინეთი აღნიშნავს, არამედ სხვა აზიური ქვეყნებიც, როგორიცაა მალაიზია, სადაც ასევე იმართება ასეთი ტაძრის შეკრებები მსგავსი ფორმებით და საქმიანობით.

[1] 逛庙会

[2] 庙 – ტაძარი.

[3] 广府庙会- იმართები ქალაქ კუანგჭოუში, კუანგტუნგის პროვინციაში.

[4]地坛 – „დედამიწის ტაძარი“ პეკინში, ჩინეთში.