თებერვალი17 , 2024
კულტურადღესასწაულები21 საინტერესო ფაქტი ჩინური ახალი წლის შესახებ

21 საინტერესო ფაქტი ჩინური ახალი წლის შესახებ

ჩინურ ახალ წელს მსოფლიოს მოსახლეობის 20%-ზე მეტი აღნიშნავს. ეს ჩინელი ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ამ მოვლენის უკეთ გასაცნობად  წარმოგიდგენთ 21 საინტერესო ფაქტს, რომელიც შესაძლოა არ იცოდით ჩინური ახალი წლის შესახებ.

-

- Advertisment -spot_img

ჩინურ ახალ წელს მსოფლიოს მოსახლეობის 20%-ზე მეტი აღნიშნავს. ეს ჩინელი ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ამ მოვლენის უკეთ გასაცნობად  წარმოგიდგენთ 21 საინტერესო ფაქტს, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ ჩინური ახალი წლის შესახებ.

1. ჩინური ახალი წელი ასევე ცნობილია როგორც გაზაფხულის ფესტივალი
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ზამთარია, ჩინეთში ამ დღესასწაულს უწოდებენ გაზაფხულის ფესტივალს (ჩინ. 春节, Chūnjié). დღესასწაული ყველაზე ცივი დღეების დასასრულს აღნიშნავს. ხალხი მიესალმება გაზაფხულს, დარგვას, მოსავალსა და ახალ შანსებს.

გაზაფხულის დღესასწაული ეყრდნობა მთვარის კალენდარს, შესაბამისად ხშირად ეწოდება მთვარის ახალი წელი. მას ასევე აღნიშნავენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა და ვიეტნამი.

2. ჩინურ ახალ წელს ზუსტი, კონკრეტული თარიღი არ აქვს
მთვარის კალენდრის მიხედვით, გაზაფხულის დღესასწაული არის პირველ იანვარს  და გრძელდება 15 იანვრამდე (სავსე მთვარე). როდესაც ვცდილობთ მის გამოთვლას მზის (გრიგორიანული) კალენდრით, თარიღი ხშირად იცვლება, განსხვავებით დასავლური დღესასწაულებისგან.

ჩინური ახალი წელი 21 იანვრიდან 20 თებერვლამდე მერყეობს. 2023 წელს, ის 22 იანვარს აღინიშნება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი, როგორც მთელი მსოფლიო, გადავიდა გრიგორიანულ კალენდარზე, მთვარის კალენდარი მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კალენდრით აღინიშნება ყველა ტრადიციული დღესასწაული, როგორიცაა ზამთრის ბუნიობა. ზოგიერთი ადამიანი დღემდე თავის დაბადების დღეებსა და ასაკს მთვარის კალენდრის მიხედვით ითვლის.

ჩინური კალენდარი

3-4. ეს არის ლოცვისა და მონსტრებთან ბრძოლის დღე
გაზაფხულის ფესტივალი თავდაპირველად მხოლოდ ღმერთებისადმი ლოცვას ეთმობოდა. ამ დროს მოსახლეობა ბარაქიანი თესვისა და მოსავლის სეზონისთვის ლოცულობდა. ძველ დროში ჩინელებისთვის, როგორც აგრარული საზოგადოებისთვის, მოსავალი უმნიშვნელოვანესი იყო. ადამიანები ასევე ლოცულობდნენ თავიანთი წინაპრებისთვის და მათ ღმერთებივით ექცეოდნენ.

ძველი ჩინური მითები საკმაოდ საინტერესოა. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, არსებობდა მონსტრი, სახელად ნიანი (年). იგი ჩნდებოდა ყოველი ახალი წლის ღამეს. ადამიანების უმეტესობა სახლებში იმალებოდა. ერთი ბიჭი საკმარისად გაბედული აღმოჩნდა და მას ასაფეთქებლით შეებრძლა. მეორე დღეს ხალხმა მონსტრისგან გადარჩენა კიდევ უფრო მეტი ფეიერვერკით იზეიმა. შემდგომში ეს პრაქტიკა გაზაფხულის ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

 

5. ჩინური ახალი წლის ღამეს მსოფლიოში ყველაზე მეტი ფეიერვერკი იხარჯება
როგორც ნიანის შესახებ მითში, ფეიერვერკი მონსტრების დასაშინებლად და უიღბლობის ასაცილებლად გამოიყენება. ამ ტრადიციას ჩინელი ხალხი დღემდე პატივს სცემს და  ჩინური ახალი წლის ღამეს ფეიერვერკს უშვებს. დილით ახალი წლის დასახვედრად და წარმატებისთვის ისევ ფეიერვერკს იყენებენ.

