[:ka]

1970-იან წლებში, მაშინ, როცა ვიქტორ კაო, საერთაშორისო ურთიერთობების ჩინელი ექსპერტი და თარჯიმანი, ჯერაც ბავშვი იყო, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები ისეთი იშვიათობა იყო, რომ მათი გამოჩენისთანავე ბავშვები ტალახიან ქუჩაში მისდევდნენ, რათა ამ უცხო ხედით დიდი ხანი დამტკბარიყვნენ.

დღეს ჩინეთი ავტომობილების ყველაზე დიდი მწარმოებელია და აშშ-ზე თითქმის ორჯერ მეტ ავტომობილს აწარმოებს ყოველწლიურად.

„ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ საშუალო ჩინურ ოჯახს საკუთარი ავტომობილი ეყოლებოდა. ასევე, აზრადაც არ მომივიდოდა, რომ ჩინეთი  ავტომობილების წამყვანი მწარმოებელი იქნებოდა. მითუმეტეს, რომ ამ მაჩვენებლით აშშ-ს გადავუსწრებდით“ – აცხადებს ვიქტორ კაო.

ავტომობილების წარმოების სტატისტიკა ჩინეთში, აშშ-სა და იაპონიაში 2000-დან 2017 წლამდე

18 დეკემბეერს 40 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა დაიწყო რეფორმების გასაოცარი პერიოდი, რომლის მანძილზეც ღარიბი ქვეყანა ეკონომიკურ სუპერძალად იქცა. ეს პერიოდი საზოგადოებისთვის „რეფორმებისა და გახსნილობის“ ეტაპადაა ცნობილი.

ქალაქ შენჭენის ხედი 1982 წელს და დღეს

მაშინ, როცა ძლიერმა პოლიტიკოსმა და მომავალმა ლიდერმა ტენგ სიაოფინგმა მიმართა კომუნისტური პარტიის ლიდერებს 1978 წლის დეკემბერში, ჩინეთის მშპ მხოლოდ $150 მილიარდს შეადგენდა.

ორმოცი წლის შემდეგ, ეს მაჩვენებელი $12 ტრილიონს აჭარბებს და მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩამოუვარდება.  დღეს, როცა 40 წელზე მეტი გავიდა  რეფორმების დაწყებიდან, ჩინეთმა უნდა გადაწყვიტოს, რა ბედი ელის ეკონომიკური სასწაულის მემკვიდრეობას მომავალში.

ბუნებრივია, ეკონომიკური სუპერძალები ზეგავლენას ახდენენ ერთანეთის განვითარების გზებზე. დონალდ ტრამპის  პოზიციაა, რომ ჩინეთმა კიდევ უფრო უნდა გახსნას ეკონომიკური საზღვრები, როცა პრეზიდენტი სი ძინფინგი საზოგადოების ბევრი ასპექტის, მათ შორის ეკონომიკის, კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლის მომხრეა.

ტენგ სიაოფინგის ეპოქა

„რეფორმებისა და გახსნილობის“ ეპოქა ისეთი ცვლილებების მომტანი იყო, რომ ბევრს შეიძლება დაავიწყდეს, თუ  განვითარების რამხელა გზა განვლო ქვეყანამ ნახევარ საუკუნეზე უფრო მოკლე პერიოდში.

1978 წლის ჩინეთს ცოტა რამ თუ ჰქონდა საერთო დღევანდელთან.  ათწლეულების მანძილზე არასწორად დაგეგმილი ეკონომიკური თუ პოლიტიკური ნაბიჯების შედეგად ქვეყნის მოსახლეობის  დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვევით იყო.

დღეს ჩინეთი ფლობს მსოფლიო სიმდიდრის 10%-ს. ბოლო 20 წლის მანძილზე, ზრდასრული მოსახლეობის სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე გაოთხმაგდა და უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს წარმოადგენს. დღეს ჩინეთში 600 მილიარდელია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში.

