Home Travel ძიოუჭაიკოუს ველი (九寨沟- Jiǔzhàigōu)

ძიოუჭაიკოუს ველი (九寨沟- Jiǔzhàigōu)

0
78

მინშანის მთების სამხრეთ ნაწილში, სიჩუანის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთით, მდებარეობს ძიოუჭაიკოუს ველი. ადგილი, რომელსაც ღრმა ხეობების, თვალწარმტაცი ჩანჩქერებისა და კრისტალურად სუფთა ტბების გამო, ჯადოსნურ ველსაც უწოდებენ.

ძიოუჭაიკოუს სახელი ცხრა ტიბეტური სოფლიდან მომდინარეობს. ხშირად აღმოსავლელები მას ეძახიან „საოცრებათა ქვეყანას დედამიწაზე“, ხოლო დასავლელები „ზღაპრების სამყაროს“ სახელით მოიხსენიებენ.

ძიოუჭაიკოუს ეროვნულ ნაკრძალს ტიპური ბუნებრივი ეკოსისტემა აქვს და წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების ეროვნული კონსერვაციის ერთ-ერთ ბირთვს. მდიდარია ცხოველური და მცენარეული რესურსებით, გააჩნია როგორც სამეცნიერო კვლევითი, ისე ტურისტული ღირებულება. დამთვალიერებელს წელიწადის ოთხივე სეზონზე შეუძლია დატკბეს ნაკრძალის მშვენიერებით და ყოველი სტუმრობისას განსხვავებული გამოცდილება მიიღოს.

გაზაფხული: ყვავილობა და რომანტიკა

მთებსა და ტყეებში ჯერ კიდევ შუა ზამთარია, თუმცა მთის ძირში ადრეული გაზაფხულის ნიშნები შეინიშნება:  ველური ატამი ყვავილობას იწყებს.

შემოდგომა: ფერადი ტყეები და კაშკაშა გარემო

შეიძლება ითქვას, რომ ძიოუჭაიკოუში შემოდგომა ყველაზე ბრწყინვალე სეზონია. ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე და ლურჯი პეიზაჟები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. ხიდან ჩამოცვენილი ფერადი ფოთლები კი ტბის რიტმში ცურავს.

ზაფხული: სიმწვანე და გამოცოცხლება

მაშინ, როცა გარშემო ყველაფერი მწველი ზაფხულის მცხუნვარებაში იძირება, ძიოუჭაიკოუ სიმწვანეშია გახვეული და გრილი, ჩრდილიანი გარემო ერთგვარი ბუნების ხელთუქმნელი თავშესაფარი ხდება.

ზამთარი: ყინულისა და თოვლის ზღაპრები

ზამთრის ჩუმ დღეებში ძიოუჭაიკოუ განსაკუთრებით მშვიდი და პოეტურია. მთები და ტყეები ვერცხლისფერი თოვლით იფარება, ტბები და მდინარეები იყინება, ხოლო ჩანჩქერები უზარმაზარ ბუნებრივ ყინულის ქანდაკებებად იქცევა. ასეთი თეთრი და მშვიდი სამყარო მსოფლიოში არსებული ქაოსისგან თავის დაღწევაში უთუოდ დაგეხმარებათ.