Home კულტურა მოგზაურობა ჭანგძიაძიე – უცხო პლანეტის მწვერვალი

ჭანგძიაძიე – უცხო პლანეტის მწვერვალი

ჭანგძიაძიე - უნიკალური მწვერვალების ტყე, რომელიც გარდა იმისა, რომ მნახველებს ხიბლავს თავისი სილამაზით, დღემდე ხდება ისეთი ხელოვნების ნიმუშების შთაგონების წყარო როგორიც „ავატარია.“

0
70
ჭანგძიაძიეს ეროვნული ტყე-პარკი

ჭანგძიაძიე იყო პირველი ეროვნული ტყე-პარკი ჩინეთში. იგი მოიცავს 130 კვადრატულ კილომეტრ ფართობს და მდებარეობს ვულინგიუანში, ქალაქ ჭანგძიაძიეს მთავარ ნაწილში, ცენტრალური ჩინეთის ხუნანის პროვინციაში. მთელი ფართობის დაახლოებით 95 პროცენტს ტყე შეადგენს. 1992 წლის დეკემბერში იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად იქნა აღიარებული. 2004 წლის თებერვალში ეს ტყე-პარკი ასევე შევიდა იუნესკოს გლობალური გეოპარკების სიაში.

ჭანგძიაძიეს აქვს რელიეფის უნიკალური ფორმები – ქვის მაღალი კლდოვანი მწვერვალები, რაც ტყეს მოგვაგონებს. მისი მდიდარი ფლორა, ციცაბო ფერდობები, ღრმა ხეობები და თბილი და ნოტიო კლიმატი ქმნის ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს. პარკს აქვს ექვსი მცირე ზომის უნიკალური ადგილი, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია ხუანგშიწაი და იუენძიაძიე.

ხუანგშიჭაი

ხუანგშიჭაი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი ჭანგძიაძიეს ეროვნულ პარკში. მისი სილამაზე გასაოცარია. მიჩნეულია რომ ხუანგშიწაის ნახვა ამ პარკის სტუმრობისას აუცილებელია.

ხუანგშიჭაი არის უზარმაზარი კვადრატული მთის ტერასა 16,5 ჰექტარი ფართობით 1080 მეტრის სიმაღლეზე. ადგილი გადაჰყურებს ვულინგიუანს. ამ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობაზე ასვლისას ტურისტებს შეუძლიათ იხილონ უთვალავი დაკბილული და თავდაყირა კლდოვანი მწვერვალები და სვეტები. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობებია ოქროს კუს კლდე, სამხრეთ სამოთხის კარიბჭე და ვარსკვლავების პლატფორმა.

ვიზიტორებს შეუძლიათ საბაგირო მანქანით პირდაპირ მთის მწვერვალზე ასვლა, საიდანაც იშლება ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ხედი. მწვერვალი მდებარეობს უსაზღვრო ზურმუხტისფერი სიმწვანის შუაგულში.

ბუნების ამ ჯადოსნური შედევრის გარდა, ადამიანის მიერ შექმნილი სტრუქტურების მონახულებაც ღირს. პარკში შექმნილია ცნობილი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა, სახელწოდებით „ექვსი საოცრების პავილიონი“, რომელიც ეხება პარკის უნიკალურ მთებს, წყალს, ღრუბლებს, კლდეებს, მცენარეებსა და იშვიათ ცხოველებს.

ხუანგშიწაის ტერიტორიაზე მდებარე „ექვსი საოცრების პავილიონი“

ოქროს კუს კლდე შორიდან დანახულ კუს წააგავს. როცა მოღრუბლულია, კუ ნისლში იმალება, აქედან მოდის მისი სახელი.

სამხრეთ სამოთხის კარიბჭე მდებარეობს ხუანგშიწაის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ეს არის ბუნებრივი კარიბჭე, რომელიც წარმოიქმნება დახრილი კლდის მიერ. ის ჰგავს კარიბჭეს, რომელიც ადის სამოთხეში. მის მარჯვნივ დგას დიდი ქვა, დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლის და მამაკაცის ფორმის. ამბობენ, რომ ქვა არის ღვთაება, რომელიც იცავს ზეციურ კარიბჭეს.

სამოთხის კარიბჭე

ხუანგშიწაის აღმოსავლეთით მთებიდან გამოდის 100 მეტრიანი ქედი. ქედის უმაღლეს წერტილში არის ერთმანეთზე დაწყობილი, ქვიშაქვისგან შემდგარი ორი სათვალთვალო წერტილი. მას ეწოდა „ვარსკვლავების კრეფის პლატფორმა“ და შესანიშნავი ადგილია ღამით ვარსკვლავების დასათვალიერებლად. ზემოაღნიშნული ატრაქციონების გარდა, ხუანგშიწაი წარმოადგენს თავისებური ქვიშაქვის მწვერვალების მასივს და იდეალური ადგილია მზის ამოსვლის საყურებლადაც.

