ჩინური ზოდიაქოს 12 ნიშანი

Giorgi Makharadze

0
64

ზოდიაქოს 12 ნიშანი, რომელსაც ასევე უწოდებენ შუსიანგ-ს (ჩინ: 属相),  წარმოადგენს 12 სახეობის ცხოველს, რომელიც ჩინეთის 12 მიწიერ განშტოებასა და ადამიანის დაბადების წელს ემთხვევა. ჩინური ჰოროსკოპის თორმეტწლიანი ციკლის თანახმად, ყოველ წელს თავისი დასახელება აქვს. თორმეტწლიანი ციკლი, იგივე ცხოველთა წრე, გამოიყენება იმისთვის, რომ დავათარიღოთ წლები.

       ციკლი  იწყება ვირთხით (ჩინ: 鼠 შუ), შემდეგ კი მოჰყვება ხარი (牛 ნიოუ), ვეფხვი (虎 ხუ), კურდღელი (兔 თუ), დრაკონი ( 龙 ლუნგ), გველი ( 蛇 შე), ცხენი (马 მა), თხა(羊 იანგ) , მაიმუნი (猴 ხოუ), მამალი (鸡 ძი), ძაღლი (狗 კოუ) და ღორი (猪 ჭუ).

ჩინური ზოდიაქოს წარმოშობა დაკავშირებულია ძველ ჩინეთში ცხოველების თაყვანისცემასთან და, შესაბამისად, ჩინელების ცხოველების მიმართ დამოკიდებულებასთან.  ჩინური ზოდიაქოს მიხედვით, 2021 წელი ხარის წელია.

ჩინური ზოდიაქოს ცხოველებთან დაკავშირებით არსებობს ერთი საინტერესო ლეგენდა. ჩინეთის პირველმა იმპერატორმა იუ ხუანგმა (ჩინ: 玉皇) საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად გადაწყვიტა ცხოველების შერჩევა, რომლებიც მოგვიანებით ჩინური კალენდრის სიმბოლოები უნდა გამხდარიყვნენ. იმპერატორის მსახური დედამიწას მოსაწვევების დასარიგებლად ეწვია და პირველი, რაც შეხვდა – ვირთხა იყო, ამიტომ მას გადასცა მოსაწვევი და გააფრთხილა, რომ დილაადრიან იმპერატორს უნდა სწვეოდა. აღნიშნული მოსაწვევები მიიღეს ხარმა, ვეფხვმა, კურდღელმა, დრაკონმა, გველმა, ცხენმა, თხამ, მაიმუნმა, მამალმა და ძაღლმა. მსახურს მოსაწვევი კატისთვისაც უნდა გადაეცა, თუმცა ვერსად გადაეყარა, მისი მოსაწვევი კი ვირთხას დაუტოვა იმ პირობით, რომ თვითონ გადასცემდა.  მიუხედავად იმისა, რომ ვირთხამ შეასრულა პირობა და კატას მოსაწვევი გადასცა, მან არ შეასრულა კატის თხოვნა და დილით იმპერატორთან გამგზავრების წინ არ გააღვიძა, იფიქრა, რომ კატას სილამაზით ვერ შეედრებოდა, ამიტომ პირველი იმპერატორს სწორედ ვირთხა ეწვია. მას მოჰყვა სხვა ცხოველებიც, თუმცა ჯამში მხოლოდ 11 ცხოველი შეგროვდა, მსახური მე-12 ცხოველის მოსაძებნად კვლავ დაბრუნდა დედამიწაზე და პირველივე შემხვედრი – ღორი, იმპერატორთან მიიწვია.  ლეგენდას თუ დავუჯერებთ, სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ციკლური ათვლა ვირთხით იწყება, შემდეგ კი მას თანმიმდევრულად მოჰყვება  სხვა ცხოველები. ლეგენდის თანახმად, კატა ვირთხაზე განრისხდა და არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ აქედან იღებს სათავეს ვირთხისა და კატის მტრობა.

  ჩინურმა ზოდიაქომ, როგორც მრავალწლიანმა ხალხურმა კულტურულმა სიმბოლომ, უდიდესი კვალი დატოვა, თითქმის, ნებისმიერ სფეროში, რის გამოც მას მრავლად შევხვდებით სხვადასხვა დარგში,  იქნება ეს პოეზია, საგაზაფხულო წარწერები, ნახატები, კალიგრაფიისა თუ ხალხური რეწვის ნიმუშები, რომლებშიც გადმოცემულია ზოდიაქოს გამოსახულებები და მათი სიმბოლური მნიშვნელობები.

გაზაფხულის ფესტივალის დროს ჩინეთის გარდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშიც გამოსცემენ ზოდიაქოს ნიშნების საფოსტო მარკებს, რათა გამოხატონ თავიანთი პატივისცემა ჩინური ახალი წლისა და მისი ტრადიციების მიმართ.

ჩინურ ასტროლოგიაში ცხოველების ნიშნები, რომლებიც წლების მიხედვითაა მინიჭებული, წარმოადგენს იმას, თუ როგორ აღგიქვამენ სხვები, ან როგორ წარმოაჩენ საკუთარ თავს.

საინტერესოა ისიც, რომ თითოეული ცხოველი დაკავშირებულია ორ სხვა ცხოველთან, რომლის დახმარებითაც იქმნება ე.წ „მოკავშირეთა წრე“ და მიჩნეულია იდეალურ პარტნიორად როგორც საქმიან, ასევე პირად ურთიერთობაში.

დაბადების წლის მიხედვით იდეალური მოკავშირეები შემდეგნაირად ნაწილდება:

  1. ვირთხა – დრაკონი, მაიმუნი;
  2. ხარი –  მამალი, გველი
  3. ვეფხვი – ცხენი, ძაღლი
  4. კურდღელი – თხა, ღორი
  5. დრაკონი – მაიმუნი, ვირთხა
  6. გველი – მამალი, ხარი
  7. ცხენი – ძაღლი, ვეფხვი
  8. თხა – ღორი, კურდღელი
  9. მაიმუნი – ვირთხა, დრაკონი
  10. მამალი – ხარი, გველი
  11. ძაღლი – ვეფხვი, ცხენი
  12. ღორი – კურდღელი, თხა

ჩინური რწმენით, სწორედ რომ თქვენს მოკავშირე ცხოველის წელში დაბადებულ ადამიანთან ურთიერთობა იქნება განსაკუთრებულად ნაყოფიერი და სასიამოვნო. გარდა ამისა, თქვენი მოკავშირე ცხოველები თქვენს ცხოვრებისეულ თილისმასაც წარმოადგენს, რომელიც ნებისმიერ სფეროში დაგეხმარებათ.