ცოტა ხნის წინ ჩინეთის სახელმწიფო ფოსტის ბიურომ განაცხადა, რომ მიწოდების უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით, საფოსტო და ექსპრეს მიწოდების სექტორში არალეგალური ქმედებების ჩახშობის კამპანია განხორციელდა.

ექვსთვიანი კამპანია 17 სამთავრობო დეპარტამენტის მიერ განხორციელდა, რომელთა შორისაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკურ და იურიდიულ საკითხთა კომისია, ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაცია, უმაღლესი სახალხო პროკურატურა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრო და ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაც გახლდათ.

მიწოდების სისტემის რეფორმირება ბოლო წლებში არსებულმა უკანონო ნივთების გადატანასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა განაპირობა. ჩინეთში მრავალი ნივთისა თუ პროდუქტის მიწოდება ან აკრძალული ან შეზღუდულია, მათ შორისაა: ნარკოტიკები, იარაღი, საშიში ქიმიკატები, პროდუქტები, რომლებიც დაკავშირებულია ინვაზიურ უცხო სახეობებთან, ამასთან, იკრძალება გარეული ცხოველებისა და მცენარეების უკანონო გადაყვანა-გადატანა.

ბიუროს თქმით, დანაშაულთა პრევენციისთვის უნდა გაუმჯობესდეს რისკების კონტროლი ფოსტაზე და ამანათების მიწოდებაზე, მკაცრად უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების ზომების კონტროლიც, როგორიცაა ინსპექტირება მთელი პროცესის განმავლობაში, გამომგზავნისა და მიმღების მიერ რეალური სახელების გამოყენების შემოწმება და ტექნოლოგიების მეშვეობით უსაფრთხოების გაკონტროლება.

სახელმწიფო ფოსტის ბიურომ რეგიონალურ საფოსტო ბიუროებს მოსთხოვა, ჩაატარონ ტრენინგი აკრძალული, სპეციალური და მგრძნობიარე ნივთების იდენტიფიკაციის შესახებ, უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებისა და ინციდენტებთან გამკლავების უნარების გაუმჯობესების მიზნით.

ბიურომ განაცხადა, რომ აუცილებელია ყოველი უკანონო ქმედება მკაცრად დასჯადი იყოს, რისთვისაც ინსპექტირება როგორც online, ისე offline უნდა განხორციელდეს და პოტენციური დანაშაულის დროულად გამოსავლენად მიწოდების პროცესში ყოველი ნაბიჯი შესწავლილ იქნას.

აღნიშნა, რომ რეფორმირების პროცესში მნიშვნელოვანია უშუალოდ კონკრეტული სექტორის კომპანიებმა სათანადო სიფხიზლე გამოიჩინონ და აიღონ პასუხისმგებლობა ინსპექტირების გაუმჯობესების, უსაფრთხოების საფრთხის აღმოჩენისა და პრობლემების შესაბამისად გამოსწორების კუთხით. ბიურომ კომპანიებს უსაფრთხოების პროტოკოლის მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა.

საბოლოო ჯამში, საფოსტო მიწოდების ზედამხედველობის გამკაცრების კამპანია მიწოდების პროცესში უსაფრთხოების მენეჯმენტის გაუმჯობესებაზე, პერსონალური ინფორმაციის მენეჯმენტის გაძლიერებასა და საშიში ქიმიკატების, ყალბი ვალუტის, ყალბი წამლებისა და ყალბი საქონლის გადატანის შეწყვეტაზე გახლავთ ორიენტირებული.

კამპანიის ფარგლებში გაძლიერდება ზედამხედველობა როგორც შემომავალი, ისე გამავალი საქონლისა და თამბაქოს მიწოდებაზე.

წყარო