იმავე ღამეს, ოჯახები წვავენ ყალბ ქაღალდის ფულს და დაბეჭდილ „ოქროს“ ზოდებს გარდაცვლილი ახლობლების საპატივსაცემოდ. კორეის ჩუსეოკის დღესასწაულის ან მექსიკური მკვდრების დღის ტრადიციების მსგავსად, მათ სჯერათ, რომ შესაწირი წინაპრებს ბედს და წარმატებას მოუტანს შემდგომ ცხოვრებაში.

6. ფეიერვერკი ზოჯერ არალეგალურია

უსაფრთხოების ზომებისა და ჰაერის დაბინძურების გამო, ჩინეთის ბევრმა ქალაქმა სრულად აკრძალა ფეიერვერკის გამოყენება. 500-ზე მეტ ქალაქს ასევე აქვს ნაწილობრივი შეზღუდვები.

ამის მიუხედავად, უამრავი მოქალაქე წესებს არღვევს და მაინც იყენებს ასაფეთქებელ ნივთიერებებს. პეკინს 13 წლის განმავლობაში აკრძალული ჰქონდა ფეიერვერკის გაშვება. აკრძალვა 2006 წელს გაუქმდა საზოგადოების მოთხოვნით.

თუ ამ დროის განმავლობაში ჩინეთში იმყოფებით, აფეთქებების მოსმენას და ნახვას მინიმუმ 3 ღამე შეძლებთ (და ეს შეიძლება გაგრძელდეს კვირების განმავლობაში).

7. ეს ჩინეთის ყველაზე გრძელი დღესასწაულია
გაზაფხულის ფესტივალი 15 დღის განმავლობაში გრძელდება, მაგრამ დღესასწაულები იწყება ახალი წლის ღამეს (რაც 16 დღეა). ასევე შეიძლება ითქვას, რომ დღესასწაულების სეზონი იწყება (მთვარის კალენდრით) დეკემბერში, ლა პას ფესტივალზე (ჩინ. 腊八节, là bā jié). ჯამში ეს არის სადღესასწაულო პერიოდის დაახლოებით 40 დღე!

ტრადიციულად, დროს ოჯახთან ერთად ატარებენ და გასვლა მხოლოდ მე-5 დღის შემდეგ არის შესაძლებელი. ეს ეროვნული დღესასწაულია. ასევე დაკეტილია მაღაზიების დიდი ნაწილი. ამიტომ, ერთი თვით ადრე ჩინელები ყიდულობენ ნიან ჰუოს (年货), ანუ საახალწლო პროდუქტებს. ისინი აგროვებენ კულინარიულ ნივთებს, საჭმელს, საჩუქრებს, ახალ ტანსაცმელს და სხვა.

8. გაზაფხულის ფესტივალი იწვევს ადამიანთა ყველაზე დიდ მიგრაციას მსოფლიოში
ჩინური ახალი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ოჯახთან შეხვედრაა. აუცილებელია, რომ ყველა დაბრუნდეს სახლში საახალწლო ვახშამზე.

თანამედროვე ჩინეთში, ხანდაზმული მშობლების უმეტესობა ცხოვრობს სოფლად, ხოლო მათი შვილები ქალაქებში მუშაობენ. სახლში დაბრუნებას და დასვენებას ჩუნ იუნს (ჩინ.春运) ან საგაზაფხულო მიგრაციას უწოდებენ.

გარდა ამისა, მატარებლის ბილეთების შეძენა 60 დღით ადრე იწყება. ეს იწვევს დიდ ბრძოლას ბილეთებისთვის. 2015 წელს სტატისტიკამ აჩვენა, რომ ყოველ წამში დაახლოებით 1000 ბილეთი იყიდებოდა.

