[:ka]
ჩინური კერძის ხსენებისას პირველი, რაც შეიძლება ნებისმიერ ქუჩაში გამვლელს გაახსენდეს არის ბრინჯი. შესაბამისად, ჩინურ რესტორნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ბრინჯი, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ბრინჯი ჩინურ კულტურაში ძირითადად გარნირს წარმოადგენს. გარნირის შეკვეთისას ან სახლში მომზადებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ აუცილებლად დაგჭირდებათ კერძი.
გარნირი, რომელის რეცეპტსაც სტატიაში შემოგთავაზებთ “ტან ჩაო ფვანი” (ჩინ. 蛋炒饭 Dàn chǎofàn) ეწოდება. მოცემული რეცეპტი არის გარნირის “ბრინჯი კვერცხით” კლასიკური ვარიანტი, თუმცა გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ ჩაამატოთ ბოსტნეული (მაგ. სტაფილო, ბარდა, ბულგარული და მწვანილები) ან მოამზადოთ ხორცით და ზღვის პროდუქტებით.
ინგრედიენტები:
4 თავი მწვანე ხახვი (细香葱 Xì xiāng cōng)
1ც კვერცხი (鸡蛋 Jīdàn)
სეზამის ზეთი გემოვნებით (芝麻油 Zhīmayóu)
1 ჩ/კ სოიოს სოუსი (酱油 Jiàngyóu) ან მიწისთხილის ზეთი (生油 Shēng yóu)
1 ჯამი მოხარშული ბრინჯი (米饭 Mǐfàn)
მარილი გემოვნებით (盐 Yán)
მომზადების დრო: 10 წთ სირთულე: მარტივი კერძის ტიპი: გარნირი ულუფა: 1
! მოსამზადებლად დაგჭირდებათ ღრმა ტაფა
1. გარეცხეთ მწვანე ხახვი, გაჭერით ორ ნაწილად.
თეთრი ნაწილი მოაჭერით და ცალკე განათავსეთ, ხახვის მწვანე ნაწილი კი დაჭერით წვრილად. გატეხეთ კვერცხი დაუმატეთ 1 ჩ/კ თბილი წყალი, მარილი გემოვნებით და კარგად ათქვიფეთ.
2. გააცხელეთ ღრმა ტაფა და დაასხით 1 ს/კ ზეთი. დაელოდეთ ზეთის გაცხელებას. დაამატეთ მწვანე ხახვის თეთრის თავები, მოთუშეთ და შემდეგ ამოიღეთ ტაფიდან.
3. ცხელ ტაფაზე დაასხით კვერცხი. როდესაც კვერცხი მსუბუქად შეიწვება, სწრაფად ამოურიეთ ჩხირებით საათის მიმართულებით და მოათავსეთ ტაფის ზედა კუთხეში.
4. მოხარშული ბრინჯი მოათავსეთ ტაფის შუაგულზე, ურიეთ კარგად მოთუშვამდე, დაუმატეთ სოიოს სოუსი ან მიწისთხილის ზეთი და ბოლოს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და მოასხით სეზამის ზეთი.
ამოურიეთ კარგად, ისე რომ კვერცხი და ხახვი თანაბრად განაწილდეს ბრინჯში. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ თქვენთვის სასურველი სანელებლები, შავი წიწაკა ან წითელი წიწაკა და სხვა.
5. ტაფა გადმოდგით ქურიდან. ბრინჯი გადაიღეთ ჯამში ან მოათავსეთ ბრტყელ თეფშზე და მიეცით მრგვალი ფორმა.
მეტი ულუფის მისაღებად ინგრედიენტები გააორმაგეთ.
გაითვალისწინეთ!
ბრინჯი წარმოადგენს გარნირს, ის არის პურის შემცვლელი, შესაბამისად ბრინჯისა და პურის ერთად მირთმევა, ან მხოლოდ ბრინჯის ჭამა იგივეა რაც მხოლოდ პური მიირთვათ.
სინომედია მომდევნო სტატიებში შემოგთავაზებთ იმ კერძების რეცეპტებს, რომელთან ერთადაც ჩინელები ბრინჯს მიირთმევნ.
მოგვწერეთ თქვენი სასურველი კერძები სინომედიის Facebook გვერდზე ან ელექტრონულ ფოსტაზე და ჩვენ მოგაწვდით საუკეთესო რეცეპტებს.
[:]