20 იანვარს ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CPC) ცენტრალურმა კომიტეტმა და სახელმწიფო საბჭომ გაზაფხულის ფესტივალთან დაკავშირებით დიდ სახალხო დარბაზში კრება გამართა. სადაც, CPC ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა, ჩინეთის პრეზიდენტმა და ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარემ, სი ძინფინგმა გაზაფხულის ფესტივალის მისალოცი სიტყვა წარმოთქვა. იგი, CPC ცენტრალური კომიტეტისა და სახელმწიფო საბჭოს სახელით, გულთბილად მიესალმა ჩინეთში მცხოვრებ ყველა ეთნიკურ ჯგუფს, საზღვარგარეთ მყოფ ჩინელებს და თანამემამულეებს ჰონგ-კონგში, მაკაოსა და თაივანში.

ჩინეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2022 (ვეფხვის წელი) პარტიისა და ქვეყნის განვითარების ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო. ჩინეთი არაპროგნოზირებადი საერთაშორისო სიტუაციისა და რთული საშინაო ამოცანების წინაშე იდგა. რეფორმების, განვითარებისა და სტაბილურობის შენარჩუნების კვალდაკვალ ქვეყანას მრავალ გამოწვევასთან გამკლავება მოუხდა. მთელი პარტიის, სამხედროებისა და ყველა ეთნიკური ჯგუფის ჩინელი ხალხის ერთობლივი მუშაობის, ენერგიის, გამბედაობისა და შეუპოვრობის წყალობით ჩინეთის სოციალისტური მოდერნიზაციის განვითარების ისტორიაში ახალი თავი დაიწერა.

სი ძინფინგმა 2022 წლის მიღწევებზე ისაუბრა:


„ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ CPC-ის მე-20 ეროვნული კონგრესი და შევადგინეთ გრანდიოზული გეგმა თანამედროვე სოციალისტური ქვეყნის ყოვლისმომცველი აღმშენებლობისთვის. შევასრულეთ ყველა მოთხოვნა ეპიდემიის თავიდან აცილების, ეკონომიკის სტაბილიზაციისა და უსაფრთხო განვითარების უზრუნველსაყოფად, ხელი შევუწყვეთ განვითარების ახალი მოდელის ჩამოყალიბებასა და მაღალი ხარისხის სწრაფ განვითარებისთვის. შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდა, მივიღეთ მარცვლეულის მაღალი მოსავალი, სტაბილურად შევინარჩუნეთ დასაქმება და ფასები, მტკიცედ უზრუნველვყავით ხალხის კეთილდღეობა. ხელი შევუწყვეთ სიღარიბის აღმოფხვრას, სახეზეა ახალი მიღწევები სამეცნიერო-ტექნიკური ინოვაციების სფეროებში, განვაგრძეთ ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება, გადავდგით მყარი ნაბიჯები ეროვნული თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისთვის და შევინარჩუნეთ საერთო სოციალური სტაბილურობა“.


ასევე, პრეზიდენტმა ისაუბრა COVID-19-თან ბრძოლის პროცესებზეც:


„ჩვენ პირველ ადგილზე ვაყენებთ ადამიანებს და მათ სიცოცხლეს და ვაგრძელებთ ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების ოპტიმიზაციას ვირუსის მუტაციისა და ანტიეპიდემიური სიტუაციის მიხედვით, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და შევამციროთ ეპიდემიის ზემოქმედება ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე“.


თავის განცხადებაში სი ძინფინგმა 2022 წლის მნიშვნელოვან ღონისძიებებზეც გაამახვილა ყურადღება:


„ჩვენ წარმატებით ვუმასპინძლეთ პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებს, ასევე, გავმართეთ გრანდიოზული ზეიმი ჰონგ-კონგის დაბრუნების 25 წლისთავთან დაკავშირებით. ჰონგ-კონგი და მაკაო სტაბილურად ვითარდებიან. ჩვენ მტკიცედ ვიბრძოდით სეპარატიზმისა და საგარეო ჩარევის წინააღმდეგ, შევინარჩუნეთ ინიციატივა სრუტეს შორის ურთიერთობების მართვისთვის.“


სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ 2023 პირველი წელია, როდესაც სრულად განხორციელდება CPC-ის მე-20 ეროვნული კონგრესის სახელმძღვანელო პრინციპები:


„ჩვენ სტაბილურობის შენარჩუნებას მთავარ პრიორიტეტად მივიჩნევთ, რისთვისაც ვეძიებთ პროგრესს. 2023 წელს უკეთ დავაბალანსებთ როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო სიტუაციებს, კოორდინაციას გავუწევთ ეპიდემიის პრევენციასა და კონტროლს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებასთან და უსაფრთხოებასთან ერთად. გავაღრმავებთ რეფორმებს, შევეცდებით მივაღწიოთ ეკონომიკური მაჩვენებლების საერთო აღმავლობას და გავაგრძელოთ ხალხის ცხოვრების გაუმჯობესება.“


ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა 2023 წლის ხედვაც გააცნო საზოგადოებას.


„შრომისმოყვარეობით შევქმენით დიდებული წარსული და უკეთეს მომავალსაც ასე შევქმნით. ტრადიციულ ჩინურ კულტურაში, კურდღელი სისწრაფეს, ჭკუას, სიწმინდეს, სიკეთეს, მშვიდობასა და სილამაზეს წარმოადგენს. ვიმედოვნებ, რომ კურდღლის წელს მთელი ქვეყნის მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, კურდღლის მსგავსად მთელი სისწრაფით ამოძრავდებიან და ნებისმიერ საქმეში თავიანთ უნარსა და ელეგანტურობას გამოავლენენ. ახლაც უამრავი ადამიანი ჯერ კიდევ სამსახურშია. ისინი ცდილობენ თავიანთი ბრწყინვალე კვალი დატოვონ ჩინეთის განვითარებაში. ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ამ თავდაუზოგავი შრომისა და თავდადებისთვის“ – განაცხადა სი ძინფინგმა.


წყარო