ჩინეთის, აშშ-ს, იაპონიისა და დიდი ბრიტანეთის მშპ-ს ცვლილება 1960-2017 წლებში

ისტორიულად, რეფორმების დიდი ნაწილის ინიციატორად ტენგ სიაოფინგი ითვლება. ადამიანი, რომელმაც შეცვალა რიგითი ჩინელების ყოველდღიური ცხოვრება. ერთ-ერთ დიდ მიღწევად ითვლება ის ფაქტი, რომ მან შეძლო ერთპარტიული პოლიტიკური სისტემის შენარჩუნება და ამავდროულად მეტი თავისუფლება მიანიჭა ეკონომიკას და პიროვნული თავისუფლების რიგ ასპექტებს.

„არა აქვს მნიშვნელობა კატა შავია თუ თეთრი. მთავარია, მან თაგვი დაიჭიროს“ – ამბობდა ტენგ სიაოფინგი.

ქვეყანაში ცვლილებები მალევე გახდა საგრძნობი. ფერმერებმა დაიწყეს ჭარბად მქონე პროდუქტების გაყიდვა და დამატებითი მოგების ნახვა.  მეწარმეებმა საკუთარი ბიზნესებისთვის იდეალური სივრცეები – თავისუფალი ეკონომიკური ზონები იპოვეს, რამაც მათ გაუადვილა ბიზნესის კეთება.

1990 წელს ოფიციალურად გაიხსნა ჩინური საფონდო ბირჟა, რომელიც თავისუფალი ბაზრის კაპიტალიზმის სიმბოლოს წარმოადგენდა.

ვიქტორ კაო, რომელიც ტენგ სიაოფინგის თარჯიმნად მუშაობდა 1983-1988 წლებში, იხსენებს ყოფილი ლიდერის პრაგმატულ მიდგომებს.  „დენის მთავარი იდეა იყო, რომ აუცილებლად გამოგრჩებოდა მნიშვნელოვანი დეტალი, თუ ჩაიციკლებოდი სოციალიზმსა და კაპიტალიზმზე დებატებში.  მთავარი იყო ის, რაც იმუშავებდა და ჩინელ ხალხს მოუტანდა საჭმელს“.  ვიქტორ კაო დღეს პეკინში არსებული ჩინეთისა და გლობალიზაციის ცენტრის ვიცე პრეზიდენტია.

ის იხსენებს ტენგ სიაოფინგის და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის დირექტორ ჯონ ფელანთან შეხვედრას 1986 წელს. სწორედ ამ შეხვედრაზე მიმართა ჩინელმა ლიდერმა აშშ-ს  თხოვნით, დახმარებოდნენ საფონდო ბირჟის გამართვაში. ეს საკითხი კი იქამდე 1 წლით ადრე ტაბუირებულ თემად ითვლებოდა.

„ძალიან კარგად მახსოვს, რამდენად  უბრალო და თავმდაბალი იყო ტენგ სიაოფინგი. მან უთხრა ფელანს , რომ  ‘თქვენ, ამერიკელებმა იცით, როგორ გააკეთოთ ფული და ძალიან მდიდარი ხალხი ხართ. ჩვენ კი აქ, ჩინეთში საკმაოდ ღარიბი ხალხი გვყავს’,“ – აცხადებს ვიქტორ კაო.

ბრძოლა რეფორმებისთვის

დღეს ჩინეთი აღარ არის ღარიბი ქვეყანა. 2018 წელს, რეფორმების 40 წლის თავზე,  ჩინელ ხალხს მართლაც აქვს მიზეზი, რათა იზეიმონ.

პეკინში გახსნილია რეფორმებისა და გახნილობისადმი მიძღვნილი გამოფენა, რომელსაც ყოველდღიურად ათასობით ვიზიტორი სტუმრობს.  ზოგი ოთახი დათმობილია ჩინეთის სწრაფ ტექნოლოგიურ განვითარებას, მათ შორის კოსმოსურ პროგრამებსაც. ზოგგან კი გამოფენილია ყოფილი და ამჟამინდელი პარტიის ლიდერების ცნობილი ციტატები.

ბოლო პერიოდში მედია ხშირად წერს ორ ეკონომიკურ სუპერძალას – ჩინეთსა და ამერიკას შორის დაწყებულ სავაჭრო ომზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენამ ვერ გადაფარა რეფორმებისა და გახსნილობის 40 წლის  ზეიმი, როგორც ჩინურ, ასევე ამერიკულ მხარეს უწევთ საკუთარი ეკონომიკური კურსის სერიოზულად გადახედვა.

[:]