გაზაფხულის ფესტივალი ზეიმის დროა. ახალ წელს აუცილებლად ღიმილით უნდა შეხვდეთ, რათა მთელ წელს იღბალი და ბედნიერება დაგებედოთ. თუმცა მხოლოდ ეს არ კმარა! გაზაფხულის ფესტივალი სხვა მრავალ წესს, შეზღუდვებსა თუ ცერემონიებს მოიცავს. ჩინელებს სჯერათ, რომ ახალი წლის განმავლობაში მათი მიდევნების შემთხვევაში ბედი გაგიღიმებთ.
ნუ იტყვით ნეგატიური მნიშვნელობის მატარებელ სიტყვებს
ჩინეთში ახალი წლის პერიოდში ყველა უარყოფითი კონოტაციის მქონე სიტყვის თქმა იკრძალება. მაგალითად, ისეთი სიტყვების, რომელიც დაკავშირებულია: სიკვდილთან ან მკვლელობასთან, ავადმყოფობასთან, სიცარიელესთან, ტკივილთან, მოჩვენებებთან, სიღარიბესთან.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგემსხვრეთ კერამიკა ან მინა
ნივთის გატეხვა კეთილდღეობასა და სიმდიდრესთან კავშირის დაკარგვას ნიშნავს. თუ ჩინელებს ახალი წლის პერიოდში თეფში ან თასი უვარდებათ სასწრაფოდ ფუთავენ წითელი ქაღალდით და თან პოზიტიურ ფრაზებს ჩურჩულებენ. ერთ-ერთი ასეთი ფრაზა გახლავთ: 岁岁平安 (Suì suì píng’ān), რაც მშვიდი და მშვიდობიანი წელის თხოვნას ნიშნავს. ახალი წლის შემდეგ შეფუთული ჭურჭლის ნატეხებს ტბაში ან მდინარეში ყრიან.
უარი თქვით დალაგებაზე
გაზაფხულის ფესტივალის დაწყებამდე ჩინელები სახლს საფუძვლიანად ალაგებენ, რაც ცუდი იღბლის მოშორებასთან ასოცირდება. თუმცა ზეიმის დაწყებისთანავე დალაგება ერთგვარი ტაბუ ხდება, რადგან, ჩინელების რწმენით, ნაგვის გადაყრამაც კი შეიძლება სახლიდან წარმატება განდევნოს. ამასთან, ჩინური ახალი წლის დღეს შხაპის მიღებაც აკრძალულია.
არ გამოიყენოთ მაკრატელი, დანები ან სხვა მსგავსი ტიპის ბასრი საგნები
ამ წესის უკან 2 მთავარი მიზეზი დგას. ძველ დროში მაკრატელსა და ნემსს ქალები მუშაობის შემდეგ შესვენებისას იყენებდნენ. ზოგადად, ბასრი საგნები სიმდიდრისა და წარმატების გაჭრასთან/გაწყვეტასთან (შეწყვეტასთან) ასოცირდება. ამიტომ საახალწლო არდადეგების დროს ჩინეთში თმის სალონების 99% დაკეტილია. ამ პერიოდის განმავლობაში თმის შეჭრა ტაბუდადებულია და იკრძალება მანამ, სანამ ყველა გაზაფხულის ფესტივალთან დაკავშირებული დღესასწაული არ დასრულდება.
არ ეწვიოთ ცოლის ოჯახს ახალი წლის პირველ დღეს
ტრადიციულად, ჩინეთში მრავალი თაობა ერთად ცხოვრობს. პატარძალი ქორწინების შემდეგ ქმრის სახლში გადადის. და, რა თქმა უნდა, ის ჩინურ ახალ წელს თავის მეუღლის ოჯახში აღნიშნავს. საახალწლოდ მშობლებთან დაბრუნება ნიშნავს, რომ მას ქორწინებაში პრობლემები აქვს და შესაძლოა უბედურებაც მოუტანოს მთელ ოჯახს. წყვილს შეუძლია ცოლის ოჯახი (შვილებთან ერთად) მეორე დღეს მოინახულოს და ასევე მოკრძალებული საჩუქრებიც მიიტანოს.
ნუ მოითხოვთ ვალის გასტუმრებას
ახალი წელი ყველამ მშვიდად უნდა იზეიმოს. თუ კარზე მევალე გიკაკუნებთ, ბუნებრივია, თავს მშვიდად ვერ იგრძნობთ. ჩინელების აზრით, ვალის გასტუმრების მოთხოვნას ორივე მხარისთვის უბედურება მოაქვს. ამასთან, ახალი წლის განმავლობაში ფულის სესხებაც ტაბუდადებულია.
მოერიდეთ ჩხუბსა და ტირილს
თუ რამე განსაკუთრებული არ ხდება ახალი წლის დროს ტირილი დაუშვებელია. ცხადია, ბავშვების შემთხვევა გამონაკლისად ითვლება და მათ ტირილის გამო არ კიცხავენ. ასევე, აუცილებელია, რომ თავი აარიდოთ ჩხუბს, ყველა საკითხი მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს.
ნუ მიიღებთ წამლებს
შეეცადეთ არ მიიღოთ წამალი გაზაფხულის ფესტივალზე, რათა თავიდან აიცილოთ ავადმყოფობა მთელი წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, თუ ქრონიკული დაავადება გაქვთ ან სერიოზული სენით იტანჯებით, ჯანმრთელობა მაინც პირველ ადგილზე უნდა დააყენოთ და ეს ტაბუ დაივიწყოთ. ასევე ამ ტაბუს მსგავსია: ახალი წლის დროს ექიმთან არ მისვლა, ოპერაციის გაკეთებაზე უარის თქმა და ტრავმებისგან მაქსიმალურად თავის არიდება.
ნუ მიულოცავთ ვინმეს ახალ წელს თუ ის საწოლიდან ჯერ არ ამდგარა
ახალი წლის მილოცვა და კეთილი სურვილების სურვება გაზაფხულის ფესტივალის განუყოფელი ნაწილია (拜年 / bài nián), მაგრამ აუცილებელია ადრესატი საწოლში არ იწვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩინური რწმენით, ის მთელი წლის განმავლობაში საწოლს იქნება მიჯაჭვული.
საჩუქრების ჩუქებასთან დაკავშირებული ტაბუები
ახალ წელს სტუმრად მისვლისას საჩუქრების მიტანა აუცილებელია, მაგრამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი საჩუქარი აკრძალულია.
ყველაზე ცუდ საჩუქრად საათი ითვლება. საათის ჩუქება (送钟 / sòng zhōng) უპატივცემულობად მიიჩნევა. ასევე, ცუდი იდეაა მსხლის ჩუქება (分梨 / fèn lí – მსხლის გაყოფა) – განცალკევებისა და დაშორების (分离) სიმბოლოა.
ზოგიერთ რეგიონს საკუთარი ადგილობრივი ტაბუც კი აქვს. მაგალითად, მანდარინში „ვაშლი“ (苹果) გამოითქმის píng guǒ. მაგრამ შანხაიში – bing1 gu, რაც იმავენაირად ჟღერს, როგორც “ავადმყოფობისგან გარდაცვლილი” (病故/ Bìnggù).
სხვათა შორის, ეს არ ეხება მხოლოდ გაზაფხულის ფესტივალს. ზოგადად, საჩუქრის ჩუქებასთან დაკავშირებით კიდევ მრავალი ცრურწმენა არსებობს. მათ კიდევ უფრო დაწვრილებით ჩვენს სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ: საჩუქრის ჩუქების განსაზღვრული წესები ჩინურ კულტურაში