Home კულტურა რა არ უნდა გააკეთოთ ჩინეთში სტუმრობისას

რა არ უნდა გააკეთოთ ჩინეთში სტუმრობისას

0
137

ცოტა რამ ჩინური კულტურისთვის დამახასიათებელი ეტიკეტის შესახებ

ძველი ჩინური გამონათქვამის თანახმად, „მამის მოვალეობა არა მხოლოდ შვილის გამოკვება, არამედ მისი აღზრდაცაა.“ ბუნებრივია, სწორი აღზრდა გულისხმობს შესაბამისი ქცევის ნორმებისა და წესების სწავლებას. ეტიკეტის დაცვას ჩინეთში ძველთაგანვე დიდ ყურადღებას აქცევდნენ. პირველი კრებული, რომელიც ეტიკეტის დაცვას უკავშირდება დაახლოებით 3000 წლის წინ ჭოუს დინასტიის დროს შეიქმნა.

პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ მისალმების კულტურაზე. ხელის ჩამორთმევა, რომელიც მრავალ ევროპულ ქვეყანაში მიღებულ ნორმად ითვლება, ჩინეთში მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებშია დასაშვები.

მაგალითად, ბიზნეს შეხვედრისას, თუმცა ამ შემთხვევაშიც იშვიათად. ასევე, იკრძალება საჯაროდ ჩახუტება ან შეხვედრისას გადაკოცნა.

ჩინეთში დიდ ყურადღებას აქცევენ დგომისა თუ ჯდომის კულტურას. აუცილებელია სწორი, გამართული დგომა. ჯდომისას უტაქტობად ითვლება ფეხების გადაჯვარედინება ან მოუსვენრად ყოფნა, წრიალი. ამასთან, უტაქტო საქციელად თვლიან საზოგადოებაში პერანგის სახელოების ან შარვლის აკეცვას. ასევე, ჩინური ეტიკეტი კრძალავს თავშეყრის ადგილებში ხმამაღალ საუბარს.

ჩინეთში ახალგაზრდები უფროსებისადმი განსაკუთრებულ პატივისცემას იჩენენ. მოზარდმა აღმზრდელს წინასწარ უნდა შეატყობინოს სახლიდან გასვლისა თუ დაბრუნების დრო. ჭამის დაწყებამდე ახალგაზრდამ ოჯახის უფროსი წევრები სუფრასთან უნდა მიიპატიჟოს და ჭამა არ დაიწყოს მანამ, სანამ უფროსები სუფრას არ მიუსხდებიან და საკვებს პირველები არ დააგემოვნებენ.

რაც შეეხება სუფრასთან მოქცევის წესებს, დაუშვებელია ჩინური ჩხირებით თამაში.

საკვები ჩხირებით ჭურჭელზე დარტყმა მოწყალების მთხოვნელისთვის დამახასიათებელ ქმედებად ითვლება, ხოლო მათი საკვებში ჩარჭობა სიკვდილთან ასოცირდება, ამიტომ ჩხირების ამ პოზიციაში განთავსება შეურაცხმყოფელიც კია.
ასევე, დაუშვებელია საჭმლის ასაღებად მაგიდის ერთი ნაწილიდან მეორეში გადასვლა.

 

 

ჩინურ რესტორნებში ხშირად შეხვდებით მრგვალ მაგიდებს მბრუნავი ნაწილით. ეს ზემოაღნიშნული უხერხულების თავიდან აცილების მარტივი საშუალებაა.

   

ჩაი ჩინური კულტურის განუყოფელი ნაწილია. იგი რეგულარულად მოიხმარება, როგორც ყოველდღიურად, ისე ფორმალურ შემთხვევებში. შესაბამისად, მისი მირთმევის შესაბამისი ეტიკეტიც ღრმადაა დამკვიდრებული ჩინურ კულტურაში.

 

მაგალითად, დაუშვებელია ჩაის დასხმისას ჭიქის ბოლომდე ავსება. ჭიქის მხოლოდ ¾ უნდა იყოს შევსებული. პატივისცემის გამოხატულებად ითვლება ჩაის ჯერ სხვისთვის დასხმა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ დასხმისას საჭიროა შესაბამისი მიმართულების დაცვა. ამასთან, ამ პროცესის შემდეგ ჩაიდნის თავი არავისკენ არ უნდა იყოს მიმართული.