გასულ ორშაბათს ჩინეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ეგიდით პეკინში, პრინც კონგის სასახლის მუზეუმში, ჩინური ჩაის კულტურასთან დაკავშირებით გლობალური ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით “ჩაი ჰარმონიისთვის: იაძის კულტურული სალონი”.

ღონისძიებას 200-მდე სტუმარი დაესწრო, რომელთა შორისაც 40-მდე ქვეყნიდან და რეგიონიდან მოწვეული 70-ზე მეტი დიპლომატიური წარმომადგენელი გახლდათ. დამსწრეთა შორის იყვნენ: კულტურისა და ტურიზმის მინისტრი, იუნესკოს წარმომადგენელი ჩინეთში და პროვინციის გუბერნატორის მოადგილე.

2022 წლის 29 ნოემბერს ჩინური ჩაის დამუშავების ტრადიციული ტექნიკა და მასთან დაკავშირებული სოციალური პრაქტიკა იუნესკოს მიერ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა. რის შემდეგაც ჩინური ჩაის კულტურის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. ღონისძიების მთავარ მიზანს სწორედ ჩინური ჩაის პოპულარიზაცია წარმოადგენდა, რაც უპირველესად მთელ მსოფლიოში ჩინური ჩაის კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ჩაის დამზადების ტრადიციული ტექნიკისა და მასთან დაკავშირებული სოციალური პრაქტიკის გაცნობას გულისხმობდა.

იაძის კულტურულ სალონში ღონისძიების სტუმრებს, ფოტო და ვიდეო მასალის, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ვიტრინებისა და ხალხური ხელოვნების სპექტაკლების მეშვეობით, ჩინური ჩაის კულტურის გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ.

იაძი (雅集) სიტყვასიტყვით „ელეგანტურ შეკრებას“ აღნიშნავს. ძველი ჩინელი ლიტერატორებისთვის კოლექტიური კულტურული ცხოვრებით ტკბობის ერთ-ერთ გზად ითვლებოდა. ამ ტიპის შეხვედრის დროს კითხულობდნენ პოეზიას და აფასებდნენ ჩაის, ნახატებს, ყვავილებსა და ტრადიციულ ჩინურ მუსიკას. ღონისძიების ფარგლებში გამართულ ცერემონიაზე წარმოდგენილი იაძის ფარგლებში სტუმრებმა სხვადასხვა სახის ჩაის სახეობები დააგემოვნეს, როგორც ჩინეთის სხვადასხვა რეგიონიდან, ისე შრი-ლანკადან, თურქეთიდან და ზიმბაბვედან.

21 მაისს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩაის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით, აღნიშნული ღონისძიება საერთაშორისო ორგანიზაციების, ჩინეთის საელჩოებისა და საკონსულოების, ჩინეთის კულტურული ცენტრებისა და ტურისტული ოფისების მიერ კიდევ 41 ქვეყანაში გაიმართება.

ამ და მსგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვა საკმაოდ მნიშვნელოვანია თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სამომავლოდ ჩინური ჩაის მნიშვნელობის კიდევ უფრო გაზრდა იგეგმება, რათა მან ცივილიზაციებს შორის მეგობრული დიალოგისა და ურთიერთსწავლების გაძლიერებაში კიდევ უფრო დიდი როლი შეასრულოს.

 წყარო

ჩინური ჩაის კულტურასთან დაკავშირებით სინომედიის სხვა სტატიების გაცნობა მოცემული ბმულების საშუალებით შეგიძლიათ: