ჩინეთში ყოველ ახალ წელს თან ახლავს ისეთი დეტალები, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია მისი აღნიშვნა. ერთ-ერთი რასაც ყველა ელის, რომ იხილოს, არის ფოიერვერკების შოუ.

ლეგენდის თანახმად, ურჩხულ ნიენს ეშინია ფოირვერკის. მის შესაშინებლად ადამიანები ამ ჩვეულებას დღემდე ინარჩუნებენ. არსებობს ჩინური ხალხური გამონათქვამი: “გაუღე კარი ფოირვერკებს”[1], იგი გამოხატავს იმას, რომ როდესაც ახალი წელი დგება, პირველი, რისთვისაც თითოეული სახლი აღებს კარს, არის ფოირვერკის გაშვება. ფოიერვერკს ჩინურად  ეწოდება “ფაოჭანგ” და “პიენფაო”[2].

ვარაუდობენ, რომ პირველი ფოირვერკის სახეობა გამოჩნდა ძვ.წ 200 წელს, როდესაც ძველ ჩინეთში ბამბუკის ჯოხებს აგდებდნენ ცეცხლში, რათა აფეთქებულიყო და განედევნა ურჩხული. ახ.წ 900 წელს კი ჩინელმა ალქიმიკოსებმა, რომლებიც ეძებდნენ ელექსირს სამუდამო ცხოვრებისთვის, სხვადასხვა ელემენტის შერევის შედეგად შექმნეს დენთი, ბამბუკის კიჩოში დენთის დამატებით კი მისი დაწვის შემდგომ ხმა გაცილებით დიდი იყო და ისტორიაში გაჩნდა პირველი ფოიერვერკი.

ფოიერვერკს ძირითადად იყენებენ ფესტივალების დროს, თითოეული ფოიერვერკი გახვეულია წითელ ქაღალდში. როდესაც საათი ჩამოჰკრავს თორმეტს და გვაუწყებს ახალი წლის მობრძანებას, ოჯახების უმრავლესობა თითქმის ერთდროულად უშვებს ფოიერვერკებს და ქმნის საოცარ ხმაურსა და კვამლის ღრუბლებს. ეს, ჩვეულებრივ, გრძელდება რამდენიმე საათი. ზოგი ადამიანი კი პირველი თვის პირველ ნახევარში დროდადრო განაგრძობს პიროტექნიკის გამოყენებას. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთ ქალაქში აკრძალულია ფოიერვერკისა და პიროტექნიკის გამოყენება, ცეცხლის გაჩენისა და გარემოს დაბინძურების პრევენციის მიზნით.

[1] “开门爆竹”

[2] 炮仗,鞭炮