6 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, ჯეოქეისისა და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „სარტყელი და გზის ინიციატივის მეათე წლისთავი, ჩინური სტილის მოდერნიზაცია და ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები“.

კონფერენციას დაახლოებით 120 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის აკადემიის წარმომადგენლები ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტიდან, ასევე პარლამენტის წევრები, სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა და ორგანიზაცია “ჯეოქეისის” წარმომადგენლები, მედიისა და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებთან ერთად.

კონფერენციის შესავალი სიტყვა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ წარმოთქვა. კონფერენცია გახსნეს საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

თავის მიმართვაში ელჩმა ჭოუ ციენმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ სი ძინფინგის „სარტყელი და გზის“ ინიციატივის მნიშვნელოვან მიღწევებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში. მან გამოთქვა ჩინეთის მხარის მზადყოფნა ინიციატივის თანამშრომლობის ფარგლებში გამოიყენოს მოდერნიზაციის გამოცდილება და ხელი შეუწყოს საქართველოს შემდგომ განვითარებას. გარდა ამისა, მან ისაუბრა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებასა და საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. გიორგი ვოლსკიმ ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს „სარტყელი და გზის“ ინიციატივაში.

კონფერენცია მოიცავდა ორ პანელს. პირველი პანელის მომხსენებლები იყვნენ: ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტი სუნ ძიშენგი; ჭა ვენი, ჩინეთის საგარეო ურთიერთობათა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი; და ვალერი ჩეჩელაშვილი, GSAC-ის ბორდის წევრი, ყოფილი ელჩი უკრაინასა და რუსეთში და საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი. დისკუსიები ეხებოდა ეკონომიკური გლობალიზაციის ხელშეწყობას, ურთიერთგანვითარებას, „სარტყელი და გზის“ ინიციატივის შუა დერეფნის მნიშვნელობასა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს.

მეორე პანელი განიხილავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა თანამედროვე ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობა, ინიციატივის მიღწევები და „ჩინური მოდერნიზაციის გზის“ შედეგები. ამ პანელის სპიკერები იყვნენ: დავით აფციაური, „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი, საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში და საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი; ცი სინი, სარტყელი და გზის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის ინსტიტუტის დირექტორი; და კუო იენძიუნი, ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტის აზიის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი. აუდიტორიის შეკითხვებს ორივე პანელის მომხსენებლებმა უპასუხეს.

კონფერენციის მსვლელობისას ელჩმა ჭოუ ციენმა მონაწილეობა მიიღო ერთობლივ ინტერვიუში საქართველოს ათზე მეტ მედიასაშუალებასთან. მან ისაუბრა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებასა და ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური მხარის ინტერესები შუა დერეფნის კონტექსტში განიხილა.

ელჩმა აღნიშნა: „ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთი თვის წინ ჩინეთმა და საქართველომ მიაღწიეს შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზეა. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩინეთისთვის, არამედ საქართველოსთვისაც“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მსგავსი თემატიკის კონფერენცია პანდემიის შემდეგ პირველად გაიმართა.