ხედი „ვარსკვლავების კრეფის“ პლატფორმიდან

იუენძიაძიე

იუანძიაძიე მდებარეობს ჭანგძიაძიეს ეროვნული პარკის ჩრდილოეთით, მისი ფართობი დაახლოებით 1200 ჰექტარია და საშუალო სიმაღლე 1074 მეტრი. ლეგენდის მიხედვით,  ხუანგ ჩაოს აჯანყების წარუმატებლობის შემდეგ თანგის დინასტიის გვიანდელ პერიოდში (618-907), გენერალმა იუენმა, რომელიც მიჰყვებოდა ხუანგ ჩაოს, უკან დაიხია ამ ადგილას მტრის ძალებისგან თავის დასაღწევად. გენერალი იუენი აქ დასახლდა და განმარტოებით ცხოვრობდა მთებში. მან აქ ააშენა თემი და დაარქვა „იუენძიაძიე“, რაც ჩინურად ნიშნავს იუენის ოჯახის სოფელს. დღეს ეს არის ულინგიუენის მთავარი ტერიტორია და მისი მთავარი ღირსშესანიშნაობებია პაილუნგის ლიფტი, მსოფლიოს პირველი ხიდი და ავატარის ჰალელუიას მთა.

პაილუნგის, ან ასი დრაკონის ცის ლიფტი, არის 326 მეტრის სიმაღლის ლიფტი, რომელიც აშენებულია უზარმაზარი კლდის ფერდობზე. ეს არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი გარე ლიფტი და შედგება სამი ორსართულიანი ლიფტისაგან, რომელთაგან თითოეულს შეუძლია გადაიყვანოს დაახლოებით 50 ადამიანი თითო ჯერზე. ეს ამცირებს 326 მეტრიან მთაზე ასვლის გზას ორ წუთზე ნაკლებ დრომდე. ლიფტმა მოიპოვა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის სამი ჯილდო, როგორც ყველაზე მაღალმა სრული ექსპოზიციის გარე ლიფტმა, მსოფლიოში ყველაზე მაღალმა ორსართულიანმა ლიფტმა და მსოფლიოში ყველაზე სწრაფმა სამგზავრო ლიფტმა ყველაზე დიდი ტევადობით. ლიფტის თავზე მნახველებს შეუძლიათ დატკბნენ იუენძიაძიეს პეიზაჟის თვალწარმტაცი პანორამული ხედით.

იუანძიაძიეს ლიფტი

პაილუნგის ლიფტიდან გამოსვლისას მნახველები იუენძიაძიეს ბაღში ხვდებიან. აქედან იშლება სხვადასხვა ფორმის და ზომის კლდოვანი მწვერვალის ხედი. ვიზიტორებს შეუძლიათ გაისეირნონ 3,5 კილომეტრიან ხიდზე და დატკბნენ გზაზე პეიზაჟებით. ფეხით გასეირნებას დაახლოებით 1,5 საათი სჭირდება.

მსოფლიოს პირველი ხიდი კიდევ ერთი საკულტო ღირსშესანიშნაობააა ჭანგძიაძიეს „10 საოცრებადან“. ხიდის სიგანე ორი მეტრია, სისქე ოთხი მეტრი, იგი 20 მეტრზე გრძელია, ხოლო სიმაღლე 300 მეტრს აღემატება, რაც მას მსოფლიოში ყველაზე მაღალ ბუნებრივ ქვის ხიდად აქცევს.

კიდევ ერთი საოცრება იუენძიაძიეში არის სამოთხის სამხრეთ სვეტი, რომელიც ახლა ცნობილია, როგორც ავატარის ჰალილუიას მთა. Avatar-ის პროდიუსერების ჯგუფმა ოთხი დღე გაატარა პარკში ფილმის შთაგონების მოსაპოვებლად. შედეგად, ჭანგძიაძიეში გადაღებული დიდი რაოდენობით სცენური სურათები გამოიყენეს პანდორას გამოგონილი სამყაროს წარმოსაჩენად. სამოთხის სამხრეთ სვეტის სიმაღლე 1074 მეტრია და ვერტიკალური სიმაღლე დაახლოებით 150 მეტრია.

ოქროს მათრახის ნაკადული

ეს ღირსშესანიშნაობა მდებარეობს ჭანგძიაძიეს ეროვნული პარკის აღმოსავლეთით და ღრმა კანიონს წარმოადგენს. კანიონის ორივე მხარეს ულამაზესი და მშვიდი პეიზაჟები მას სრულყოფილ სალაშქრო მარშრუტად აქცევს. მდინარის სიგრძე 7,5 კილომეტრია და მის გასწვრივ გასეირნებას ჩვეულებრივ 2,5-დან 3 საათამდე სჭირდება. დროდადრო კანიონში მოსახლე მაიმუნები გამოდიან სტუმრების დასახვედრად და საკვებს ითხოვენ.

კანიონი ცნობილია თავისი მათრახისებური ფორმით. ეს ფორმა დამახასიათებელია ჭანგძიაძიეს ტყე-პარკისთვის. ლეგენდის თანახმად, ფეოდალური დინასტიის ჩინეთის პირველ იმპერატორ ცინს შემთხვევით ამ მთებში დაუვარდა ოქროს მათრახი. მათრახი მიწაზე დაშვების შემდეგ ქვის მწვერვალად იქცა.

ჭანგძიაძიეს ეროვნული პარკის სტუმრები ყოველთვის მოხიბლული არიან სხვადასხვა ფორმისა და ზომის ბრწყინვალე მწვერვალებით. ისინი თითქოს რეალობაში ხედავენ უცხო სამყაროს.

„ოქროს მათრახის“ კანიონი

%d bloggers like this: