Home სხვადასხვა “ჩუნძიე” – ჩემი თვალით დანახული გაზაფხულის დღესასწაული

“ჩუნძიე” – ჩემი თვალით დანახული გაზაფხულის დღესასწაული

თორნიკე ტაბატაძე

0
77

ჩინეთში რომ მოვდიოდი, კარგად ვიცოდი რომ ჩინური ახალი წელი ყველაზე დიდი და გრანდიოზული დღესასწაული იყო ჩინელებისთვის, თუმცა ნანახმა მოლოდინს ბევრად გადააჭარბა. წელს, ჩინური ახალი წელი, იგივე გაზაფხულის დღესასწაული (ჩუნძიე), 22 იანვარს აღინიშნა, თუმცა მისთვის მზადება ბევრად უფრო ადრე დაიწყო.

2023 წელს, სამი წლის შემდეგ, ჩინური ახალი წელი პირველად აღინიშნება კოვიდ რეგულაციების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინელთა უმეტესობა დიდი ქალაქებიდან თავისუფლად ბრუნდება თავის მხარეში და ოჯახთან ერთად ატარებს დღესასწაულს.  ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ისეთ დიდ ქალაქებში როგორიც, მაგალითად, პეკინია.

პეკინში ჩინური ახალი წლის მოახლოვება რამდენიმე კვირით ადრე იგრძნობოდა, ხოლო რაც უფრო ახლოვდებოდა თარიღი, მით უფრო მძაფრდებოდა ეს შეგრძნება. პირველ რიგში, ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ მოირთო ჩუქები, მთელი ქალაქი “გაწითლდა”, სუპერმარკეტებში და მოლებში მუდმივად ისმის ჩინური ტრადიციული საახალწლო მუსიკა, ყველა კუთხეში შეხვდებით კურდღლის გამოსახულებას (მოგეხსენებათ, 2023 ჩინური კალენდრით კურდღლის წელია).
ამას გარდა, 22 იანვრის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო მეტმა ობიექტმა შეწყვიტა მუშაობა, იქნებოდა ეს რესტორნები, კაფეები თუ მაღაზიები. უფრო გართულდა ტაქსის გამოძახება, გახანგრძლივდა გამოძახებული საკვების მოტანის დრო. ეს ყველაფერი გამოწვეული იყო იმით, რომ როგორც აღვნიშნე, გაზაფხულის დღესასწაულზე ჩინელები დიდი ქალაქებიდან თავიანთ მხარეში ბრუნდებიან, შესაბამისად ქალაქში შედარებით ცოტა ადამიანი რჩება. ამ პროცესს აღდგომის დღესასწაულს შევადარებდი საქართველოში, როცა შიდა მიგრაცია ქვეყანაში ყველაზე დიდია.

ამ მომენტში, ჩემს უნივერსიტეტში ძალიან გაგიჭირდებათ ჩინელი სტუდენტის პოვნა, მაშინ როდესაც სხვა დროს (თუნდაც ჩვენთვის ტრადიციული ახალ წელს), მათი რაოდენობა ასე საგრძნობლად არასდროს მცირდება. მიუხედავად ამისა, ჩინელებს არასდროს ავიწყდებათ თავიანთი მეგობრები (განსაკუთრებით კი უცხოელი მეგობრები) და გაზაფხულის დღესასწაულისთვის აუცილებლად იღებთ საჩუქარს, იქნება ეს “წითელი კონვერტი” (ხუნგპაო), რომელშიც გარკვეული ოდენობის თანხაა მოთავსებული; ტრადიციული ჩინური ალკოჰოლი (პაიძიუ) თუ სხვა რამ.

ჩინური ახალი წელი წარმოუდგენელია ტრადიციული კერძების გარეშე, რომლის ერთად მირთმევა დიდი მხიარულებაა. ჩინეთში მცხოვრები უცხოელისთვის ამ მხიარულების გაზიარება ჩინელებთან შედარებით რთულია, ვინაიდან ჩინელები ოჯახის წევრებთან ერთად მიირთმევენ სადღესასწაულო კერძებს; თუმცა ეს ხელს არ გვიშლის უცხოელებს, ერთად, ჩინური ტრადიციების მიხედვით აღვნიშნოთ “ახალი გაზაფხულის” დადგომა, რაც არანაკლები მხიარულებაა. ჩინური ახალი წლის ტრადიციული კუზინა ჩრდილოეთში აუცილებლად შედგება პელმენებისგან (ძიაოწი), რომელიც გემოთი ქართულ ხინკალს წააგავს; თევზით, რომელიც სიმდიდრის და კეთილდღეობის სიმბოლოა და დესერტად ბრინჯის ტკბილი ბურთულებით სხვადასხვა შიგთავსით.

გაზაფხულის დღესასწაული 9 თებერვლამდე გრძელდება, თუმცა დიდ ქალაქში მაცხოვრებელ ჩინელებს ასეთი დიდი შვებულების ფუფუნება არ აქვთ. მნიშვნელოვანი თარიღის გადავლის შემდეგ  დაცლილი ქალაქი ნელნელა ისევ ივსება და დღითიდღე უფრო და უფრო აქტიური და ცოცხალი ხდება, მანამ,

სანამ  ბოლომდე არ დაუბრუნდება წინანდელ მგომარეობას, რაც პირველ რიგში გადატვირთულ ქუჩებში, მაღაზიის რიგებსა და ინტენსიურ სამუშაო გრაფიკსა თუ ცხოვრების რიტმში გამოიხატება.

თორნიკე ტაბატაძე