„ჩინეთი ირჩევს მშვიდობას“ – განაცხადა მედიასთან შეხვედრაზე ჩინეთის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა. დიპლომატმა მსოფლიოში კონფლიქტების, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომის მშვიდობიანი გზით დარეგულირების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ჩინეთი მშვიდობასა და ომს, დიალოგსა და სანქციებს, ცეცხლსა და სიტუაციის განმუხტვას შორის ირჩევს მშვიდობას, დიალოგსა და განმუხტვას. ჭოუ ციენმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაადასტურა და განაცხადა, რომ ჩინეთი ასევე ემხრობა საქართველოში არსებული ტერიტორიული კონფლიქტების მოლაპარაკების გზით მოგვარებას.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ჭოუ ციენმა ისაუბრა, ჩინეთის გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის ინიციატივები იყო. ელჩის თქმით, მსოფლიოს აქვს არჩევანი ერთი მხრივ, მშვიდობიან განვითარებასა და მეორე მხრივ, ომს, ქაოსსა და ეკონომიკურ კრიზისს შორის. ელჩმა ვრცლად ისაუბრა ჩინეთის მიერ წარმოდგენილ უსაფრთხოების თორმეტპუნქტიან გეგმაზე და არაერთხელ გაუსვა ხაზი ომის დაწყებიდან ჩინეთის ნეიტრალურ პოზიციას. მისი თქმით, ჩინეთის პოლიტიკური ძალისხმევა მიმართულია მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყების მცდელობისკენ. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთს არცერთი მხარისთვის იარაღი არ მიუწოდებია. დიპლომატმა მოსკოვში სი ძინფინგსა და ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრაზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ლიდერებმა უკრაინის საკითხზე ყოვლისმომცველი დიალოგი გამართეს. ჭოუ ციენის ინფორმაციით, ჩინეთს უკრაინასთანაც ხშირი კომუნიკაცია აქვს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის თორმეტპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პუნქტია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა. მისი მთავარი მიზანი ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებების დაწყებაა.

„ამ დოკუმენტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას,“ – თქვა ჭოუ ციენმა. საკითხის სირთულიდან გამომდინარე, მან ხაზი გაუსვა ჩინეთის, როგორც ნეიტრალური პოზიციის მქონე შუამავლის როლის მნიშვნელობას. კონფლიქტის დაწყებამდე ჩინეთს ორივე სახელმწიფოსთან კარგი სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები ჰქონდა და შესაბამისად, ეფექტური მედიატორი იქნება დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ჩინეთის პოზიცია, ციენის თქმით, ობიექტური და სამართლიანია. მან ასევე დაიმოწმა სი ძინფინგის სიტყვები და ისაუბრა ყველა კონფლიქტის მშვიდობის გზით მოგვარების აუცილებლობაზე. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ არცერთ მხარეს ჩინეთის თორმეტპუნქტიან გეგმაზე უარი არ უთქვამს.

ჩინეთის, როგორც ეფექტური მსოფლიო მშვიდობისმყოფელის მაგალითად, ჭოუ ციენმა ირანსა და საუდის არაბეთს შორის გამართული დიალოგი მოიყვანა. ეს ორი სახელმწიფო პეკინში, ჩინეთის შუამავლობით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდა.

ჩინეთის ელჩმა საქართველოზეც გაამახვილა ყურადღება და კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. იგი აქცენტს აკეთებს საქართველოს, როგორც ეკონომიკური პარტნიორის მნიშვნელობაზე და იმედოვნებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა მშვიდობიანად მოგვარდება.

„ჩინეთი ყოველთვის მშვიდობის მხარეს დგას,“ – განაცხადა ელჩმა თორმეტპუნქტიანი გეგმის მნიშვნელობის განხილვისას.

მან ტაივანის საკითხზეც ისაუბრა და აშშ ვითარების გამწვავებაში დაადანაშაულა. ციენმა ტაივანის პრობლემა აფხაზეთს შეადარა.

ჩინეთის ელჩმა საქართველოში გააკრიტიკა აშშ იარაღის მიწოდებით კონფლიქტის ესკალაციაში და ასევე ისაუბრა ბირთვული იარაღით დაშინების პოლიტიკის უარყოფით გავლენაზე.

წყარო