საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი 5,4 პროცენტამდე გაიზარდა.

გიტა გოპინათმა, ფონდის დირექტორის პირველმა მოადგილემ, სამშაბათს გამოაცხადა, რომ ჩინეთის ეკონომიკა მზად არის 5.4 პროცენტიანი გაფართოებისთვის. ეს ზრდა გამოწვეულია COVID-19 პანდემიის შემდეგ პროდუქციის მოხმარებაზე შიდა მოთხოვნის ზრდით. მან ეს კორექტირება ასევე მიაწერა დამატებითი სახაზინო ობლიგაციების ბოლო გამოშვებას, რომელმაც საერთო ჯამში 1 ტრილიონი იუანი (137,3 მილიარდი დოლარი) შეადგინა.

2024 წელს, სავალუტო ფონდის პროგნოზით, ჩინეთის ეკონომიკის ზრდა 4,6 პროცენტი იქნება. თუმცა, გოპინათმა აღნიშნა, რომ შეიმჩნევა უძრავი ქონების ბაზრის სისუსტე და მასზე გარე მოთხოვნის შემცირება. ამ ფაქტორს, მისი თქმით, შესაძლოა ნეგატიური ეფექტი ჰქონდეს ეკონომიკურ ზრდაზე.

ეს განცხადება პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთდა, რომელიც ჩინეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაციის ვიზიტს მოჰყვა. ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდი ჩაერთო დისკუსიებში მაღალჩინოსნებთან, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და აკადემიკოსებთან. დისკუსიებზე განიხილეს ეკონომიკური პერსპექტივები, პოტენციური რისკები, პროგრესი, ეკონომიკური გამოწვევები და მათზე რეაგირების საშუალებები.