დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია აქვთ, აკონტროლებენ ქარსა და წვიმას, მდინარეებსა და ზღვას, ანათებენ ცას, კეთილდღეობა მოაქვთ სამყაროსთვის.  სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებაში დრაკონები ძლევამოსილ თილისმებად ითვლებიან, რომლებიც უხვი მოსავლისა და აყვავების მიზნით, ხელს უწყობენ ცას, დედამიწასა და ადამიანებს შორის კარგი ამინდის შექმნას.

 ძველ დროში იმპერატორები ნამდვილ დრაკონებად და ზეცის შვილებად ითვლებოდნენ, ხოლო ჩინელები – დრაკონების შთამომავლებად. დრაკონების ღირსებისა და ღვთაებრიობის თაყვანისცემის მიზნით, ჩინელებმა დრაკონი ჩინურ ზოდიაქოში შეიყვანეს და ის დიდი ხანია ჩინეთში ყველაზე პოპულარული ზოდიაქოს ნიშანია. ბევრი ჩინელი წყვილი ბავშვის გაჩენას სწორედ რომ დრაკონის წელში გეგმავს. ხის დრაკონის წელი ოფიციალურად 2024 წლის 10 თებერვალს შემოდის. როგორც აღვნიშნეთ, დრაკონი ჩინურ კულტურაში დაკავშირებულია წარმატებასთან, ინტელექტთან და ღირსებასთან, ხოლო ხის დრაკონები სავსე არიან ენერგიით და ოცნებობენ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაზე, ამიტომ ითვლება რომ 2024 იქნება  განვითარების, პროგრესის, სიუხვისა და გაძლიერების წელი.

 თუ გადავავლებთ თვალს განვლილი წლების ისტორიას, 2012 წელი წყლის დრაკონის წელი იყო,  2036 წელი ცეცხლოვანი დრაკონის წელი იქნება. ზოდიაქოს თითოეული  ცხოველის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს აქვთ პიროვნული თვისებების უნიკალური ნაკრები, რაც განსხვავებით დასავლური ზოდიაქოს ნიშნების კონცეფციისგან, გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე. ხე წარმოადგენს სიცოცხლისუნარიანობას და კრეატიულობას, ხოლო დრაკონი დაკავშირებულია წარმატებასთან, ინტელექტუალურობასთან და ღირსებასთან ჩინურ კულტურაში. მოცემული კომბინაცია ხის დრაკონის წელში დაბადებულ ადამიანებს ენერგიითა და ლტოლვით ავსებს, ისინი ოცნებობენ სამყაროს შეცვლაზე და კარგად ეხერხებათ ინოვაციური იდეების მოფიქრება და მათი განხორციელება. ისინი პერფექციონისტები არიან და ადვილად არ იტყვიან უარს მიზნებზე.ხის დრაკონის ბოლო წელი 60 წლის წინ, 1964 წელს იყო. ალბათ, ბევრ თქვენგანს აქვს კითხვა თუ რა დატვირთვა აქვს დრაკონის წელს?  მთვარის კალენდრის მიხედვით, ახალი წლის მნიშვნელობის გასაგებად აუცილებელია ვიცოდეთ როგორც ელემენტის, ისევე ცხოველის ატრიბუტები. ხისგან, როგორც 2024 წლის ჩინური ახალი წლის ელემენტისგან, ჩვენ ვიღებთ ზრდას, წარმატებასა და განვითარების საწყის ეტაპს. ხე სიმბოლოა კაცობრიობის მისწრაფების მიაღწიოს, პროგრესს, გაიზარდოს და განვითარდეს. დრაკონის წელი წარმოადგენს ჯანმრთელობას, ძალას და კეთილდღეობას. ითვლება, რომ ამ წელს დაბადებულები განასახიერებენ დრაკონებთან დაკავშირებულ თვისებებს – ბუნებრივ ლიდერობას, ქარიზმასა და უსაზღვრო ენთუზიაზმს.

მოგილოცავთ ხის დრაკონის წელს და როგორც ჩინელები უსურვებენ ერთმანეთს, “龙年大吉 (Lóng nián dàjí)”,“龙马精神 (Lóng mǎ jīngshén)”, “龙飞凤舞 (Lóng fēi fèng wǔ)” , მეც გისურვებთ წარმატებულ წელს, დღეგრძელობას, კეთლდღეობასა და ჰარმონიას.