26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე.

ფორუმის პირველ დღეს გაიმართა დისკუსია სახელმწოდებით „შუა დერეფანი ყურადღების ცენტრში“. დისკუსიაზე განიხილეს შუა დერეფნის გამოწვევები, პოტენციალი და მეტი სატრანსპორტო ნაკადების მოზიდვის შესაძლებლობები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაფინანსების ინსტრუმენტები, შუა დერეფნის როლი მწვანე დღის წესრიგში, სატრანსპორტო დერეფნის გაციფრულების პროცესი და სამომავლო გეგმები.

„ეს ყველაზე მოკლე მარშრუტია ევროპასა და აზიას შორის.“

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა დისკუსიაზე განიხილა დერეფნის ეკონომიკური პოტენციალი და სახელმწიფოების კოორდინაციის მნიშვნელობა. მისი თქმით, პროექტის ძირითადი პრიორიტეტებია გაციფრულება, ინფრასტრუქტურული დაფინანსებისა და სხვა მარშრუტებთან კონკურენტუნარიანობის ზრდა, რაც გამოიწვევს ეკონომიკის ტრანსფორმაციას და შექმნის სამუშაო ადგილებს.

პანელურ დისკუსიაში ლევან დავითაშვილთან ერთად მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი – რაშად ნაბიევი, უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ილხამ მახმადოვი, თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ენვერ ისკურტი და ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრი სატჟან აბლალიევი. დისკუსიაზე ასევე მოწვეულები იყვნენ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა (IMO) და საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის გაერთიანების (IRU) გენერალური მდივნები კიტაკ ლიმი და უმბერტო დე პრეტო.