მოსახლეობის მიგრაცია ჩინური ახალი წლისას

9. მარტოხელები ქირაობენ ყალბ შეყვარებულს
შვილების გაჩენა და გვარის გაგრძელება ჩინური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

ზოგიერთი მარტოხელა ადამიანი ქირაობს ყალბ შეყვარებულს სახლში წასაყვანად. ვისაც არ შეუძლია ან არ სურს სახლში დაბრუნება სადღესასწაულოდ, შეუძლია საკუთარი თავის „გაქირავება“.

10. დაუშვებელია შხაპის მიღება, სახლის გაწმენდა ან ნაგვის გადაყრა!
საახალწლოდ შხაპის მიღება დაუშვებელია. პირველი ხუთი დღე დაუშვებელია ნაგვის წმენდა და გადაყრა. ტრადიციის მიხედვით, ოთახის წმენდა ან ტანის დაბანა ამ პერიოდში უიღბლობის მომტანია.

მეორეს მხრივ, გაზაფხულის ფესტივალამდე ერთი დღეა, რომელიც ეძღვნება დასუფთავებას. ეს დღე არის უიღბლობის მოსაშორებლად და სიკეთისთვის ადგილის გასათავისუფლებლად.

კიდევ რა არის აკრძალული ჩინური ახალი წლის დღესასწაულზე?

  • თმის შეჭრა (2 თებერვლამდე)
  • მაკრატლის, დანებისა და სხვა ბასრი ნივთების გამოყენება
  • კამათი, უხამსი სიტყვების გამოყენება
  • „უიღბლო“ სიტყვების (სიკვდილი, ავადმყოფობა და სხვ.) თქმა
  • საგნების დამტვრევა

11. ბავშვები იღებენ წითელ კონვერტებს
სხვა კულტურების მსგავსად, ჩინელი ბავშვებიც დღესასწაულებზე საჩუქრებს იღებენ, მაგრამ გაზაფხულის ფესტივალზე მათ უფროსები ჩვეულებრივ საჩუქრებთან ერთად წითელ კონვერტებს ჩუქნიან.

ამ ტრადიციას ასევე უწოდებენ წითელ პაკეტებს ან ჯიბეებს. ამ პაკეტებში ბავშვებისთვის ფულს დებენ. ჩინელების რწმენით, ეს თანხა ხელს უწყობს ბედნიერების გადაცემას უფროსებისგან ბავშვებზე. წითელ კონვერტებს ასევე უფროსებიც ცვლიან თანამშრომლებსა და მეგობრებს შორის.

წითელი კონვერტების გადაცემა ხანგრძლივი ტრადიციაა ჩინეთში

ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, ციფრული წითელი კონვერტების ტენდენცია გამოჩნდა. ადამიანები ხშირად აგზავნიან ვირტუალურ კონვერტებს ჯგუფებში და უყურებენ როგორ იღებენ სხვები საჩუქარს. ამ მოვლენას ეწოდება „ციანგ ხონგპაო“ (ჩინ. 抢红包), ან სიტყვასიტყვით „წითელი კონვერტების დატაცება“.

12. ჩინელები ყოველდღე, ყოველ ჯერზე მიირთმევენ ძიაოწის
ტრადიციულად ეს სავალდებულოა, მაგრამ ამას უკვე ბევრი აღარ აკეთებს. ადამიანების უმეტესობა მხოლოდ საახალწლო ვახშმის დროს მიირთმევს ძიაოწის. სხვები მიირთმევენ წლის პირველ საუზმეზე.

ძიაოწი არ არის პოპულარული მთელი ჩინეთის მასშტაბით, მას უფრო ხშირად ჩრდილოეთში მიირთმევენ. სამხრეთში, ჩინელებს ურჩევნიათ მიირთვან საგაზაფხულო ხვეულა – ჩუნძიუენი (ჩინ. 春卷 ) და წებოვანი ბრინჯის ბურთულები წვნიანში, სახელწოდებით ტანგიუანი (ჩინ. 汤圆).

ძიაოწის ჩინურ ახალ წელს სადღესასწაულო დანიშნულება აქვს

13. ჩინურ საახალწლო დესერტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ
ბევრ კულტურას აქვს სიმბოლური საკვები. ჩინეთშიც, საახალწლო დესერტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს ძირითადად უკავშირდება დესერტების დასახელებას.

ტანგიუანი სიტყვასიტყვით ნიშნავს „სუპის ბურთებს“, მაგრამ ჟღერს როგორც ტუანიუან (ჩინ. 团圆), რაც ნიშნავს გაერთიანებას. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ის პოპულარული დესერტია ჩინური ახალი წლის განმავლობაში.

ტანგიუანი

ნიან კაო (年糕) არის ბრინჯის ნამცხვრის სახეობა. ის წარმატების სიმბოლოა.

ფა კაო (发糕) ჩინური მაფინის სახეობაა. ხალხი მას სადღესასწაულო ფერებში ღებავს. ფა იგივდება ტერმინთან ფა ცაი (发财), რაც ნიშნავს „გამდიდრებას“.

14. არსებობს სპეციალური ღვინო გაზაფხულის ფესტივალისთვის
ალკოჰოლი ჩინური კულტურის მნშივნელოვანი ნაწილია. არსებობს გამონათქვამი, რომ მანერები და ეტიკეტი ღვინის გარეშე წარმოუდგენელია. ეს ნიშნავს, რომ ღვინო ყველა ცერემონიაზე, ფესტივალსა თუ მნიშვნელოვან ვახშამზე ფიგურირებს.

ჩინელებს აქვთ ღვინო ნიშნობის ვახშმისთვის, ქორწილებისთვის, დაბადების დღის, ან გაზაფხულის ფესტივალისთვის. ასეთ მდიდარ ღვინის კულტურასთან ერთად, არსებობს სასმელთან დაკავშირებული არაერთი თამაში.

როცა თქვენზე უფროს ადამიანთან ერთად მიირთმევთ, როგორც ეს საახალწლო ვახშმის შემთხვევაშია, სადღეგრძელოების ეტიკეტის მკაცრი წესები უნდა დაიცვათ. მათ შორისაა სადღეგრძელოების თანმიმდევრობა, დასაჯდომი ადგილი, ჭიქის ჭერის მანერა და ა.შ.

15. ჩინელები საახალწლოდ ყველაფერს წითლად ალამაზებენ
ყველა ოჯახი თავის სახლს წითლად რთავს. ეს ტრადიციაც ნიანის ლეგენდას უკავშირდება. ფეიერვერკთან ერთად, წითელი ფერი ოჯახს ურჩხულებისგან იცავს. ფეიერვერკი არ არის ერთადერთი რამ, რაც აშინებს ურჩხულს. წითელი ასევე გამოიყენება თითქმის ყველა ჩინური დღესასწაულისას.

ჩინელები კიდებენ წითელ ლამპიონებსა და წიწაკის ძაფებს (როგორც ნამდვილს, ისე ყალბს) და კარებსა და ფანჯრებზე წითელ ქაღალდს აკრავენ.

ითვლება, რომ ახალ ტანსაცმელს მოაქვს იღბალი. ხალხი საფესტივალო გარდერობს ახალ, წითელ ტანისამოსს ამატებს.

16. ზოდიაქო
ტრადიციული ჰოროსკოპი სხვა ქვეყნებში ყოველთვიურია და ზოდიაქოს 12 ნიშნისგან შედგება. ჩინეთშიც არსებობს ზოდიაქოს 12 ნიშანი, მაგრამ იგი ყოველწლიურია.

ჩინური ზოდიაქო (十二生肖)

2023 წელი კურდღლის წელია. ზოგიერთი ცხოველი (როგორიცაა ვირთხა, გველი, ძაღლი და ღორი) არ მოსწონთ ჩინურ კულტურაში, მაგრამ თითოუელი ნიშნის დადებითი თვისებები იმ წელს დაბადებულ ადამიანებს ენიჭებათ.

ისინი ჩინეთში ბევრად უფრო დიდ როლს ასრულებენ, ვიდრე დასავლურ კულტურებში. ცხოველს შეუძლია გადაწყვიტოს კარიერა, ჯანმრთელობა და ურთიერთობები.

17. თქვენი ზოდიაქოს წელი უიღბლოა
თქვენი დაბადების წელი (ჩინ. 本命年, běn mìng nián) არის თქვენი ზოდიაქოს ცხოველის წელი. თორმეტწლიანი ციკლიდან, ეს თქვენთვის ყველაზე უიღბლო დროა.

