2023 წლის 19-22 თებერვალს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, არჩილ კალანდია სამუშაო მივლინებით ჩრდილოეთ ჩინეთში, ხეილუნგძიანგის პროვინციის ქ. ხარპინში იმყოფებოდა.  

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ელჩის შეხვედრები რეგიონის გუბერნატორთან, ქ. ხარპინის ვიცე მერთან  და ადგილობრივი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.

ელჩმა ჩინურ მხარეს საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობები გააცნო. შეხვედრების დროს განხილულ იქნა სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები.

უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიტის ფარგლებში დიპლომატიური მისიის ხელმძღანელმა, საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, ქ. ხარპინში გასული საუკუნის დასაწყისში მცხოვრები, ქართული დიასპორის ხელმძღვანელის, ივლიანე ხაინდრავასა და სხვა თანამემამულეების საფლავებიც მოინახულა.      

1904 წელს ხარპინში დაარსდა ქართული დიასპორა. იმავე პერიოდში შეიქმნა ქართული ბიბლიოთეკა. XX საუკუნის პირველ ნახევარში, ხარპინში მცხოვრები ქართველები, რომელთა რაოდენობაც სხვადასხვა ისტორიული წყაროების მიხედვით, რამდენიმე ასეულიდან სამი ათასამდე ადამიანს შეადგინა, აქტიურად მონაწილეობდნენ ქალაქის ეკონომიკურ და სამეწარმეო საქმიანობაში, ასევე ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში. ნიშანდობლივია, რომ ისინი კომუნიკაციაში იყვნენ საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკასთანაც. 

იმავე დღეს ელჩმა გამართა შეხვედრა ქ. ხარპინის სახელმწიფო არქივის დირექტორთან. შეხვედრის დროს, თხოვნით მიმართა ჩინურ მხარეს, ხარპინში ქართული დიასპორის წარმომადგენლების ვინაობისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში დახმარებისთვის. ქალაქის სახელმწიფო არქივმა გამოხატა მზადყოფნა თანამშრომლობისთვის. მხარეები შეთანხმდნენ, კოორდინირებული მუშაობის გაგრძელებაზე.

  1. წყარო
  2. წყარო