მარტი23 , 2024
ბლოგიწითელი კლდის ბრძოლა

[:ka]წითელი კლდის ბრძოლა[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]ახ.წ. II საუკუნის მიწურულს აღმოსავლეთ ხანის დინასტიას ( ახ.წ. 25-220 ) რთული პერიოდი ედგა. ყვითელთავსაბურიანთა აჯანყებამ (黄巾起义-184წ.) ძლიერი დარტყმა მიაყენა იმპერატორის ხელისუფლებას. აჯანყების ჩასახშობად მობილიზებული იქნა სარდლები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ძალების მთელი დაძაბვით აჯანყების ძირითადი მასა ჩაახშეს, მაგრამ გაძლიერებულ სარდლებს არ სურდათ ძალაუფლების დათმობა. ამ პერიოდიდან იმპერატორი რეალურად აღარ ფლობდა ძალაუფლებას. პოლიტიკური და სამხედრო ძალა გადასული იყო სარდლების ხელში. მათ შორის კი გამუდმებული ომი მიმდინარეობდა. იმპერატორი გახდა ერთგვარი სიმბოლო, რომელსაც გამარჯვებული სარდალი იფარებდა და მისი სახელით მართავდა იმპერიას. საბოლოოდ იმპერატორის „მცველის“ სტატუსი მიიღო გამორჩეულმა სარდალმა, მთელი ჩინეთის ისტორიაში ერთ-ერთმა საინტერესო პიროვნებამ — ცაო-ცაომ.

ცაო-ცაო ფილმიდან „წითელი კლდის ბრძოლა“. მსახიობი ჭანგ ფენგ ი. ფილმი გადაიღეს 2008 წელს ჩინეთში.

ახ.წ. 200 წელს ცაო-ცაომ კუანტუსთან ბრძოლაში გაანადგურა გაცილებით მრავალრიცხოვანი არმიის სარდალი იუენ შაო. ცაო-ცაომ იუენ შაოს არმიის ნარჩენებს 207 წლამდე სდია. საბოლოოდ იუენ შაოს შვილების მომხრე მომთაბარე ტომები გაანადგურა იმპერიის უკიდურეს ჩრდილოეთ საზღვართან და ამით ჩრდილოეთის მიმართულებით სიტუაცია დაასტაბილურა.

ამ დროისათვის ცაო-ცაოს მთავარ მოწინააღმდეგეებად რჩებოდნენ მდინარე იანძის სამხრეთით გამაგრებული- ძინგის პროვინციის მმართველი-ლიუ პიაო და უ-ს პროვინციის მმართველი — სუნ ცუენი. ცაო-ცაო განსაკუთრებით უფრთხოდა ლიუ პიაოსთან მყოფ ავანტიურისტ სარდალს- ლიუ პეის, რომელიც ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თან საიმპერატორო გვარის წევრი იყო.

208 წელს, უკანასკნელი ძლიერი მოწინააღმდეგეების დასამორჩილებლად ცაო-ცაომ გრანდიოზული არმია შეკრიბა. მისი თქმით ეს არმია 800 000 კაცისაგან შედგებოდა, თუმცა ეს რიცხვი აშკარად გადაჭარბებულია. ცაო-ცაოს ბედად გარდაიცვალა ძინგის პროვინციის გამგებელი ლიუ პიაო, მისმა მემკვიდრემ კი ცაო-ცაოს დანებება გამოუცხადა. ლიუ პეიმ გაქცევით უშველა თავს. მართალია ჩანგპანთან ცაო-ცაო წამოეწია მას და სასტიკად დაამარცხა, მაგრამ ლიუ პეიმ გაქცევა შეძლო.

ამ დროს ძინგის პროვინციაში იმყოფებოდა სუნ ცუენის ელჩი- ლუ სუ. ის ეახლა ლიუ პეის და ცაო-ცაოს წინააღმდეგ ალიანსი შესთავაზა. ლიუ პეიმ ლუ სუს გააყოლა თავისი მთავარი მრჩეველი, ჩინეთის ისტორიაში ერთ-ერთი გამოჩენილი მოაზროვნე და პოლიტიკური მოღვაწე- ჭუ გ’ ლიანგი. ლუ სუმ და ჭუ გ’ ლინგმა, მიუხედავად სამოქალაქო მრჩევლების წინააღმდეგობისა, დაარწმუნეს სუნ ცუენი შებრძოლებოდა ცაო-ცაოს. 

ჭუ გ’ ლიანგი ფილმიდან „წითელი კლდეების ბრძოლა“. მსახიობი ტაკეში კანეშირო.

მოკავშირეთა არმიას სარდლობდნენ სუნ ცუენის გენერლები — ჭოუ იუ და ჩენგ ფუ. მათი გაერთიანებული არმია 50 000 მეომრისაგან შედგებოდა. რადგანაც უ-სა და ძინგის პროვინციის მეომრები, განსხვავებით ცაო-ცაოს ჩრდილოელი მეომრებისაგან, სანაოსნო ბრძოლაში იყვნენ გაწაფულნი, მოკავშირეებმა ბრძოლის ადგილად მდინარე იანძი აირჩიეს.

მოწინააღმდეგე არმიები მდინარე იანძის მოპირდაპირე ნაპირებზე წითელ კლდესთან გამაგრდნენ. როგორც ვთქვით ცაო-ცაოს მეომრების დიდი ნაწილი ჩრდილოეთიდან იყვნენ. მათ სანაოსნო ბრძოლასთან შეხება თითქმის არ ჰქონიათ, ბევრმა ცურვაც კი არ იცოდა. ამიტომ, გემებზე მყოფი ჯარისკაცების დიდ რაოდენობას რყევის გამო ზღვის დაავადება აღმოაჩნდათ. არმიის დემობილიზაციის ასაცილებლად ცაო-ცაომ გემები ერთმანეთს დააკავშირა და იანძიზე ერთი გიგანტური პლატფორმა შექმნა, რითაც გემების რყევა შეწყდა.

როგორც კი ჭოუ იუმ და ჩენგ ფუმ ნახეს, რომ ცაო-ცაომ გემები გადააბა, მტრის განადგურების საშუალებად ცეცხლით შეტევა აირჩიეს. მათ გეგმა დასახეს, თუ როგორ მიახლოებოდნენ მტრის ბანაკს. ჩენგ ფუმ ცაო-ცაოს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ამბობდა, რომ მალე მის მხარეს გადავიდოდა. ცაო-ცაოს დასარწმუნებლად ჩენგ ფუმ და ჭოუ იუმ სცენა გაითამაშეს თითქოს მათ შორის მტრობა ჩამოვარდა. თუმცა, ამ დროს ჩრდილოეთის ცივი ქარი ქროდა, რაც მათ არ აწყობდათ ცეცხლით შეტევისათვის, რადგან ცეცხლი საკუთარ ფლოტს გადაედებოდა . მაგრამ, მათ იცოდნენ, რომ ზამთრის ერთ მონაკვეთში ჩრდილოეთის ქარს სამხრეთის ქარი ცვლიდა. ამიტომ, უბრალოდ მოიცადეს ქარის მიმართულების ცვლილებისათვის.

წითელი კლდეების ბრძოლის ერთ-ერთი შესაძლო ადგილი. თანამედროვე ქალაქი ჩ’პი ( წითელი კლდეები), ხუპეის პროვინცია.

როგორც კი ქარმა მიმართულება შეიცვალა, ჩენგ ფუ საწვავით და ადვილად-აალებადი მასალით დატვირთული გემებით გაეშურა ცაო-ცაოს ფლოტისკენ. ამ უკანასკნელს ეგონა, რომ ჩენგ ფუ თავისიანებს ღალატობდა, ამიტომ არანაირი თავდასაცავი ღონისძიება არ მიიღო. მტრის ფლოტთან ახლოს ჩენგ ფუმ საკუთარ გემებს ცეცხლი წაუკიდა. ცაო-ცაოს დრო აღარ ჰქონდა გადაბმული გემების დასაცალკევებლად და ცეცხლმოდებული გემები მის არმადას შეასკდნენ. სამხრეთის ქარმა თავისი ქნა და ცეცხლი მალე მთელ ფლოტს გადაეკიდა. ამავდროულად ხმელეთიდან ცაო-ცაოს არმიას შეუტია ლიუ პეიმ. ორცეცხლშუა მოქცეულმა ცაო-ცაომ ვერ შეძლო არმიის მობილიზება და ბრძოლის ველი მიატოვა. მეთაურის გარეშე დარჩენილი მისი არმია კატასტროფულად განადგურდა.

                  წითელ კლდეებთან ბრძოლა ერთ-ერთი პოპულარული თემაა ჩინურ ხელოვნებაში. ბრძოლას ყველაზე მეტად სახელი გაუთქვა XIV საუკუნეში მოღვაწე მწერლის — ლუო კუანჭუნგის ნაწარმოებმა — „სამი სამეფოს რომანი“. მიუხედავად ისტორიული ფაქტების გარკვეული ცვლილებებისა, ავტორი შესანიშნავად აცოცხლებს წითელი კლდეების ბრძოლის სურათს, შესანიშნავად აღწერს პიროვნულ და პოლიტიკურ ფაქტორს დიდ ომში.

წითელ კლდეებთან ბრძოლა ჩინური სამხედრო ხელოვნების ერთ-ერთი მარგალიტია. ამ ბრძოლამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მცირერიცხოვან არმიასაც შესწევს ძალა მრავალრიცხოვანი მტრის დამარცხებისა. გარდა მნიშვნელობისა სამხედრო ხელოვნებაში, ბრძოლას წითელ კლდეებთან განუზომელი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. ამ მარცხის შემდეგ ცაო-ცაოს აღარასოდეს ულაშქრია სამხრეთით ასეთი დიდი არმიით, ვეღარ შეძლო სამხრეთის შემოერთება და ჩინეთის გაერთიანება. იანძის სამხრეთი სუნ ცუენმა და ლიუ პეიმ გაიყვეს. დაიწყო სამი სამეფოს ეპოქა ( 220-280 ) — ვეი, უ და შუ. ცაო-ცაოს მარცხი წითელ კლდეებთან მიზეზი იყო იმისა, რომ ჩინეთის გაერთიანება სამოცდაათი წლით გადაიდო. სამი სამეფოს პერიოდში ერთმანეთთან გამუდმებულმა ბრძოლამ დაასუსტა ჩინური სამეფოები, შეიწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე. ამიტომ IV საუკუნის დასაწყისში გაერთიანებულ ჩინეთსაც კი ძალა აღარ ეყო მომთაბარეების დასამარცხებლად და ჩრდილოეთ ჩინეთი მომთაბარე ტომებმა დაიკავეს. ჩინეთი კვლავ დაიყო მცირე სამეფოებად ვიდრე სუის დინასტიამ VI საუკუნის ბოლოს კვლავ გააერთიანა იმპერია.

ჩინეთი სამეი სამეფოს ეპოქაში ( 220-280 ).

 

 

ოთარ ჭილაძე.

#სინომედიაბლოგერი #ისტორია[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები