[:ka]5 წელი სი ძინფინგის ხელმძღვანელობით[:]

0
2078

[:ka]

პეკინი, /სინხუა/ — პეკინის შუაგულ ცენტრში წამომართული სახალხო კრებების დიდებული სასახლე ჩინეთის დემოკრატიული პოლიტიკის მოწმეა.

 2013 წელს მის გრანდიოზულ დარბაზში სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრების 3000 დეპუტატის ხმის მიცემის შედეგად სი ძინფინგი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელად აირჩიეს. მიმდინარე თვეში ამავე ორგანოს სესიაზე დეპუტატებს კვლავ მოუწევთ სახელწიფოს მეთაურის არჩევა.

სი ძინფინგმა ქვეყნის ხელმძღვანელის თანამდებობა ისეთ პერიოდში დაიკავა, როდესაც ჩინეთის საზოგადოებისთვის საყოველთაო მღელვარების საგნები იყო კორუფცია, განხეთქილება მდიდრებსა და ღარიბებს შორის და გარემოს დაბინძურება. სი ძინფინგმა სახელმწიფოს სათავეში მოსვლისთანავე განაცხადა: „ეპოქის დიადი ტენდენციისა და ხალხის უკეთესი ცხოვრების გულწრფელი იმედის წინაშე, ჩვენ ვერც უმცირეს თვითკმაყოფილებას დავუშვებთ, ვერც სამუშაოს მიმართ უმცირეს დაუდევრობას ვერ გამოვავლენთ“.

მან გადმოსცა ერის დიდ აღორძინებაზე ჩინური ოცნების საკუთარი ხედვა, რომელიც ხალხის ძალებით, ხალხისთვისვე უნდა განხორციელდეს.

ხუთი წლის მანძილზე ჩინეთმა ისტორიულ წარმატებებს მიაღწია. ჩინელები ახლა გაცილებით ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

ფუტანის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორმა ჭენ ჩანჭუნმა მაღალი შეფასება მისცა სი ძინფინგის ხელმძღვანელობას.

   „ჩინეთმა არა მხოლოდ დამაჯერებელ განვითარებას მიაღწია, არამედ შექმნა ადამიანური ცივილიზაციის განვითარების წინსვლის მოდელი“, – მიიჩნევს ჭენ ჩანჭუნი. მისი აზრით, ამ მიღწევებში სი ძინფინგმა, როგორც ქარიზმატულმა ლიდერმა,  თავისი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

გასული წლის ოქტომბერში ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცკ-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ხელახლა არჩეულმა სი ძინფინგმა განაცხადა, რომ ჩინელმა ერმა, რომელმაც, ახალი ისტორიის პერიოდის დასაწყისიდან მოყოლებული, უთვალავი განსაცდელი გამოიარა, გრანდიოზულ გარდასახვებს მიაღწია: ფეხზე დადგა, უკეთესი ცხოვრებით დაიწყო ცხოვრება და ძლიერ, მძლავრ ერად გადაქცევა დაიწყო.

მიახლოება ჩინური ოცნების განხორციელებასთან 

სი ძინფინგის ხელმძღვანელობით ჩინეთის ეკონომიკა სტაბილურად განაგრძობდა  ზრდას ბოლო ხუთი წლის მანძილზე. 2017 წელს ქვეყნის ეკონომიკის ზრდამ 6,9 პროცენტი შეადგინა.

ეკონომიკის მოცულობა 54 ტრილიონი იუანიდან 82 ტრილიონზე მეტ იუანამდე/13 ტრილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რამაც ჩინეთს მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ეკონომიკური სუბიექტის პოზიციის დაკავების საშუალება მისცა.

შარშან ჩინეთში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალმა 25 ათას 974 იუანი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7,3 პროცენტით მეტია.

ლიუ ხემ, სი ძინფინგის ეკონომიკური გუნდის მნიშვნელოვანმა ფიგურამ 2018 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ჩინეთის საშუალო კლასმა უკვე 400 მილიონ კაცს მიაღწია და ზრდას კვლავაც განაგრძობს.

ღარიბი მოსახლეობა საგრძნობლად სწრაფად მდიდრდება.

სპეციალისტების ვარაუდით, 282 მილიონი ჩინელი მუშა-მიგრანტი გახდება მთავარი ძალა, რომელიც საშუალო კლასს შეემატება.

23 წლის წოუ პინი იმ ახალგაზრდა მიგრანტთაგანია, რომელიც ბოლო ხუთი წლის მანძილზე მომხდარი ცვლილებების მოწმე გახდა.

წოუ პინი სულ მთლად ახალგაზრდა იყო, როცა ხუნანის პროვინციაში სამშენებლო მოედანზე აგურს აგურზე აწყობდა. იმ დროისთვის მას სკოლა ახალდამთავრებული ჰქონდა, თუმცა, თავის სამუშაოს საკმაოდ სერიოზულად ეკიდებოდა და მონდომებით შრომობდა.

2015 წლისთვის წოუ პინი თავისი საქმის პროფესიონალი გახდა და ჩინეთი პროფესიული ოსტატობის საერთაშორისო ჩემპიონატზეც კი წარადგინა. გარდა ამისა, მან მოახერხა მოწყობა ერთ-ერთ ჩინურ სამშენებლო კომპანიაში, რომელიც მსოფლიოს 500 ყველაზე პრესტიჟულ კომპანიათა რიცხვში შედის, სადაც გაცილებით მაღალ ხელფასს იღებდა და თავის გუნდს ხელმძღვანელობდა.

წელს წოუ პინი სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრების დეპუტატი გახდა.

წოუ პინის მსგავს მშრომელ ხალხს რომ მიეცეს ის, რასაც ისინი იმსახურებენ, სი ძინფინგმა სწორედ ამიტომ გაატარა რეფორმები, რომლებიც ეკონომიკის ზრდასა და დოვლათის უფრო სამართლიანად გადანაწილებაზე იყო მიმართული. თანაც, ამ შედეგებს ფულის ბეჭდვით კი არა, სერიოზული გარდაქმნების გზით მიაღწიეს.

სი ძინფინგი სათავეში ჩაუდგა რეფორმების ყოველმხრივი გაღრმავების ცენტრალურ მმართველ ჯგუფს. ცენტრალურმა ხელისუფლებამ 1500-ზე მეტი რეფორმატორული ზომა მიიღო, მათ შორის, შეთავაზებების სფეროს სტრუქტურული რეფორმა, ბიუროკრატიის შემცირება საშუალო და მცირე ბიზნესის წასახალისების მიზნით, ასევე თავისუფალი ვაჭრობის ზონების შექმნა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ბოლო ხუთი წლის მანძილზე ჩინეთის ქალაქებში შეიქმნა 66 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი, რაც რიცხვობრივად დიდი ბრიტანეთის მოსახლეობას უტოლდება.

შემოსავლების დაბალანსების მიზნით, ჩინეთმა გააუქმა პრივილეგიები და შეღავათები, რომლებითაც მოხელეები სარგებლობდნენ, დააწესა შეზღუდვა სახელმწიფო საწარმოების დირექტორების ხელფასის ოდენობაზე. ამის პარალელურად, გაიზარდა მუშათა და კვალიფიცირებულ სპეციალისტთა ხელფასები, ასევე გაიზარდა პენსია ასაკის გამო.

სი ძინფინგმა სიღარიბის შემცირების პირობა დადო, ამბიციურ მიზნად კი 2020 წლისთვის ქვეყანაში სიღატაკის საფუძვლიანად ლიკვიდირება დაისახა.

ბოლო ხუთ წელიწადში 68,5 მილიონზე მეტმა ჩინეთის მოქალაქემ დააღწია თავი სიღატაკეს. ეს ნიშნავს, რომ დღეში საშუალოდ 37 ათასი ადამიანის მდგომარეობა უმჯობესდებოდა.

სი ძინფინგი დაპირდა ხალხს, რომ ჩამორჩენილი არავინ დარჩებოდა.

ეს მისია რომ შეესრულებინათ, პარტიული და სამთავრობო მოხელები რიგრიგობით მიეშურებოდნენ სოფლებში საცხოვრებლად. ისინი თითოეული ოჯახის სიღარიბის შესამცირებელ ინდივიდუალურ გეგმას შეიმუშავებდნენ და მათთან ერთად მუშაობდნენ დასახული მიზნის მისაღწევად.

ერთ-ერთი ასეთი მოხელე იყო ძიენ ფუანი. 2015 წელს ძიენ ფუანი, რომელიც იმ დროისთვის აუდიტორად მუშაობდა, სიჩუანის პროვინციის ლიენშან-ის ავტონომიური ოლქის შორეული მთიანი რაიონის სოფელში ჩავიდა. მან ყველა სახლი შემოიარა და ასზე მეტი ღარიბი ოჯახი მოინახულა.

მისი დახმარებით ათეულობით ღარიბმა ბავშვმა შეძლო განათლების მიღება  სახლთან ახლოს. მაგრამ, 2016 წელს, თავისი მივლინების დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, ძიენ ფუანი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. ის მხოლოდ 26 წლის იყო.

მთელი სოფელი გლოვობდა. ძიენ ფუანი დაამახსოვრდათ მოხელედ, რომელმაც სიცოცხლე კეთილშობილურ მიზანს შესწირა.

სი ძინფინგი დიდ ყურადღებას უთმობს ლიანშან-იის ავტონომიურ ოლქს, რომელსაც სიღარიბე დარევია. წელს მთვარის კალენდრით ახალი წლის დადგომამდე ინსპექციისთვის მან სწორედ ეს რაიონი შეარჩია.

    „ჩვენი სოციალისტური სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ საუკეთესო ცხოვრება შესთავაზოს ყველა ეთნიკურ ჯგუფში შემავალ ადამიანებს“, – თქვა სი ძინფინგმა.

ახალი ამბების გაზეთ Executive Intelligence Review-ს ვაშინგტონის საკორესპონდენტო პუნქტის ხელმძღვანელმა უილიამ ჯონსმა აღნიშნა, რომ სიღარიბის დაძლევა ხანგრძლივი დროის განმავლობაში კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენდა, თუმცა, ჯერ კიდევ სულ ახლახან ეს „უტოპიურ ოცნებად“ მიიჩნეოდა.

„ჩინეთი კი ამ ოცნებას რეალობად აქცევს“, – თქვა მან.

გაცილებით სუფთა ჩინეთი

სი ძინფინგმა გარემოს დაბინძურებასაც გამოუცხადა ომი.

როდესაც მან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა, კაცობრიობის წინაშე მდგარ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ეკოლოგიური დეგრადაცია დადგა.

სი ძინფინგმა მონაწილეობა მიიღო პარიზში გამართულ კლიმატური ცვლილებების კონფერენციაში, რამდენიმე თვის შემდეგ კი ჩინეთმა პარიზის შეთანხმებას მოაწერა ხელი.

მუდმივი სმოგით გაწამებული პეკინი ამ ბრძოლის ცენტრშია 2013 წლიდან, როცა სახელმწიფო საბჭომ ჰაერის დაბინძურების კონტროლის ეროვნული კამპანია წამოიწყო.

გასულ წელს „მნიშვნელოვნად დაბინძურებული“ დღეების რიცხვი 23-მდე შემცირდა. ეს მაჩვენებელი 2013 წელს 58-ს შეადგენდა. ჩინეთის დედაქალაქის მაცხოვრებლებმა, ბოლოს და ბოლოს, ჩამოიხსნეს ნიღბები.

ქალაქის ხელისუფლების მონაცემებით, 2017 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში РМ2,5 ნაწილაკების კონცენტრაცია პეკინში ნარჩუნდებოდა ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.

ქვეყნის 338 ქალაქში РМ2,5 ნაწილაკების საშუალო კონცენტრაციამ შეადგინა 43 მკგ კუბურ მეტრზე, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6,5 პროცენტით ნაკლებია.

პროგრესია მიღწეული წყლის რესურსებისა და ნიადაგის დაცვის სფეროში.

ჩინეთმა ეროვნული პარკების მშენებლობა წამოიწყო. დღეისათვის საცდელ ექსპლუატაციაში მინიმუმ ათი ასეთი პარკია შესული. მაგალითად, დიდი პანდების ნაკრძალი, რომელიც სამი პროვინციის ტერიტორიას მოიცავს, ფართობით კი სამჯერ დიდია, ვიდრე იელოუსტოუნის ეროვნული პარკი აშშ-ში.

გარემოს დაცვა შესულია ხუთმიმართულებიანი მშენებლობის საერთო სქემაში, რომელიც ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, სოციალური და ეკოლოგიური განვითარების კოორდინირებულ წინსვლას გულისხმობს.

მიმომხილველთა აზრით, პარტიის ხელმძღვანელობა ყველა სფეროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გეგმების მოქმედებაში მოსაყვანად.

კაცობრიობის მეორე მუდმივ პრობლემასთან – კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ სი ძინფინგის მიერ მიღებული ზომების წყალობით, „სუფთავდება“ სახელმწიფო უწყებების სისტემაც.

2013 წელს სი ძინფინგმა კორუფციას უწოდა საფრთხე, რომელსაც პარტიისა და სახელმწიფოს დანგრევა შეუძლია, და სერიოზულად გადაწყვიტა, წინ აღდგომოდა მას.

გატარებულმა ღონისძიებებმა თვალსაჩინო შედეგები გამოიღო. შემოწმდა სისტემის თითოეული რგოლი, ხუთ წელიწადში 1,5 მილიონამდე მოხელე დაისაჯა. მე-18 მოწვევის ჩინეთის კომუნისტური პარტიის (ჩკპ) დისციპლინის შემოწმების ცენტრალური კომისიის ანგარიშის მონაცემების თანახმად, 2012 წლის ნოემბრიდან გამოძიება ჩატარდა პროვინციული, კორპუსული დონის ან უფრო მაღალი რანგის 440 მოხელის მიმართ.

მექრთამეობისთვის დასჯილი უკანასკნელი მაღალჩინოსანი მოხელე იყო სუნ ჭენცაი, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცკ-ის პოლიტბიუროს ყოფილი წევრი და ჩკპ-ის ჩუნცინის საქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე.

კორუფციაში მხილებულ დანარჩენ „ვეფხვთა“ შორის არიან ჭოუ იუნქანი, პო სილაი, კუო პოსიუნი, სიუი ცაიხოუ და ლინ ძიხუა.

ანტიკორუფციული კამპანია გასული წლის ოქტომბრში გამართული ჩკპ-ის მე-19 ყრილობის შემდეგაც გაგრძელდა. ყრილობის დასრულებიდან დაახლოებით ას დღეში ჩკპ-ის დისციპლინის შემოწმების ცენტრალურმა კომისიამ განაცხადა ცხრა მაღალჩინოსანი მოხელის მიმართ გამოძიების დაწყების შესახებ, რომელთა შორისაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ყოფილი წევრი იენ ძინიც იყო.

დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ ე. წ. „ბუზებიც“ – გაცილებით დაბალი რანგი კორუმპირებული მოხელეები. ანტიკორუფციულმა მოძრაობამ დიდი პოპულარობა მოიპოვა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხამ აჩვენა, რომ კორუფციონერების წინააღმდეგ ბრძოლას მხარს მოსახლეობის 93,9 პროცენტი უჭერს.

სი ძინფინგმა ზედამხედველობის რეფორმის ინიციატივაც წამოაყენა. ჩკპ-ის მე-19 ყრილობიდან ოთხ თვეში უკვე შექმნილი იყო საზედამხედველო კომისიები პროვინციულ, მუნიციპალურ და მაზრების დონეზე. რეფორმა სახელმწიფო დაწესებულებების ყველა თანამშრომლის საქმიანობის კონტროლის განხორციელებაზეა ორიენტირებული.

ჩინეთის პოლიტიკურ-იურიდიული უნივერსიტეტის პროფესორი ძიაო ხუნჩანი მიიჩნევს, რომ რეფორმა ხელისუფლებას წესრიგის „გალიაში“ მოაქცევს.

თითოეულ ამ ნაბიჯს უარყოფს „ხელისუფლებისთვის ბრძოლის“ გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი, რომელიც საზღვარგარეთ იქმნება ჩინეთის ანტიკორუფციული კამპანიისთვის ჩირქის მოსაცხებად.

შესაძლებლობების  შეთავაზება

ჩინეთში ახლახან გადაღებული ორი ბოევიკი – „მგლების ომი 2“ და „ოპერაცია წითელ ზღვაში“ ნამდვილ ჰიტებად იქცა. ორივე ფილმის სიუჟეტი ერთმანეთს წააგავს: მათში მოთხრობილია ჩინელ ჯარისკაცებზე, რომლებიც გამოგონილ საომარ კონფლიქტებში გახვეულ აფრიკასა თუ შუა აღმოსავლეთში მამაცურად იბრძვიან, ჩინეთის მოქალაქეებისა და განსაცდელში მოხვედრილი მათი ადგილობრივი მეგობრების გადასარჩენად.

ამ ფილმებში ასახულ ისტორიებს წმინდა წყლის გამონაგონს ვერ ვუწოდებთ. 2015 წელს იემენში ომი გაჩაღდა, ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის სამხედრო-საზღვაო ძალებმა კი მიიღეს ბრძანება, სამშობლოში დაებრუნებინათ იემენში მყოფი ჩინეთის მოქალაქეები. სულ რამდენიმე დღეში 600 ჩინელისა და 200 უცხოელის ევაკუაცია განხორციელდა.

„მგლების ომი 2“ ჩინური კინემატოგრაფის ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმად იქცა. ფილმის ბოლო კადრებში ნაჩვენებია ჩინური პასპორტი წარწერით: „ჩინეთის მოქალაქეებს: თუ საზღვარგარეთ ყოფნისას განსაცდელში მოხვდით, არ შედრკეთ! თქვენ გვერდით ძლიერი სამშობლო დგას!“

კინოსურათმა მთელი ქვეყნის მაყურებლებში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია, სეანსების შემდეგ დიდხანს უკრავდნენ ტაშს, მღეროდნენ ეროვნულ ჰიმნს, ბევრი მათგანი ცრემლებს ვერ იკავებდა, იმდენად ძლიერად იმოქმედა მათზე ფილმმა.

და მართლაც, დღეს ჩინეთის პასპორტით მოგზაურობა გაცილებით იოლია, ვიდრე ოდესმე. ჩინური პასპორტის მფლობელებს უკვე მსოფლიოს 65-ზე მეტი ქვეყნისა და რეგიონის მონახულება შეუძლიათ ვიზის გაფორმების გარეშე.

ბოლო წლებში ჩინელი ტურისტები ყოველწლიურად 100 მილიონზე მეტ უცხოურ ვიზიტს ახორციელებენ. ჩინური კომპანიებიც სულ უფრო აქტიურად აწარმოებენ თავიანთ ბიზნესს საზღვარგარეთ. გასულ წელს ჩინელებმა მსოფლიოს 174 ქვეყნისა და რეგიონის 6236 საწარმოში 120 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელეს, რითაც ადგილობრივი მცხოვრებნი სამუშაო ადგილებითა და სტაბილური შემოსავლით უზრუნველყვეს.

უკვე ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სი ძინფინგმა წამოაყენა „სარტყელი და გზის“ მშენებლობის ინიციატივა, რომელმაც მსოფლიოს სარგებლობა სავაჭრო და ინფრასტრუქტურული თანამშრომლობის განვითარების გზით უნდა მოუტანოს. 2017 წელს ჩინეთსა და „სარტყელი და გზის“ ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობამ 7,4 ტრილიონ იუანს მიაღწია. ამ ინიციატივის ფარგლებში ჩინეთთან შეთანხმებას 80-ზე მეტმა ქვეყანამ და ორგანიზაციამ მოაწერა ხელი.

2016 წელს ამოქმედდა მსოფლიოში პირველი, ჩინეთის ინიციატივით შექმნილი მრავალმხრივი ფინანსური ინსტიტუტი – აზიის ინფრასტრუქტურის საინიციატივო ბანკი. მისი წევრების რაოდენობა დღეისათვის უკვე 84-ს აღწევს.

ჩინეთს, რომელიც სულ უფრო და უფრო ძლიერდება, საკუთარ საზღვრებშიც ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია.

2017 წელს ქვეყანამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული მოცულობა – 878 მილიარდი იუანი მიიზიდა. სულ უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია იდება ტექნოლოგიურ სექტორში, როგორც მომსახურების, ისე წარმოების სფეროებში.

სავაჭრო ცენტრებში მთელი ქვეყნის მასშტაბით – ივუდან კუანჭოუმდე – უცხოელი ბიზნესმენების არნახული სიმრავლე შეიჩნევა. ბევრი ქალაქი გადაიქცა საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრად, რომლებიც 100-ზე მეტი ქვეყნის უცხოელ მეწარმეებს იზიდავენ.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, ფუძიანის პროვინციის საპორტო ქალაქ შიშიში მცხოვრები იემენელი ბიზნესმენი მარვან აკლან საიდი სავაჭრო ფირმის მფლობელია, რომელიც ჩინური წარმოების ტანსაცმელს, სათამაშოებსა და ჩემოდნებს ჰყიდის შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში. იგი უკვე დიდი ხანია, რაც ჩინეთში ცხოვრობს, თუმცა, დღემდე არ ჩამცხრალა მისი აღფრთოვანება ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესით.

“ხუთი წელი ჩვენ, შესაძლოა, გვეყოს, საკუთარ სახლამდე გზა რომ გავიყვანოთ, ჩინეთში კი ამ დროში შეუძლიათ მთლიანი ქალაქის ნულიდან აშენება“, – ამბობს საიდი, რომელიც შიშის საკუთარ სახლად მიიჩნევს.

ის თავისი ბიზნესის გაფართოების გეგმებსაც გვიზიარებს და აფრიკის ბაზარზე გასვლასაც აპირებს „სარტყელი და გზის“ მშენებლობის წყალობით შექმნილი შესაძლებლობების გამოყენებით. „ეს შესაძლებლობები მხოლოდ ჩინურ ფირმებზე როდი ვრცელდება, ეს ყველა ჩვენგანისთვის სარფიანია“, – აცხადებს საიდი.

სი ძინფინგის იდეამ კაცობრიობის ერთიანი მომავლის საზოგადოების მშენებლობის შესახებ მთელ მსოფლიოში ჰპოვა აღიარება და მოწონება. ის გაეროს რეზოლუციაშიც შეიტანეს და 2018 წლის დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თემის შერჩევისას მუზადაც კი იქცა. აშკარაა, რომ პეკინი კონსტრუქციულ როლს თამაშობს საკმაოდ რთულ რეგიონულ საკითხებში, შუა აღმოსავლეთიდან კორეის ნახევარკუნძულამდე.

ჩინური დიპლომატიის მთავარი მიზანი ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების ფორმირება და კაცობრიობის ერთიანი მომავლის საზოგადოების მშენებლობაა.

ამ მიზნის სათავეები უნდა ვეძიოთ უძველეს ჩინურ ფილოსოფიაში, რომლის თანახმადაც, „მართალია ის საქმე, რომელიც საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევისკენ არის მიმართული“; ასევე იმ მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკის მთავარ ფასეულობებში, რომელსაც ჩინეთი უკვე 60 წელზე მეტია ახორციელებს, ჩინელებისა და მსოფლიოს ყველა ხალხის საერთო კეთილდღეობისკენ სი ძინფინგის სწრაფვაში.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირველი უცხოელი ლიდერი იყო, რომელიც ჩინეთს ჩკპ-ის მე-19 ყრილობის ჩატარების შემდეგ ეწვია. პეკინში გამართული შეხვედრისას სი ძინფინგმა განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ აზრთა საფუძვლიანი გაცვლა-გამოცვლა ორმხრივ ურთიერთობებზე და საერთო ინტერესების შემცველ საკითხებზე, რის შედეგადაც მხარეებმა ფართო კონსენსუსს მიაღწიეს.

დონალდ ტრამპის ვიზიტი სულ რამდენიმე თვეში მოჰყვა ორი სახელმწიფოს მეთაურის შეხვედრას, რომელიც აშშ-ში, მარ-ა-ლაგოს მამულში გაიმართა და რომელმაც გავლენა იქონია ორმხრივი კავშირების განვითარებაზე.

ბოლო ხუთი წლის მანძილზე ჩინეთმა უმასპინძლა მსოფლიო სამიტების სერიას, მათ შორის საერთაშორისო თანამშრომლობის მაღალი დონის პირველ ფორუმს „სარტყელი და გზის“ ინიციატივის ფარგლებში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ლიდერთა 22-ე არაოფიციალურ შეხვედრას, „დიდი ოცეულის“ სამიტს ხანგჭოუში, BRICS-ის  ლიდერთა შეხვედრას სიამენში.

სი ძინფინგის მმართველობისას ადამიანები ჩინეთის მსოფლიო გავლენის კიდევ უფრო მეტად ზრდის მომსწრენი გახდნენ, მისი შთაგონების უნარიც იხილეს და ფორმირების ძალაც; ჩინეთმა კი კიდევ უფრო მეტი წვლილი შეიტანა პლანეტაზე მშვიდობის უზრუნველყოფისა და მისი განვითარების საქმეში.

ჭენ ჩანჭუნი მიიჩნევს, რომ სი ძინფინგის ხელმძღვანელობით ჩინეთმა მიაღწია ფუნდამენტურ და ყოველმხრივ პროგრესს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში, კანონის უზენაესობაში, სახელმწიფო მმართველობაში, პარტიულ მშენებლობაში, კულტურულ აღორძინებასა და გარემოს დაცვაში.

ფილოსოფია, რომელიც ჩინეთში ბოლო ხუთი წლის მანძილზე განხორციელებული სიღრმისეული ცვლილებების საფუძველშია ჩადებული, გამოიკვეთა სი ძინფინგის იდეებში ჩინური სპეციფიკის მქონე ახალი ეპოქის სოციალიზმზე.

ჩინეთმა, როგორც სოციალისტურმა ქვეყანამ, გადალახა მოდერნიზაციის პროცესის უამრავი გამოწვევა, რომლებიც განვითარებადი სამყაროს წინაშე დგას, შეძლო გაესწრო დასავლეთის განვითარებული ქვეყნებისთვის მრავალ სფეროში და ამით სოციალისტური სისტემის დემონსტრირება მოეხდინა, ამბობს ჭენ ჩანჭუნი.

„სი ძინფინგმა ჩინეთი ახალ ეპოქაში გადაიყვანა, ახლა ფორმირდება ჩინური მოდელი, რომელიც კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარების მასტიმულირებელი გახდება“, – აცხადებს ის და დასძენს, რომ იმის მიხედვით, თუ რამდენად წინ წაიწევს ჩინეთი მსოფლიო არენის ცენტრისკენ, აღნიშნული მოდელიც მეტ წვლილს შეიტანს კაცობრიობის განვითარებაში.

მზერა მომავლისკენ

იანვარში მაღალჩინოსანი მოხელეებისთვის გამართულ სემინარზე სი ძინფინგმა ისინი გამოსაცდელებს შეადარა, ხალხი კი – გამომცდელს, რომელმაც უნდა იმსჯელოს, რამდენად კარგად გაართვეს თავი გამოსაცდელებმა მათზე დაკისრებულ ამოცანებს.

სი ძინფინგმა მომავალი განვითარების ორეტაპიანი გეგმა წარმოადგინა: 2020-2035 წლებისა, როდესაც უმთავრესად სოციალისტური მოდერნიზაცია უნდა განხორციელდეს; და 2035 წლიდან მიმდინარე საუკუნის შუა წლებამდე პერიოდისა, როდესაც ჩინეთი მძლავრ მოდერნიზებულ სოციალისტურ სახელმწიფოდ უნდა იქცეს.

ამ გზაზე,  რასაკვირველია, ჩინეთს სხვადასხვაგვარი გამოწვევები ელის. მართალია, ჩინეთში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 8000 დოლარს აღემატება, მაგრამ ამ მხრივ ქვეყანა ჯერ კიდევ საკმაოდ ჩამორჩება აშშ-ს, სადაც ეს მაჩვენებელი 57 000 დოლარია. ჩინეთის მრეწველობის სტრუქტურა მოდერნიზებას საჭიროებს, მისი ინოვაციური პოტენციალიც ჯერ არასაკმარისად ძლიერია, ჩინეთს ჯერ კიდევ მოუწევს რისკების აღმოფხვრა ფინანსურ სისტემაში.

სი ძინფინგმა დაასახელა მთავარი წინააღმდეგობა, რომელიც ჩინეთის საზოგადოების წინაშე დგას, „წინააღმდეგობა კარგი ცხოვრების პერიოდში ხალხის მუდმივად მზარდ მოთხოვნილებებსა და არათანაბარ და არასრულ განვითარებას შორის“.

სი ძინფინგმა თავის საახალწლო მიმართვაში განაცხადა, რომ „იცის იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებს მოსახლეობას, როგორიცაა განათლება, დასაქმება, შემოსავალი, სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა, ხანდაზმულთა დახმარება, საცხოვრებელი ბინები და გარემოს დაცვა“.

მან აღიარა, რომ ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას სასურველი შედეგი ყოველთვის არ მოაქვს, რომ უკვე მიღწეული წარმატებები სულაც არ არის იმის გარანტი, რომ წარმატებები უსასრულოდ გაგრძელდება.

სი ძინფინგი მუდმივად შეახსენებს პარტიულ და სახელმწიფო კადრებს, რომ ახალი ეპოქა ეკუთვნის იმათ, ვინც გულმოდგინედ მუშაობს, და მოუწოდებს მათ, ჩინელი ხალხის დიადი ბრძოლის ისტორიაში ახალი თავი ჩაწერონ.

იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც სი ძინფინგის მითითებებს მოყვება, ცნობილი გახდება სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენლების სესიაზე. სი ძინფინგის ხელმძღვანელობით, ჩინეთი დღითიდღე კიდევ უფრო გაძლიერდება.

[:]