საახალწლო ნახატები, იგივე ნიენ ხუა (年画), ჩინური მხატვრობის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რომელიც უძველესი დროიდან წარმოადგენდა ჩინურ ხალხურ ხელოვნებასა და ხელობას. პირველი საახალწლო ნახატი კარის ღვთაების ნახატს, ე.წ მენშენ ხუას (门神画), უკავშირდება, რომელიც სახლის ან ნებისმიერი სხვა დაწესებულების კართან, ბოროტების განდევნის მიზნით იკიდებოდა. კონკრეტული ტრადიცია თანგის დინასტიიდან (618-907 წწ.), VII საუკუნიდან იღებს სათავეს. არსებული ინფორმაციის თანახმად, იმპერატორ თანგ თაიწუნგს, რომელსაც უძილობა აწუხებდა, ღამით მის კარს უერთგულესი მხედართმთავრები, ცინ ციუნგი და იუჩი ძინგტე იცავდნენ. მადლიერების ნიშნად, იმპერატორმა ისინი მათი პორტრეტებით ჩაანაცვლა, რომელიც კართან ჩამოკიდეს. მსგავსი ჩვეულება, შემდგომში, ჩვეულებრივ საზოგადოებაშიც ფართოდ გავრცელდა.

ცინგის დინასტიის იმპერატორ კუანგსიუს პერიოდში (XVIII-XIX სს.), კონკრეტულ ნახატებს ოფიციალურად ეწოდა საახალწლო ნახატები. ხელოვნების ეს დარგი, ჩინეთში წარმოდგენილი ერთ-ერთი უნიკალური ჟანრია, რომელიც ფართო პოპულარობით სარგებლობდა ჩინურ საზოგადოებაში. საახალწლო ნახატების ხალხში გავრცელების შემდეგ, იმპერატორ თანგ თაიწუნგის ერთგული მხედართმთავრები ხალხური ეროვნული გმირებით, მაგიური არსებებითა და ღვთაებებით ჩანაცვლდა.

თანამედროვე საახალწლო ნახატები, მათი თავდაპირველი ვარიანტის მსგავსად, მარტივი სტილითა და ნათელი ფერებითაა შესრულებული, რაც ნებისმიერ მნახველს კარგ განწყობაზე აყენებს. საახალწლო ნახატების ხელოვნება ჩინეთის საზოგადოების ისტორიას, ცხოვრებას, შეხედულებებსა და ჩვეულებებს კარგად ასახავს. დღესდღეობით მიიჩნევა, რომ საახალწლო ნახატები სახლს ბოროტებისგან იცავს და ოჯახის თითოეულ წევრს ჯანმრთელობით, ბედნიერებითა და სიმდიდრით აღავსებს. ახალ წელს საახალწლო ნახატების გამოფენა, მომავალი წლის ხვავიანობასა და ბარაქიანობაზე მიუთითებს და საახალწლო დეკორაციის მნიშვნელოვანი ნაწილია.