ამის მრავალი ახსნა არსებობს. თქვენი ზოდიაქოს ნიშნის წელი ხელახალი დაბადების წელია, ჩინელებს კი სჯერათ, რომ ახალშობილები დემონებისადმი უფრო მოწყვლადები არიან.

ამ წლის განმავლობაში თქვენი თავდაცვის იარაღი წითელი ფერია. სახლის წითლად დამშვენებასთან ერთად, რეკომენდებულია წითელი ტანსაცმლის ტარება უსაფრთხოებისთვის და სიმდიდრის მოსაზიდად. ბევრი ადამიანი იცვამს წითელ საცვლებს. სხვები ასევე ატარებენ წითელ პერანგებს, შარვლებს, სამკაულებს, ფეხსაცმლის საფენებს და სხვა.

18. გაზაფხულის ფესტივალზე ყველა 1 წლით იზრდება
ჩინეთში, ყველას აქვს „რეალური“ (实岁, shí suì) და ნომინალური ასაკი (虚岁, xū suì). რეალური ასაკი იზომება დაბადების დღიდან, ხოლო ნომინალური ასაკი გაზაფხულის ფესტივალის დადგომასთან ერთად იმატებს.

ბოლო დრომდე, ჩინელები ნომინალურ ასაკს იყენებდნენ და ის დღესაც გავრცელებულია და ზოგჯერ გამოიყენება რეალურ ასაკთან ერთად.

19. საახალწლო მილოცვა ჩინურად არის „სინ ნიენ კუაი ლე“
ეს გამოთქმა ნიშნავს „გილოცავთ ახალ წელს“. ჰონგ-კონგსა და ჩინეთის სხვა კანტონურენოვან რეგიონებში, უფრო ხშირად იყენებენ ტერმინს „გონგ ხეი ფატ ჩოი“. ჩინურ ენაზე (პუთუნგხუაზე) ეს არის „კუნგ სი ფა ცაი“ (恭喜发财), რაც ითარგმნება, როგორც „გისურვებთ კეთილდღეობასა და სიმდიდრეს“.

თუ გადავხედავთ მილოცვის სხვა ფორმებს, ვნახავთ, რომ უმეტესობა ეხება უხვ მოსავალს, სიმდიდრეს, ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და გამრავლებას.

საკვები, ფულადი სახსრები და ჯანმრთელობა არის ის, რაც ყველას სურს. გვარის გაგრძელებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩინეთში. ეს ტრადიცია არის ჩინეთის მოსახლეობის სიმრავლის ერთ-ერთი მიზეზი.

20. ჩინური ახალი წელი ფარნების ფესტივალით მთავრდება
მთვარის კალენდრით, წლის პირველი სავსე მთვარე არის იუან სიაოს ფესტივალი (元宵节, yuán xiāo jié) ან ფარნების ფესტივალი (灯节, dēng jié). ოჯახური ერთიანობის მნიშვნელობასთან ერთად, ის წვეულებისა და გართობის ღამეა.

უძველეს დროში გოგონებს არ ეძლეოდათ გარეთ გასვლის უფლება. მხოლოდ ამ ღამეს შეეძლოთ მათ მთვარისა და ფარნების ყურება სეირნობისას. ამის გამო ჩინეთის ფარნების ფესტივალს ჩინურ ვალენტინობის დღესაც უწოდებენ.

21. ჩინური ახალი წელი მთელ მსოფლიოში აღინიშნება
მსოფლიოში ყოველი მეხუთე ადამიანიდან ერთი ჩინელია, მაგრამ ეს სტატისტიკა არ მოიცავს მილიონობით საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩინელს და ჩინური წარმოშობის ხალხს.

მსოფლიოს დიდ ქალაქებში – ლონდონში, სან-ფრანცისკოში და სიდნეიში გაზაფხულის ფესტივალი აზიის ფარგლებს გარეთ ყველაზე მასშტაბურია. ამ ქალაქების ჩინურ ნაწილებში, ე.წ. „ჩაინატაუნებში“ ჩინური ახალი წლის სადღესასწაულო ატმოსფერო ნამდვილად იგრძნობა.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები

%d bloggers like this: