რატომ უყვარს ჩინელ ხალხს წითელი ფერი?

Khatia Mtchedlishvili

0
61

ჩინელი ხალხის განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა  წითელი ფერისადმი ჯერ კიდევ უძველესი დროიდან მომდინარეობს. წითელი ფერი არის ნათელი და ცეცხლივით კაშკაშა. ძველად, ადამიანები ხშირად იყენებდნენ წითელ ცეცხლს ცხოველებზე სანადიროდ, რათა მოეპოვებინათ საკმარისი საკვები. სწორედ მისი საშუალებით წვავდნენ საკვებს, რაც ბუნებრივია, მათი სიცოცხლეს ახანგრძლივებდა. წითელი ფერისადმი განსაკუთრებულ სიყვარულს კარგად უსვამს ხაზს ის ფაქტიც, რომ ხანის დინასტიის დროს, იმპერატორმა საკუთარ თავს “ჩის ვაჟი” (წითელი იმპერატორის ვაჟი) უწოდა. მას შემდეგ, მოსახლეობა ამ ფერს განსაკუთრებულ პატივს სცემს. ჩინეთში წითელი არის სიცოცხლისუნარიანობის, ბედნიერებისა და იღბლის სიმბოლო. ამ ფერმა, ასევე მიიღო ბოროტების განდევნის მნიშვნელობაც.

ჩინელი ხალხისთვის წითელი ფერი ენთუზიაზმის, სიხარულის, კეთილდღეობისა და იღბლის მომტანი სიმბოლოა, სწორედ ამიტომ ახალი წლის დადგომისთანავე მთელი ჩინეთი წითელი ფერით იმოსება. ფარნები, კვანძები, ტანსაცმელი, დეკორაციები, ყველაფერი წითელ ფერშია.

საცხოვრებელ სახლებსაც წითლად რთავენ. ლეგენდის თანახმად, ძველად, მთებსა და ხშირ ტყეებში ბინადრობდა სასტიკი ურჩხული სახელად ნიენი, რომელიც თანამედროვე ჩინურში ნიშნავს წელიწადს. ურჩხული ყოველ 365 დღეში ერთხელ, ახალი წლის წინა ღამით, მზის ჩასვლის შემდეგ თავს ესხმოდა მოსახლეობას. ხალხი ძალიან შეშნებული იყო, ისინი ყველანაირ გზას ეძებდნენ მის მოსაშორებლად. ერთ დღესაც, მათ დასახმარებლად მივიდა მოხუცი, რომელმაც მათ უთხრა, რომ ურჩხულს ეშინოდა ხმაურის და წითელი ფერის და სწორედ ამიტომ ურჩხულის დასაფრთხობად ყოველი ახალი წლისთვის, საჭირო იყო სახლების წითელი დეკორაციებით მორთვა და ფოიერვერკების გაშვება ხმაურის შესაქმნელად. ეს ტრადიცია დღემდე საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩინელი ხალხისთვის და წარმოადგენს წითელი ფერის პატივისცემის ერთ-ერთ მიზეზს.

ისტორიულად, წითელი ფერი განსაკუთრებით გავრცელებული იყო ჭოუს დინასტიის პერიოდში. წითელი ყორანი წარმოადგენდა დინასტიის ემბლემას. მნიშვნელოვანი ფაქტია ასევე ის, რომ დაკრძალვა უნდა მომხდარიყო გამთენიისას, ზუსტად იმ დროს, როდესაც ცაზე წითელი ღრუბლები იყო მიმოფანტული.

დღესდღეობით, გარდა ფესტივალებისა, ამ ფერს ქორწილშიც აქტიურად გამოიყენებენ, რათა იღბალი მოიზიდონ და ბოროტება განდევნონ. ამას ადასტურებს დაქორწინებული წყვილის წითელი ტანისამოსი და პატარძლის ტრადიციული წითელი თავსაბურავი.

საკმაოდ საინტერესოა წითელი კონვერტის გადაცემის ტრადიცია, რომელიც ჩინელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კონვერტში ათავსებენ თანხას, რომელიც სიმბოლოა იღბლის და სიმდიდრის. კონვერტები მოხუცებიდან და დაქორწინებული წყვილებიდან გადაეცემა უმცროს თაობას. თუ ბავშვი დაქორწინებულ ადამიანს კონვერტს სთხოვს, მას უარის თქმა არ შეუძლია, რადგან, მისთვის მთელი წელი უიღბლო იქნება. მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ კონვერტში თანხა განსხვავებული რაოდენობისაა, თუმცა აუცილებლად ლუწი უნდა იყოს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩინეთის ეროვნული დროშაც წითელი ფერშია. წითელი ფერი დროშაზე ასახავს მებრძოლთა სისხლს, შესაბამისად, ჩინელი ხალხი წითელს პატივს სცემს არა მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, არამედ იმის გამოც, რომ ახსოვდეთ, თუ რა გზა გაიარეს მათმა წინაპრებმა, იმისთვის რომ დღეს ამ ყველაფრისთვის მიეღწიათ.